1-ლი ივნისიდან საქართველოს 6 რეგიონში მცხოვრები ყოველი მესამე შვილის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, კახეთი, იმერთი, გურია და მცხეთა-მთიანეთი ქვეყნის სხვა რეგიონებიდან იმით გამოარჩიეს, რომ აქ ადამიანთა გარდაცვალების შემთხვევები დაბადების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის თანახმად, მთიან რეგიონებში მცხოვრებლებისთვის დახმარების თანხა 200 ლარით განისაზღვრება, ბარში მცხოვრებთათვის - 150 ლარით. კომპენსაციას მშობელი მესამე ბავშვის დაბადებიდან 2 წლის განმავლობაში მიიღებს.
დემოგრაფიულ საკითხებზე სპეციალური სამთავრობო კომისია იმუშავებს, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. კომისიამ უნდა შეიმუშაოს დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის სახელმწიფო პროგრამა. ამ მიზნით კი, დემოგრაფიული განვითარების ფონდთან და ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ექსპერტთან ითანამშრომლებს.
დემოგრაფი, პროფესორი ანზორ თოთაძე for.ge-სთან საუბარში საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ სურათს საგანგაშოს უწოდებს.
„1941-45 წლების ომის დროსაც კი უფრო იყო მოსახლეობის მატება ვიდრე ახლა, შედარებით მშვიდობიანობის დროს არის. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა სამეგრელო-ზემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. 2000, 2011 და 2012 წლებში, ყოველწლიურად, კახეთში 400-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, იმერეთში - 569, გურიაში - 302, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 424. რაჭაში მოსახლეობის რიცხვი ისეც მცირეა და ეს განსაკუთრებით საგანგაშო რიცხვია. მე-19 საუკუნის ბოლოს რაჭაში თითქმის 80 ათასი კაცი ცხოვრობდა, ამჟამად 22 ათასი ცხოვრობს და, ძირითადად, მოხუცები. თუ საგანგებო გადაწყვეტილებას არ მივიღებდით ამ რეგიონებში და 10-15 წელიწადში რაჭა გაუკაცრიელდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ დემოგრაფიის კუთხით, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობა საქართველოშია“, - აცხადებს ანზორ თოთაძე.
მისივე განმარტებით, მთავრობის ახალი ინიციატივის შედეგად საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის კლება შეწყდება, შემდეგ კი დღის წესრიგში გამრავლების საკითხი დადგება.
„მოსახლეობის გამრავლებისთვის მნიშვნელობა აქვს მესამე ბავშვის გაჩენას. ქალმა თუ დაბადა ორი ბავშვი, მართალია, მან ამით აანაზღაურა მშობლები, მაგრამ ყველამ რომ ორი ბავშვი იყოლიოს, დიდი ხნის შემდეგ ასეთი ერი გაქრება, რადგან ბავშვების ნაწილი 1 წლამდე ასაკში კვდება, ყველა ბავშვი ვერც 18 წლის ასაკს აღწევს, გაცილებით მცირე რაოდენობა, მაგრამ მაინც გარდაიცვლება. ყველა ქალი არ გათხოვდება, ზოგიერთი უნაყოფოა და ა.შ. ამიტომ, ორი ბავშვი რომ დაბადოს ქალმა, არ არის საკმარისი. დემოგრაფიაში მიღებული და გაანგარიშებულია, რომ რამდენიც ვართ, მომავალში რომ იმდენი ვიყოთ, ქალმა უნდა დაბადოს 2,1 ბავშვი - ეს არის საშუალო მაჩვენებელი. როდესაც ერთ ოჯახში სამი ბავშვია და მეორეში - ორი, ეს ნიშნავს, რომ გაჩნდა ორნახევარი ბავშვი. როდესაც, სტატისტიკურად, ერთი ქალი დაბადებს 2,1 ბავშვს, ამ შემთხვევაში მოსახლეობა შეინარჩუნებს არსებულ რაოდენობას, ამის ზემოთ რაც გაჩნდება, უკვე არის მატება. თუ ყველა ოჯახში დაიბადა სამი ბავშვი, ეს უკვე არის მოსახლეობის გამრავლება“, - განმარტავს ანზორ თოთაძე.
For.ge-ს ინფორმაციით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, დიდი ალბათობით, მესამე ბავშვთან დაკავშირებული სახელმწიფო დახმარების პროექტი არ შეეხება მაღალი შემოსავლების მქონე ბავშვის ოჯახებს. კერძოდ, იმ ადამიანებს, ვინც საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელად მიიჩნევა. ოჯახის წევრად კი, მოქმედი კანონით, მიიჩნევა მშობელი, კანონიერი წარმომადგენელი, ასევე ბავშვთან ერთად მცხოვრები სრულწლოვანი ძმა, და, პაპა და ბებია. თუმცა, რეგიონებში რომლებშიც პირველ ეტაპზე სახელმწიფო დახმარება ამოქმედდება, მაღალშემოსავლიანი ოჯახების რიცხვი საკმაოდ მინიმალურია და, შესაბამისად, შეზღუდვა ბევრ ოჯახს არც შეეხება.
დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული უკანასკნელი მონაცემები 2012 წელს ეხება. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2012 წელს საქართველოში 57 031 ბავშვი დაიბადა. 2003 წლიდან 2012 წლამდე ქვეყანაში ყველაზე მეტი ბავშვი - 63 377 2009 წელს გაჩნდა. რაც შეეხება მესამე ბავშვის გაჩენის შესახებ სტატისტიკას - 2003 წელთან შედარებით 2012 წელს საქართველოში თითქმის ორჯერ მეტი მესამე ბავშვი გაჩნდა. ამ თვალსაზრისით, მატება განსაკუთრებით შესამჩნევი 2008 წლიდან გახდა. რაც, გარკვეულწილად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივასაც უკავშირდება.
ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით 2008 წელს, ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი, რომლის თანახმად, მშობლების სურვილის შემთხვევაში, იგი ჯვარდაწერილ ოჯახში დაბადებული ყოველი მესამე და მომდევნო შვილის ნათლია ხდება.
მთავრობა კი დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების მიზნით უკვე გადადგმულ ნაბიჯებად ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უფასო მშობიარობას და დეკრეტული შვებულებების 4-დან 6 თვემდე გაზრდასაც ასახელებს.