ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ინფორმაციით, დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის წამების ორგანიზების ბრალდება მოეხსნა. ზაქარეიშვილის განცხადებით, ბრალდების მოხსნის გადაწყვეტილება პროკურატურამ მიიღო. ადვოკატის ამ სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურა მთელი დღის განმავლობაში კომენტარს არ აკეთებდა. დღის ბოლოს კი, ინფორმაცია გაავრცელეს, სადაც არანაირი საუბარი იმაზე, მოეხსნა თუ არა ახალაიას და სხვა ბრადებულებს გირგვლიანის წამების ორგანიზება, არ ყოფილა.
მეტიც, საქმეზე ბრალდებულებს ვანო მერაბიშვილს, დათა ახალაიას და ოლეგ მელნიკოვს, ბრალდებულად ყოფნის ვადიდან გამომდინარე, დაუზუსტდათ ბრალდებები, საქმის ნაწილობრივ სასამართლოში გასაგზავნად.
ბარლდებულ ახალაიას ადვოკატის მტკიცებით, სანდრო გირგვლიანის წამებაში ბრალი არც ერთ პირს არ აქვს წარდგენილი.
„გირგვლიანის გარდაცვალების გარემოებები გამოძიებით დადგენილი არ არის, საქმე გაუხსნელია. საბოლოოდ გამოჩნდა, რომ გირგვლიანის საქმით პროკურატურა ახორციელებდა დავით ახალაიას პოლიტიკურ დევნას, შავი პიარის ორგანიზებას და სამართლებრივ ჯამბაზობას!“, - აცხადებს ირაკლი ზაქარეიშვილი.
თუმცა, პროკურატურაში ზაქარეიშვილის საპასუხოდ განაცხადეს, დათა ახალაიას და ოლეგ მელნიკოვს საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ ორ დამოუკიდებელ ეპიზოდზე, ეს არის სანდრო გირგვლიანის და ვამეხ აბულაშვილის ეპიზოდები. დათა ახალაიას ბრალი ედება სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურეობრივი სიყალბის ჩადენისთვის.
ასევე მოქალაქეების, ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის.
რაც შეეხება უშუალოდ ოქროყანის სასაფლაოს ეპიზოდს, გირგვლიანისთვის სასიკვდილო ჭრილობების მიყენების ნაწილში, მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, რომ გამოძიება ინტენსიურად გრძელდება, რომლის შედეგების შესახებ მთავარი პროკურატურა გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით დამატებით აცნობებს საზოგადოებას.
მაშ ასე, მთავარი პროკურატურა არ აკონკრეტებს მოუხსნეს თუ არა ახალაიას გირგვლიანის წამების მუხლი. ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები არც უმრავლესობის წევრებმა არ გააკეთეს. უმრავლესობამ პროკურატურასთან გადაგვამისამართა, თუმცა ამ საქმის პროკურორი ჟურნალისტებისთვის მიუწვდომელია.
იუსტიციის მინისტრი კი თვლის, რომ დათა ახალაიას პერსონას დამატებითი დისკრედიტაცია არ სჭირდება. როგორც თეა წულუკიანმა დათა ახალაიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მას ქართველი საზოგადოება სტრასბურგის განაჩენიდან კარგად იცნობს.
„მართალია, ის განაჩენში ინიციალებით იყო მოხსენიებული, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, ვისზე იყო საუბარი. თუ დათა ახალაიას ადვოკატი ამ განაჩენს გაეცნობა, მიხვდება, ვის იცავს იგი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
2006 წლის 28 იანვარს, ოქროყანაში სანდრო გირგვლიანის გაშიშვლებული ცხედი იპოვეს, რომესაც წამების კვალი ეტყობოდა. სანდრო გირგვლიანის დედამ, ირინა ენუქიძემ შვილის მკვლელობის დაგეგმვაში ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს დასდო.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ განიხილა, თუმცა გირგვლიანის ოჯახი დღემდე თვლის, რომ მკვლელობის დამკვეთები არ არიან დასჯილნი და არც საქმეა სრულყოფილად გამოძიებული. გირგვლიანის ოჯახმა, სანდროს მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც 2011 წლის 26 აპრილს გამოქვეყნდა, საქართველოს სახელმწიფოს მოსარჩელეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია - „გაოგნებული ვართ იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება“.
მიუხედავად იმისა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 8 წელი გავიდა, მისი ოჯახი დღემდე ელოდება შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების დასრულებას. სხვათა შორის, ისიც აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისად სწორედ გირგვლიანის მკვლელობა იქცა.
როგორც ირკვევა, ახალი გამოძიების პროცესში სუფრის სცენა აბსოლუტურად გამოძიებულია. გამოძიებულია, რა ვითარებას ჰქონდა ადგილი ციხეში. დარჩენილი იყო ერთი ელემენტი, რომელიც გამოძიებას საჭიროებდა - რა იყო გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი. როგორც აწ უკვე ყოფილმა პროკურორმა განაცხადა, ვერ ხერხდებოდა ზუსტად იმის დადგენა, გირგვლიანი მოკლულ იქნა, თუ გაქცევის დროს გარდაიცვალა.
გირგვლიანის ოჯახის ყოფილი ადვოკატი, შალვა შავგულიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიება სირთულესთან არაა დაკავშირებული. შავგულიძე ფიქრობს, რომ პროკურატურის სისტემაში ხშირი ცვლილებები აჭიანურებს მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიებას.