შპს „კავკასიის აკადემიური ცენტრის“ დამფუძნებელი, დავით ცეცხლაძე დიმიტრი შაშკინს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ დიმიტრი შაშკინმა კანონსაწინააღმდეგოდ გააუქმა „კავკასიის აკადამიურ ცენტრზე“ 5 წლის ვადით გაცემული გრიფირება და 2011 წლის 1 მარტს სასკოლო სახელმძღვანელოებზე „ფორმალური“ გრიფირება გამოაცხადა.
მისივე თქმით, გრიფირების გამოცხადებამდე დიმიტრი შაშკინი ბრიტანეთში ჩავიდა, სადაც მემორანდუმი ბრიტანულ კომპანია „მაკმილანთან“ გააფორმა. მისი თქმით, „მაკმილანთან“ გარიგებისას შაშკინის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ მხოლოდ მისი ლობირების ქვეშ მყოფი კომპანია „ინგლისური წიგნი საქართველოში“ ყოფილიყო წიგნების ერთადერთი ექსპორტიორი.
როგორც დავით ცეცხლაძემ აღნიშნა, შაშკინის მიერ 2011 წლის 1 მარტს გამოცხადებული სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების გამარჯვებული წინასწარ იყო ცნობილი. მისივე განცხადებით, გრიფირების მინიჭების სანაცვლოდ, დიმიტრი შაშკინმა კომპანიის 33% და 50 000 აშშ დოლარი მოითხოვა, რაზეც უარის მიღების შემდეგ, კომპანიის წინააღმდეგ ზურაბ ადეიშვილთან და ვანო მერაბიშვილთან ერთად პროვოკაცია დაგეგმა.
„გრიფირების გამოცხადებისთანავე ყოფილმა მინისტრმა შაშკინმა ზურაბ ადეიშვილთან და ვანო მერაბიშვილთან ერთად, „კავკასიის აკადემიური ცენტრის“ წინააღმდეგ პროვოკაცია დაგეგმა, რომელიც მიზნად გრიფირებისას კონკურენტის ჩამოშორებას ისახავდა. გრიფირების დასრულებამდე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა გაყალბებული, შეთითხნილი ბრალდებით დამაკავა.
„კავკასიის აკადემიური ცენტრის“ სრული განადგურების მიზნით კი, შაშკინმა ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება და პირადი მიზნებიდან გამომდინარე, უკანონოდ წაართვა „კავკასიის აკადემიურ ცენტრს“ უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების ავტორიზაცია და ასობით სტუდენტი სხვა უმაღლეს სასწავლებლებში გადაიყვანა“, - განაცხადა დავით ცეცხლაძემ.
ბიზნესმენს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ შაშკინის მფარველობის ქვეშ მყოფი კომპანია „ინგლისური წიგნი საქართველოში“ არის მონოპოლისტი და კომპანიას დღევანდელ ხელისუფლებაშიც ყავს მფარველი. ცეცხლაძის თქმით, მისთვის ცნობილია კონკრეტული პირების სახელები, რომლებიც ამ კომპანიას ლობირებენ, თუმცა ამ ეტაპზე მათი დასახელება არ სურს. მისი თქმით, თუ უმოკლეს ვადაში არ იქნება ცნობილი გამოძიების დეტალები, მაშინ საზოგადოებას და მედიას მათი ვინაობის გამჟღავნებას პირდება.
როგორც დავით ცეცხლაძემ აღნიშნა, მან 2012 წელს პროკურატურას მიმართა და ამ დროისათვის მას ინფორმაცია აქვს, რომ საქმეზე გამოძიება პრაქტიკულად დამთავრებულია.
ცეცხლაძემ მთავარ პროკურორს მიმართა, რომ გამოძიების შედეგები დროულად გახდეს ცნობილი. მთავარ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარებს, თუმცა გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე საქმის დეტალები არ ხმაურდება.
ცეცხლაძის ბრალდებას გამოეხმაურა თავად დიმიტრი შაშკინი. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ცეცხლაძის განცხადების საფუძველზე ერთი წელია მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც მისი თქმით, უნამუსოდ ცდილობს დააბრალოს, თითქოს, ცეცხლაძე და მისი კომპანია უსამართლოდ დაჩაგრეს.
„ეს მოუსვენარი ნაძირალა ცდილობს, პრესაშიც ჩირქი მოსცხოს ჩემს სახელს. 2011 წელს მან და მისმა პარტნიორებმა შემომთავაზეს ქრთამი 50 000 აშშ დოლარის ოდენობით და 50% წილი თავის კომპანიაში, მათი ინგლისური ენის სახელმძღვანელოებისთვის უპირატესობის მინიჭების სანაცვლოდ (იმ მომენტისათვის მას მთელი ბაზრის 1% ეჭირა). მსგავსი შეთავაზება მიიღეს სამინისტროს სხვა თანამშრომლებმა.
ამის შესახებ, საქმის კურსში ჩავაყენე იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრები და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დაგეგმა და განახორციელა სპეციალური ოპერაცია. განათლების სამინისტროში მივლინებული იყვნენ კუდ-ის ოფიცრები, რომლებიც ჩანერგილი იყვნენ სამინისტროს აპარატში და ამ ოფიცრებმა ქრთამის გადაცემის მომენტში დააკავეს კრიმინალი ცეცხლაძე. ეს ოპერაცია გადაღებული იყო ვიდეოფირზე. ხაზს ვუსვამ, ქრთამი გადაეცა კუდის ოფიცერს, ცეცხლაძეს ეგონა, რომ ის განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო და ეს ყველაფერი გადაღებულია კამერით.
რაც შეეხება იმას, რომ შაშკინმა გააფორმა უკანონო მემორანდუმი „მაკმილანის“ გამომცემლობასთან, - მემორანდუმი ახლაც ინახება განათლების სამინისტროში და მასში ნათქვამია, რომ საქართველო მიესალმება მსოფლიოს ყველაზე დიდი გამომცემლობის შემოსვლას საქართველოში. მემორანდუმი არ წარმოქმნის არანაირ ვალდებულებას და არის დეკლარაციული ხასიათის. ამგვარი მემორანდუმების რაოდენობა 100-ზე მეტია გაფორმებული, მაგალითად, რაგბის ასოციაციასთან, რომ სახელმწიფო მიესალმება მათ აქტიურობას და ა.შ.
„მაკმილანის“ და ოქსფორდის გამომცემლობები არიან ინგლისური ენის სახელმძღვანელოების ყველაზე მსხვილი გამომცემლები მსოფლიოში. როგორც ჩანს, ცეცხლაძეს ჰგონია, რომ ის უფრო მაგარი დეტექტივია, ვიდრე დიდი ბრიტანეთის სკოტლანდ იარდი. თუ მას აქვს რაიმე ფაქტები „მაკმილანის“ წინააღმდეგ, მე მოვუწოდებ, რომ გადასცეს ეს მასალები ინტერპოლს ან დიდი ბრიტანეთის საელჩოს“, - აცხადებს შაშკინი.
ყოფილი მინისტრი ასევე კატეგორიულად უარყოფს, რომ საქართველოში შემოტანილი ინგლისური ენის სახელმძღვანელოები განკუთვნილი იყო რუსეთის ბაზრისთვის.
ამასთან შაშკინი არ ადასტურებს, რომ „მაკმილანის“ და მისი პარტნიორების ფირმებში წილის მფლობელი ის და მისი მეუღლეა.
„ის ამ დასკვნას აკეთებს იმის საფუძველზე, რომ ერთ-ერთი კლასის სახელმძღვანელოში ინგლისურ ენაზე საუბარია გაგარინზე და ტერეშკოვაზე, როგორც პირველ კოსმონავტებზე. ამით, მე მგონი, ნათელი ხდება ამ ადამიანის ინტელექტუალური პოტენციალი. მე მხოლოდ ის მაკვირვებს, თუ რატომ არ აბამს ამ სახელმძღვანელოებს ჩინეთთან, რადგან იქ ასევე საუბარია ჩინეთის დიდ კედელზე.
ამ დიდი ტყუილების გარდა, კრიმინალმა ცეცხლაძემ თქვა კიდევ ბევრი პატარ-პატარა ტყუილი. მე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მზადყოფნას, ამ ტყუილებს ნებისმიერ ფორმატში პასუხი გავცე - იქნება ეს პროკურატურა, სატელევიზიო დებატები თუ სიცრუის დეტექტორი“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.