ჩინეთი ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებას იწყებს?! - ამ შინაარსის კითხვა პერიოდულად აქტიურდება ხოლმე. ამჯერად ეჭვებს ამძაფრებს ისიც, რომ ჩინეთის პარლამენტში განსახილველად შესულია კანონპოექტი, რომელიც ძალიან ჰგავს იმ კანონპოექტს, რომლითაც რუსეთი მანიპულირებს. კერძოდ, ისევე, როგორც რუსეთის სახელმწიფო დუმა განიხილავს ყირიმის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხს, ასევე, ჩინელები აპირებენ, იმსჯელონ დოკუმენტზე, რომელიც ჩინეთისთვის უცხო ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის მიერთებას შესაძლებელს ხდის. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამ ტერიტორიის მოსახელობა რეფერენდუმზე მსგავს გადაწყვეტილებას დააფიქსირებს.
გასაგებია, ჩინეთს ისტორიული მეხსიერება აწუხებდეს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩინელთა გამოფხიზლება რუსეთის საზიანოდ მოხდება და ამჟამინდელი რუსეთის ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიას შეეხება.
კანონპოექტი, რომლიც ჩინეთის პარლამენტს დეპუტატმა სუნ ვან ხანმა წარუდგინა, ფაქტობრივად, მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ანექსიას ითვალისწინებს. ანუ, საუბარია რუსეთის შორეულ აღმოსავლეთზე.
ამის პარალელურად, შესაძლოა, ჩინეთის მოქალაქეობის მიღება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გამარტივდეს. ეს ფაქტი რუსებისთვის მით უფრო საგანგაშოა, რომ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ჩინელების რაოდენობა სულ უფრო მატულობს.
თავის მხრივ, ჩინეთში აქტიურდება საუბრები ისტორიული ტერიტორიების დაბრუნების შესახებ, ვრცელდება ფოტოები, სადაც წითელი ხაზით ამჟამინდელი რუსეთ-ჩინეთის საზღვარია აღნიშნული, ხოლო იასამნისფრით ჩინეთის ისტორიული ტერიტორია.
ასეთი გააქტიურების მიუხედავად, ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე იგი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, თუკი უკრაინის კრიზისის საკითხთან დაკავშირებით, ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც რუსეთის ინტერესს დაზიანებს.
ჩინეთიდან მოსალოდნელი აგრესიის შესახებ სულ ახლახანს მოსკოვის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ალადინიც ალაპარაკდა. მისი თქმით, ჩინეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის ალბათობა 95 %-ია, თუ არა 99.9 %.
ამის თქმის საფუძველს ექსპერტს ის ფაქტი აძლევს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რუსეთის საზღვრებთან ფორსირებული ტემპით გზებს აშენებს. ახალი ინფრასტრუქტურა ჩინეთს რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, შეირაღებული ძალების სწრაფი გადასროლისთვის დასჭირდება. ამის საწინააღმდეგოდ რუსეთს არ ძალუძს, მოიგერიოს მჭიდროდ დასახლებული ჩინეთის აგრესია, რასაც შესაძლოა, შორეული აღმოსავლეთის და ციმბირის დაკარგვა მოჰყვეს. რუსეთი შორეულ აღმოსავლეთს ვერაფრით დაეხმარება, რადგან არმია დაშლილი და დემორალიზირებულია.
„საომარი მოქმედებების დაწყებიდან, ჩინეთის არმია ხაბაროვსკში ორ-სამ საათში იქნება, რადგან დიდი „უსურიისკის კუნძულების“ ნაწილი ჩინეთს ეკუთვნის, ნაწილი კი რუსეთს, რომელიც ხაბაროვსკის ცენტრში გადის. ადრე კუნძულებზე თავდაცვის ფარი იყო, თუმცა ახლა ის იქ აღარ არსებობს და ქალაქი თავდაცვის ზღუდის გარეშეა დარჩენილი“, - აცხადებს ალადინი.
მისი პროგნოზით, შორეული აღმოსავლეთი რუსეთს მოწყდება და ამ ტერიტორიის სამომავლო ბედი ჩინეთის მიერ რამდენიმე კვირაში გადაწყდება. უფრო მეტიც, ექსპერტი ფიქრობს, რომ ჩინეთი ომისთვის ემზადება და ყოველწლიურად სამხედრო ბიუჯეტს ზრდის, რაც უკვე 78 მილიონ დოლარს უტოლდება. ამას ემატება თანხის დაფარული ნაწილიც. ჩინეთის არმია და ფლოტი კი ყველაზე თანამედროვე შეიარაღებას ფლობს და ომის შემთხვევაში, ჩინეთმა შესაძლოა, 200 მილიონი შეიარაღებული ჯარისკაცი გამოიყვანოს.
ალადინის ვერსიას იზიარებს სამხედრო პოლიტიკური ექსპერტი ალექსანდრე ხრამჩიხინიც, თუმცა ცოტა განსხვავებულად უყურებს ვითარებას. მისი თქმით, ჩინეთის სურვილი, შეიჭრას შორეულ აღმოსავლეთში, ძალიან დიდია, თუმცა ამ ეტაპზე ამას ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზის გამო უახლოესი 10 წლის განმავლობაში ვერ მოახერხებს. ტაივანის საკითხის გადაჭრის შემდეგ კი, ჩინელები რუსეთით სერიოზულად დაკავდებიან.
თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის მზარდ პოტენციალს, უახლოეს ათწლეულებში ჩინეთი აშშ-ის საპირწონე ზესახელმწიფო შესაძლოა, ვერ გახდეს, მაგრამ ის სრულიად განსხვავებული ზესახელმწიფო იქნება მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე. ამიტომ ელის თუ არა რუსეთს ამ მხრივ გამოწვევები?!
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ ისტორიული მეხსიერება არსებობს და აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ჩინეთი რუსეთს თავისი ტერიტორიული პრეტენზიების სრულ ანგარიშს წარუდგენს. ეს იდეა მიმზიდველია საქართველოსა და უკრაინისთვის და ეს იქნებოდა ღმერთის საჩუქარი ჩვენთვის რუსეთისგან ზეწოლის ასაცილებლად. თუმცა, ამ ეტაპზე, მოულოდნელია, რომ ხელისუფლების დონეზე ჩინეთმა სწორედ ახლა წამოსწიოს ეს პრობლემა.
პოლიტოლოგის თქმით, ისტორიაში ცნობილია პერიოდი, როცა ჩინეთსა და რუსეთს შორის დაიდო არათანაბარი, არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულებები მე-19 საუკუნეში. მაშინ რუსეთმა მთელი ამურისპირეთი, პორტ-არტური და სხვა ტერიტორიები მიისაკუთრა, თანაც ხელშეკრულების საფუძველზე. კომუნისტური რეჟიმის დროს ჩინეთმა ეს თემა წინ წამოსწია. არასრული და არასრულუფლებიანი ხელშეკრულებები რამდენჯერმე გახდა შეიარაღებული კონფლიქტის მიზეზი, საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის არმიებს შორის მდინარე ამურზე მდებარე კუნძულზე 70-იან წლებში სისხლიც დაიღვარა. ამის შემდეგ დაიდო ჩინეთსა და ახალ რუსეთს შორის ხელშეკრულებები.
„თუმცა ახლა ჩინეთმა მხარი დაუჭირა რუსეთს და არაპირდაპირ თქვა, რომ მისთვის გასაგებია რუსეთის პრეტენზიები ყირიმთან დაკავშირებით, მაგრამ ეს პუტინს ბუმერანგად დაუბრუნდება. რუსეთ-ჩინეთს შორის ძალზე აქტიური სავაჭრო ურთიერთობებია. მალე დასრულდება გაზპრომის გაზსადენის პროექტი, რომლითაც ჩინეთმა გაზი უნდა მიიღოს რუსეთისგან. ამიტომ გამოვრიცხავ, რომ ჩინეთის პრაგმატულმა ხელისუფლებამ, სანამ ის ენერგეტიკულ პრობლემებს არ გადაწყვეტს და რუსული გაზის იმედზეა, ბარიკადები აღმართოს რუსეთის წინააღმდეგ“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
მისი განმარტებით, დღესდღეობით ჩინეთი ცდილობს, თავისი ტერიტორიების დაბრუნებას, ოღონდ ჩინელების იქ ჩასახლებით. უკვე 2 მილიარდს გადააჭარბა ჩინურმა მოსახლეობამ შორეულ აღმოსავლეთში, რაც გეოგრაფიული პროგრესიით იზრდება. საქართველოში განგაშს ტეხავენ ჩინელების ჩამოსახლების გამო, მაგრამ, პოლიტოლოგის თქმით, ეს მზესუმზურაა იმასთან შედარებით, რაც დღევანდელი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ხდება.
„ყოველთვიურად შორეულ აღმოსავლეთში რამდენიმე ათეული ათასი ჩინელი ლეგალურად გადადის, იწყებს თავის ბიზნესს და რაც საინტერესოა, ამ რეგიონების რუსული ადმინისტრაცია ძალზე კმაყოფილია. კმაყოფილია იმიტომ, რომ ჩინელები მუშაობენ, გადასახადს იხდიან და ბიუჯეტს ავსებენ. ამ ფონზე რუსები ლოთობენ, არ მუშაობენ, ბანდიტობენ, გადასახადებს არ იხდიან. ამიტომ ჩინელთა მოძალების შეჩერებას რუსები არ აპირებენ. იციან, რომ ეს ჯერჯერობით მომგებიანია. არც რუსეთია ხელებდაკრეფილი. სამაგიეროდ, რუსეთს აქვს თავისი პროექტი და შორეული აღმოსავლეთის ათვისების სამინისტროც კი დააარსა პუტინმა. მილიარდობით რუბლები მიდის აღმოსავლეთში, რომ როგორმე იქ რუსული მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდოს. თუმცა ეს ზღაპარია. რუსული მოსახლეობის ჩასახლების იდეა თავის დროზე ხრუშჩოვის იდეაც იყო, მაგრამ რუსი მოსახლეობა თვითონ ცენტრალურ რუსეთსაც ვეღარ ავსებს, შორეულ აღმოსავლეთში სად აქვთ ამის შესაძლებლობა?“, - მიიჩნევს სოსო ცინცაძე.
For.ge-სთან საუბარში ექსპერტი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ შორეულ აღმოსავლეთში ათეულობით მილიონი ჩინელი ცხოვრობს. ამის მიუხედავად, საეჭვოა, ჩინეთს აწყობდეს რუსეთთან კონფლიქტი, რადგან ჩინეთი და რუსეთი ერთიან პოზიციას იკავებენ ყირიმის საკითხთან, ასევე, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებში ჩინეთისა და რუსეთის პოზიციები თანხვედრაშია. გარდა ამისა, ორივე ქვეყანა შანხაის ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია. ეს ორგანიზაცია 2000 წელს დაფუძნდა. იგი არ გახლავთ სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, თუმცა რუსეთი და ჩინეთი, ცენტრალური აზიის ოთხ რესპუბლიკასთან ერთად, ამ ორგანიზაციის წევრები არიან. ამ ორგანიზაციის მიზანია ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ სფეროებში თანამშრომლობა, თუმცა არც სამხედრო სფეროში თანამშრომლობა გამოირიცხება. უბრალოდ, ეს არ არის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია.
„ორივე ქვეყანას მეტ-ნაკლებად ანტიდასავლური პოზიცია უჭირავს. რუსეთი უფრო ანტიდასავლურია, ვიდრე ჩინეთი, რადგან ჩინეთი მაინც ინტეგრირებულია საერთაშორისო ვაჭრობაში და ამერიკასთან მისი სავაჭრო ბრუნვა 300 მილიარდ დოლარს აჭარბებს. თავის დროზე, ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში, ჩინეთსა და მოსკოვის დიდ სამთავროს შორის ე.წ. ნერჩინსკის ხელშეკრულება გაფორმდა, რითაც დასრულდა ომი რუსეთის იმპერიასა და ცინის (ჩინეთის უკანასკნელი საიმპერატორო დინასტია) იმპერიას შორის. მოგვიანებით, სსრკ-სა და ჩინეთს შორის იყო გარკვეული კონფლიქტები. მაგალითად, 1967 წელს სასაზღვრო ინციდენტი მოხდა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდა. ამის მიუხედავად, ჩინეთს არ უნდა აწყობდეს, დაიწყოს საომარი მოქმედებები რუსეთის წინააღმდეგ. მით უმტეს, ამას ემატება, რომ ბირთული იარაღის მხრივ რუსეთს ჩინეთთან მიმართებით უპირატესობა გააჩნია. რა თქმა უნდა, იმის დაშვება შესაძლებელია, რომ ჩინეთს ისტორიული მეხსიერება ამოუტივტივდეს და მოინდომოს ტერიტორიების დაბრუნება. მაგალითად, ნატოს შტაბ-ბინაში მომუშავე ერთ-ერთი ბერძენი მეცნიერი 2028 წლისთვის ჩინეთსა და ინდოეთს შორის ომსაც ვარაუდობს. მართლაც იყო რამდენიმე სადაო ტერიტორია ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროიდან, რუსეთს იჯარით ჰქონდა აღებული ჩინეთის გარკვეული ტერიტორია, მაგრამ დღესდღეობით, პირველ რიგში, ჩინეთს საკუთარი პრობლემები აქვს, რომელიც მის ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
მანვე განმარტა, რომ 1949 წლიდან ჩინეთის ცენტრალური კომუნისტური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ტაივანს, ასევე, - ფორმოზას კუნძულს. გარდა ამისა, პრობლემებია ტიბეტთან დაკავშირებითაც, რომელიც ჩინეთმა 1951 წელს შემოიერთა. ჩინეთში შედის ხუთი ავტონომიური ოლქი, მათ შორის, მუსლიმანი მოსახლეობით დასახლებული და სხვა. აქედან გამომდინარე, ჩინეთი პრიორიტეტს ტაივანის, ტიბეტის თუ ყვითელ ზღვაში იაპონიასთან სადაო კუნძულების პრობლემის გადაწყვეტას მიანიჭებს.