მრავალწლიანი მსჯელობის შემდეგ სააკაშვილისეული სიმახინჯე - ე.წ. „რიყის დოქები“ დედაქალაქის ცენტრიდან აღიგვება. მის ადგილას სასტუმრო აშენდება, რომელიც ძველი თბილისის იერსახეს შეერწყმება. ამის შესახებ ირკვევა მთავრობის 6 მაისის განკარგულებიდან, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „რიყე დომს“ შორის 2022 წელს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების მიხედვით, ადგილზე სასტუმროს აშენება მოიცავს სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებასაც.
დოკუმენტის თანახმად, „რიყე დომს“ ადგილზე არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის უფლება ექნება მას შემდეგ, რაც ქონების ეროვნულ სააგენტოს სამხარაულის მიერ დადგენილ დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალების საორიენტაციო საბაზრო ღირებულებას წარადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს „რიყის დოქების“ ადგილას სასტუმროს მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება. საპრივატიზაციო პირობებით, განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 44 მილიონი ლარით, ვადა კი 10 წლით განისაზღვრა.
„მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის შესახებ თბილისის მერიის გადაწყვეტილებას შეეხებოდა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყურადღება მიექცევა იმას, რომ „რიყის დოქების“ ნაცვლად, განსახორციელებელი პროექტი, ძველი თბილისის გარემოსთან იყოს შერწყმული.
„ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება იმ ადგილზე, იყოს ჰარმონიულად შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე - ხომ არ იგეგმება მშვიდობის ხიდთან დაკავშირებითაც იგივე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი იგეგმება.
„არა, არავითარ შემთხვევაში! აქ საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მახინჯი დოქების ადგილზე“, - აღნიშნა მან.
პრემიერის შემდეგ, „რიყის დოქების“ დემონტაჟი კახა კალაძემაც დაადასტურა. როგორც მან აღნიშნა, შენობა ქალაქის ურბანულ განვითარებაში არ ჯდება და „ნაგვის ბუდეა“. ძველი ნაგებობის ადგილას ახალი, ფუნქციონალური პროექტი უნდა განხორციელდეს.
„არანაირად არ ჯდება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, არის უფუნქციო, ყველანაირად მოუწესრიგებელი, ნაგვის ბუდე და შესაბამისად, საჭიროა კარგი პროექტის განვითარება, რომელიც ურბანულადაც ლამაზად ჩაჯდება აღნიშნულ არეალში და იქნება ფუნქციონალური. მოხდება მისი დემონტაჟი და იგივე მოცულობის პროექტი განხორციელდება, შეიძლება იყოს სხვა ფორმით“, - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, არ იგულისხმება ახალი ტერიტორიის გამოყოფა, არამედ „რიყის დოქების“ ადგილას უნდა აშენდეს ახალი შენობა. კითხვაზე, თუ რა დანიშნულების ნაგებობა შეიძლება იყოს, კალაძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა, სასტუმროც აშენდეს.
„ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ ახალი ტერიტორია უნდა გამოიყოს და იქ უნდა აშენდეს ახალი შენობა?! აღნიშნული სიმახინჯის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს და მის ადგილზე, სადაც იდგა შენობა-ნაგებობა, იგივე მოცულობის ახალი პროექტი გაკეთდეს... შეიძლება, თუნდაც, სასტუმროც. ვნახავთ, გავივლით“, - დასძინა თბილისის მერმა.
სახელმწიფოს მიერ აუქციონზე არაერთხელ გამოტანილი „რიყის დოქები, 2022 წლის მარტში ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა 10 020 000 ლარად იყიდა. ბიზნესმენის კომპანიას 2025 წლის 24 მარტამდე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და აქ ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი უნდა გაეხსნა. თუმცა 2022 წლის დეკემბერშივე ხიდაშელმა განაცხადა, რომ ობიექტის 50%-ს ყიდდა, თუმცა 2025 წლის მაისამდე „რიყის დოქები“ სრულად კვლავ მის მფლობელობაში იყო.
2025 წლის 5 მაისს ცნობილი გახდა, რომ დავით ხიდაშელმა „რიყის დოქები“ გაყიდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მისი მფლობელი შპს „რიყე დომ“ გახდა. სამეწარმეო რეესტრში „რიყე დომ“ 2025 წლის მარტში დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ ნ.გ.ბ“ არის, ხოლო დირექტორია მიხეილ ტყეშელაშვილი. თავის მხრივ, შპს „ნ.გ.ბ.“ - მესაკუთრე და დირექტორი თორნიკე კოპალიანია.