თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი და საკანონმდებლო ორგანოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფირუაშვილი მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც უკვე 2 თვეა, ვაკის პარკში ყოფილ რესტორან „ბუდაპეშტის“ ტერიტორიაზე შვიდსართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აქციის მონაწილეებს განუმარტა, მერიის მხრიდან ანალოგიურ ფართებზე ისე ხდებოდა მშენებლობის ნებართვების გაცემა, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არ იყო შესწავლილი.
,,ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, პირველ რიგში აუცილებელია ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ბიზნესი კარგია, მაგრამ უჰაეროდ ცხოვრება შეუძლებელია“,- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა და ვითარების ძირეულად შესასწავლად აქციის მონაწილეები 14 მარტს საკრებულოში დაიბარა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე მოძრაობის წევრებთან ერთად მიწვეულნი იქნებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, სადაც მხარეებს საშუალება ექნებათ იმსჯელონ და კანონის ფარგლებში მინიმუმადე დაიყვანონ აღნიშნული პრობლემა, ისე, რომ არც ინვესტორი დაზარალდეს და არც გარემო.
საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე არასწორად მიიჩნევს ვაკის პარკში რაიმე ობიექტის განთავსებას და აცხადებს, რომ მიმდებარე ტერიტორია თბილისელებისთვის მოსასვენებელ ადგილს ექვემდებარება.
როგორც კახაბერ ფირუაშვილმა აღნიშნა, ინვესტორისთვის სხვა ფართის შეთავაზება მერიის პრეროგატივაა, თუმცა საკრებულოს დეპუტატები სხდომაზე აუცილებლად წამოაყენებენ ამ საკითხს და თბილისის მთავრობას მშენებლებისთვის ალტერნატიული მიწის გამოყოფას სთხოვენ.
შეხვედრა საკრებულოში 14 მარტს 12:00 საათზე გაიმართება.