ილია მეორე ეკლესიების იერარქიაში (საეკლესიო დიპტიქი) საქართველოს ეკლესიის კუთვნილი ადგილის დაბრუნებას ითხოვს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სტამბოლში, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში პანორთოდოქსულ შეკრებაზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასაც შეეხო. უწმინდესის მიმართვის ტექსტი ასეთია:
„ფრიად ვწუხვართ იმის გამო, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჯერ კიდევ თავისი კუთვნილი ადგილი არ უკავია კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიქში. თუ ეს არ გამოსწორდება და თუ ყველა თემა არ იქნება შეტანილი მომავალი კრების განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში, ჩვენთვის მასში მონაწილეობის მიღება ძალიან რთული იქნება.
მოგეხსენებათ ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ეს არის ღია ჭრილობები საქართველოს სხეულზე. ირღვევა საეკლესიო კანონიკური ნორმებიც, როდესაც სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენლები ჩვენთან შეუთანხმებლად და ჩვენი ნებართვის გარეშე ჩადიან აფხაზეთის ეპარქიაში, რომელიც, ცხინვალის რეგიონთან ერთად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის განუყოფელი ნაწილია.
მე არ შემიძლია თქვენ წინაშე არ დავაფიქსირო ის ფაქტი, რომ საქართველოს ამ ორივე ეპარქიიდან 370 000-ზე მეტი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირია, რომლებიც დღეს ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე იმყოფებიან, პრობლემურია ადგილზე დარჩენილთა მდგომარეობაც,“ - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პატრიარქის თქმით, როგორც წესი, მსოფლიო კრებების მოწვევა ხდებოდა ხოლმე მწვალებლობისაგან ეკლესიის დაცვის და ჭეშმარიტი სწავლების განმტკიცების მიზნით. სამომავლოდ გასამართი დიდი კრება კი სხვა სახისაა, მისი მოწვევის საფუძველი და მიზეზი სულ სხვა არის. კერძოდ, დიდი კრების მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს მართლმადიდებელთა ერთობა. ამიტომაც საქართველოს პატრიარქს აუცილებელ პირობად მიაჩნია, ეს შეკრება ჩატარდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხზე კონსენსუსის მიღწევა და ყველას ინტერესის გათვალისწინება მოხდება. ეს არის რეალური გარანტია იმისა, რომ აღნიშნული კრება არ იქცეს ეკლესიათა შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზად და დამაბრკოლებლად მსოფლიოს წინაშე.
საინტერესოა, თუ რამ გამოიწვია ჩვენი პატრიარქის პრინციპული პოზიცია საქართველოს ეკლესიის კუთვნილი ადგილის დაბრუნებასთან დაკავშირებით?!
საქმე ისაა, რომ ავტოკეფალურ ეკლესიათა დიპტიქი ეკლესიათა სიძველეს და მის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს და ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი ადგილი აქვს მინიჭებული. ისტორიულად, საქართველოს ადგილი დიპტიქში მეხუთე იყო (იერუსალიმის შემდეგ). ამჯერად საქართველოს ეკლესიას მეექვსე ადგილი უჭირავს დიპტიქში, რაც ისტორიული ადგილი არაა. თუ მანამდე საქართველოს შემდეგ მოდიოდა მოსკოვის საპატრიარქო, ავტოკეფალიის დაკარგვის შემდეგ რუსეთმა წინ წაიწია და საქართველო ამოვარდა.
აღსანიშნავია, რომ ავტოკეფალიის აღდგენისა და მოგვიანებით კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ აღიარების დროს საკითხი დაისვა იმის შესახებ, თუ რა ადგილი უნდა დაეკავებინა საქართველოს ეკლესიას დიპტიქში. კონსტანტინოპოლმა საქართველო ოდითგანვე ავტოკეფალურად აღიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლოგიკურად, საქართველოს ადგილი კვლავაც მეხუთე უნდა ყოფილიყო, თუმცა დღემდე საქართველოს ადგილი დიპტიქში განსაზღვრული არაა.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების შექმნის პროცესი მეოთხე საუკუნიდან იწყება. პირველი ავტოკეფალური მთავარი ეკლესია რომის ეკლესია იყო, შემდეგ იყო ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის ეკლესიები, რომელთაც ჰქონდათ ავტოკეფალია. მე-11 საუკუნიდან რომის ეკლესია გავიდა სქიზმაში და დარჩა ოთხი ბერძნული ეკლესია და პლუს მეხუთე - საქართველოს ეკლესია. ანუ, 1054 წელს რომის ეკლესიის გაყოფის შემდეგ საქართველოს ეკლესიის წინ უკვე ანტიოქია, ალექსანდრია, იერუსალიმი და კონსტანტინეპოლი იყო. ასე რომ, ისტორიულად ჩვენი ადგილი მეხუთე იყო. თუმცა მე-16 საუკუნეში, რუსეთის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეკლესიის კუთვნილი მეხუთე ადგილი რუსეთის ეკლესიამ დაიკავა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ მეხუთე ადგილი მიაკუთვნა მოსკოვის საპატრიარქოს. იმ პერიოდში ჩვენი ქვეყანა დაშლილ-დაქუცმაცებული იყო და თავი არ გვქონდა, ამაზე ხმა ამოგვეღო.
მოგვიანებით, 1811 წელს რუსეთმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და 1917 წლამდე ჩვენი ეკლესია, ფაქტობრივად, რუსეთის სინოდს ექვემდებარებოდა. იმ დროს დიპტიქის საკითხი საერთოდ აღარ არსებობდა. 1917 წლის 12 მარტს ძვ.სტილით, ხოლო ახ. სტილით 25 მარტს ჩვენმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია და მართლმადიდებელ მსოფლიოს მიმართა, ეღიარებინათ ჩვენი ისტორიული ავტოკეფალია. თუმცა ეს პროცესი მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში გახანგრძლივდა. 1943 წელს რუსეთის ეკლესიამ აღიარა ჩვენი ეკლესიის ისტორიული და ტერიტორიული ავტოკეფალია და დიპტიქში მეექვსე ადგილი მიგვიჩინა. ამ დროს რუსეთს თვითონ უკვე მეხუთე ადგილი ჰქონდა.
„მართლმადიდებელი ეკლესიები, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაურობით, საერთოდ არ აღიარებდნენ ჩვენს ისტორიულ ავტოკეფალიას. ისინი გვეუბნებოდნენ, ჩვენ ვაღიარებთ, რომ თქვენ 1917 წელს მოიპოვეთ ავტოკეფალიაო. ამას ჩვენი ეკლესია არ თანხმდებოდა. განსაკუთრებული, დიდი შრომა და ღვაწლი ამ საქმეს დასდო მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ილია მეორემ, რომელიც ჯერ შემოქმედელი ეპისკოპოსობის ჟამს, 1963 წლიდან, შემდეგ საქართველოს ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარეობიდან, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტობის ჟამს, ამ საკითხებით იყო დაინტერესებული. როცა პატრიარქად აირჩიეს, ქართველ მეცნიერებთან, სწავლულებთან ერთად დაიწყო იმ დოკუმენტების მოძიება, რომელიც ჩვენი ეკლესიის ისტორიულ ავტოკეფალიას ადასტურებდა და დიპტიქში ჩვენს მეხუთე ადგილს განსაზღვრავდა. მაგრამ მეხუთე ადგილი უკვე რუსებს ეკავათ და, რადგან რუსებმა ჩვენი მეექვსე ადგილისკენ მოუწოდეს მართლმადიდებელ ეკლესიებსაც, წავიდა ეს პროცესი. 1990 წლის 4 მარტს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა ჩვენი ისტორიული ავტოკეფალია, მაგრამ ჩვენი ეკლესიის დიპტიქის, ანუ მეექვსე ადგილის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიებისგან აღიარების საკითხი ღიად დარჩა. მართლმადიდებელი სამყაროს ზოგიერთი ეკლესია აღიარებს ჩვენი ეკლესიის მეექვსე ადგილს, ზოგიერთი არ აღიარებს და ეს არის სადაო. მერვე ადგილზე ვართ ზოგიერთი ეკლესიის ჩამონათვალში. სწორედ ამის გამო მისმა უწმინდესობამ ხაზგასმით აღნიშნა, თუ ჩვენი ეკლესიის ისტორიულ ავტოკეფალიას დიპტიქში არ აღიარებენ მართლმადიდებელი ეკლესიები, უპირველეს ყოვლისა, კონსტანტინეპოლის საპატრიარქო, მაშინ სათუო იქნება ჩვენი მონაწილეობა იმ საეკლესიო კრებაში, რომელიც 2016 წელს უნდა გაიმართოს“, - აღნიშნა სერგო ვარდოსანიძემ.
მისი თქმით, ჯერ კიდევ ორი წელია დარჩენილი და, რადგან მართმადიდებელ ეკლესიათა მეთაურები შეუდგნენ ამ საკითხებზე სერიოზულ მსჯელობას, ალბათ, კონსენსუსიც შედგება.
გარდა ამისა, სერგო ვარდოსანიძემ განმარტა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, არცთუ იშვიათად, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის გვერდის ავლით შედიან სხვა ეკლესიის წარმომადგენლები, რაც ყოვლად მიუღებელია. ამიტომაც პატრიარქმა პრინციპული პოზიცია დაიკავა და მოუწოდა მართლმადიდებელ ეკლესიებს, თავი შეიკავონ ასეთი ქმედებისგან. ეს კი ირიბად ეხებოდა რუსეთის ეკლესიას და, ასევე, ეხებოდა თვითონ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს.
თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ჩვენი ეკლესიისთვის მეექვსე ადგილის მოპოვებაც კი რთულია. მეექვსე ადგილი რომ მივიღოთ, ამისთვის სხვა ეკლესიების რიგითობა უნდა გადაიწიოს და ყველამ თითო ადგილით უნდა ჩაიჩოჩოს.
„საქართველოს სურს, მსოფლიო პატრიარქების მოხსენიების დროს მეექვსე ადგილზე იყოს, ჩვენ თვითონ ასე ვიხსენიებთ ჩვენს თავს, მაგრამ მეექვსეზე რომ მოგვიხსენიოს მსოფლიოს პატრიარქმა, მაშინ უნდა ერთით გადასწიოს სერბეთიც, ბულგარეთიც და სხვა ეკლესიები. ალბათ, ისინი ამაზე თანახმა არ არიან“, - აღნიშნა ლევან აბაშიძემ.
რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემას, რასაც ჩვენი პატრიარქიც გამოეხმაურა, თეოლოგი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკლესიამ რაღაცნაირად ამ საკითხის დროებითი გადაწყვეტის გზა უნდა გამონახოს. გასაგებია, რომ თვითონ ვერ შედიან ჩვენი ეპოსკოპოსები და მღვდლები აფხაზეთში, რადგან მათ არავინ უშვებს, მაგრამ არ შეიძლება, დატოვო იქაური აფხაზი, რუსი თუ გალელი ქართველი წირვა-ლოცვის გარეშე. ამიტომ ჩვენმა ეკლესიამ იქ ან ბერძნული ეკლესია უნდა შეუშვას, ან მსოფლიო საპატრიარქო, ან სხვა ეკლესია.
„არავინ უარყოფს, რომ დამპყრობი სახელმწიფოს, რუსული ეკლესიის მღვდლები შედიან ჩვენს ეკლესიებში, ეს დარღვევაა, მაგრამ შენ რას აკეთებ იმისთვის, რომ ეს ხალხი არ დარჩეს წირვა-ლოცვის გარეშე? მე არ ვამართლებ არავის, ვინც იქ შედის, უბრალოდ, ვამბობ, რომ ჩვენი ეკლესიის პოზიცია კონსტრუქციული უნდა იყოს. ვთქვათ, ათი წელი კიდევ ვერ დავიბრუნეთ აფხაზეთი, იმ ათ წელიწადში იმ ხალხმა რა გააკეთოს? ზიარების გარეშე გარდაიცვალნონ იქაური მართლმადიდებლები? სტერილური უნდა იყოს ის ტერიტორია?“, - აცხადებს თეოლოგი.
***
რაც შეეხება მართლმადიდებელი ეკლესიის დიპტიქს, ასეთი განრიგით მოიხსენიებენ მსოფლიო ეკლესიების წინამძღვრებს.
1. მისი ყოვლადუწმინდესობა – არქიეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის – ახალი რომის და მსოფლიო (ეკუმენური) პატრიარქი – ბართლომეოს I
2. მისი უნეტარესობა – პაპი და პატრიარქი დიდი ალექსანდრიის, ლიბიის, პენტაპოლისის (ხუთქალაქის), ეთიოპიის, სრულიად ეგვიპტის და სრულიად აფრიკის, მამათა მამა, მწყემსთა მწყემსი, მღვდელთმთავართა მღვდელთმთავარი, მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული – თეოდოროს III
3. მისი უნეტარესობა – პატრიარქი ღვთის ქალაქის ანტიოქიის, სირიის, მესოპოტამიის, კალიკიის და სრულიად აღმოსავლეთის – იგნატიუს IV
4. მისი უნეტარესობა – პატრიარქი წიმინდა ქალაქ იერუსალემის და სრულიად პალესტინის, სირიის, იორდანის მიწების, გალილეის კანის და წმინდა სიონის, მცველი წმინდა საფლავის – თეოფილიოს III
5. მისი უწმინდესობა – პატრიარქი მოსკოვის და სრულიად რუსეთის – კირილე I
6. მისი უწმინდესობა და უნეტარესობა – სრულიად საქართვლოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთის და ცხუმ-აფხზეთის მიტროპოლიტი – ილია II
7. მისი უწმინდესობა – არქიეპისკოპოსი პეჩის, მიტროპოლიტი ბელგრადის და კარლოვცის და პატრიარქი სერბეთის – ირინეოსი
8. მისი უნეტარესობა – არქიეპისკოპოსი ბუქარესტის, მიტროპოლიტი მუნტენიის და დობრუჯის, მოსაყდრე კესარია-კაპადოკიის და პატრიარქი რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის – დანიელი
9. მისი უწმინდესობა – პატრიარქი ბულგარეთის და მიტროპოლიტი სოფიის, მაქსიმე
10. მისი უნეტარესობა – არქიეპისკოპოსი ახალი იუსტინიანასი და სრულიად კვიპროსის – ქრიზოსტომოს II
11. მისი უნეტარესობა – არქიეპისკოპოსი ათენის და სრულიად საბერძნეთის (ელადის) იერონიმოს II
12. მისი უნეტარესობა – არქიეპისკოპოსი ტირანისა და ალბანეთის და მიტროპოლიტი დურესის და ელბასანის – ანასტასიოსი
13. მისი უნეტარესობა – არქიეპისკოპოსი ვარშავის და მიტროპოლიტი სრულიად პოლონეთის – საბა
14. მისი უნეტარესობა – მიტროპოლიტი ჩეხეთის და სლოვაკეთის და არქიეპიკსოპოსი პრაღის – ქრისტეფორე (ქრისტოფერი)
15. მისი უნეტარესობა – არქიეპისკოპოსი ვაშინგტონის და სრულიად ამერიკის და კანადის მიტროპოლიტი – იონა