[ნიკა ასლანიძე]
საქართველოში დაბრუნებული ქართველი ემიგრანტები, რომ ძირითადად პირში ჩალაგამოვლებულები რჩებიან, ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ ამ ყველაფერს უკვე სტატისტიკური მონაცემებიც ამყარებს. ქართველი ემიგრანტების საზოგადოების ხელმძღვანელი ზვიად ყუშიტაშვილი აცხადებს, რომ მის საზოგადოებაში გაწევრიანებული 1800 ქართველი ემიგრანტიდან 1200-მა საქართველო უკვე დატოვა.
ყუშიტაშვილის თქმით, ქართველი ემიგრანტები პრეზიდენტის დაპირებას ენდნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ, თუმცა ისინი მოტყუვდნენ. ”ევროკავშირში გამოსვლისას პრეზიდენტი აცხადებს, ქართველი ემიგრანტები საქართველოში უნდა დავაბრუნოო. სინამდვილეში, ეს ტყუილია.
პირადად ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის დაპირებას ვენდეთ და საქართველოში ჩამოვედით, თუმცა სამუშაო ვერ ვიპოვეთ. დახმარების მიზნით საქართველოს პრეზიდენტს, დიასპორის სამინისტროს, პრემიერ-მინისტრს მივმართეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია” - აღნიშნა ყუშიტაშვილმა.
და ეს ხდება იმ ფონზე, რომედსაც ევროპაში თავშესაფრის მიღება სულ უფრო რთული ხდება. მიუხედავად ამისა, სამშობლოში მეტად გაუსაძლის პირობებში მყოფი ქართველები, მაინც ცდილობენ უცხოეთს მიაშურონ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ნებაყოფლობით დაბრუნების და რეინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორის რუსუდან იმნაიშვილის განცხადებით, ევროპაში არსებული კანონების მიხედვით, თავშესაფრის თხოვნაზე პირველი უარის მიღების შემდეგ მიგრანტს შეუძლია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება.
გასაჩივრების პერიოდში კი, რომელიც ზოგჯერ 2-3 წლის განმავლობაშიც კი გრძელდებოდა, იგი ადგილობრივი მთავრობისგან უფასო საცხოვრებელს და ფულად დახმარებას იღებს. ამ პერიოდში ბევრი ადამიანი სამსახურის დაწყებასაც კი ახერხებდა. თუმცა, ევროპამ ეს ვადები მკვეთრად შეზღუდა და 2-3 წლის ნაცვლად სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნული პერიოდი მხოლოდ 2-3 თვეს ან მხოლოდ რამდენიმე კვირას მოიცავს.
ნებაყოფლობით დაბრუნების და რეინტეგრაციის პროგრამა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს. ეს ქვეყნები დაბრუნების მსურველ მიგრანტებს გზის ხარჯებით უზრუნველყოფენ და თანხასაც აძლევენ, რათა სამშობლოში ადაპტაცია შეძლონ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია კი მათ ამ თანხის ეფექტურად გამოყენებასა და დასაქმებაში ეხმარება.
რაც შეეხება ქვეყნებიდან ნებაყოფლობით დაბრუნების სტატისტიკას, იგი სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევებში ასეთია: ირლანდიიდან 2006 წელს მხოლოდ 4-5 ადამიანი დაბრუნდა საქართველოში, შარშან კი უკვე 93 ადამიანი დაბრუნდა მშობელ მიწას. ეს დაბრუნებულთა რაოდენობის ყველაზე მკვეთრი მატებაა.
სანაცვლოდ, შვეიცარიიდან დაბრუნებულთა რაოდენობამ კი დაიკლო და წელს ამ ქვეყნიდან გასულ წლებთან შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლები რაოდენობის - 35 ადამიანი დაბრუნდა;
ბრიტანეთიდან დაბრუნებულთა რაოდენობა 23-ია, რაც წინა წლების ანალოგიური მაჩვენებელია; ყველაზე მეტი მიგრანტი - 383 ადამიანი კი პოლონეთიდან დაბრუნდა.
ქართველების უცხოეთში წასვლის სურვილის პარალელურად, იზრდება იქიდან დეპორტირებულების რაოდენობაც. უკვე პირველი მარტიდან, როდესაც ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი ამოქმედდება, არალეგალი ქართველების დეპორტაცია უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. მანამდე კი კრიზისულ ქვეყნებს ქართველები უკვე საკუთარი ნებით ტოვებენ, თუმცა მათ გეზი საქართველოსკენ სულაც არ აქვთ.
განსაკუთრებით რთული ვითარება საბერძნეთშია. ამ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ქვეყანა 50-60 ათასმა არალეგალმა ქართველმა დატოვა. მათი ერთი ნაწილი, უკეთესი სამუშაოს ძიების მიზნით, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადავიდა, ნაწილი კი სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა, აქ რომ ვერაფერი იხეირეს კვლავ ბებერ კონტინენტს მიაშურეს.