ტენდენცია

ტენდენცია

[გიორგი ბექაური]

მთავრობამ ანტიინფლაციური პროგრამის ფარგლებში 20 ლარიანი ენერგოვაუჩერები  უკვე დაარიგა, მომავალი თვიდან კი სასურსათო ვაუჩერებსაც ჩამოარიგებს. ხელისუფლებაში თვლიან, რომ ასეთი ქმედებით ისინი ინფლაციას ებრძვიან. ამასთან, ინფლაციას ებრძვის ეროვნული ბანკიც, კერძოდ, უკვე გამყარდა ლარი, 8%-მდე გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი. თუმცა არც ლარის კურსის გამყარება და არც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციის მოსათოკად საკმარისი არ არის.

რატომ გაიზარდა ფასები, ამაზე მთავრობას ერთი პასუხი აქვს - მსოფლიოში ყველაფერი გაძვირდა და ეს სიმართლესთან ახლოს დგას. თუმცა ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს სხვა მიზეზებიც აქვს - დაკრედიტების მატება, ასევე საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო არხებით ფულის ზრდა. ამ ყველაფრის ფონზე კი ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრება და პირველად 2 წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთს 8%-მდე ზრდის. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება.

რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე მაღალი 2008 წლის აპრილში იყო - 12%. 2008 წლის აგვისტოდან კი ნელ-ნელა განაკვეთის შემცირება დაიწყო და 2009 წლის 11 ნოემბერს 5%-ს მიაღწია. 5%-იანი განაკვეთი მხოლოდ 7 თვე იყო. 2010 წელი 7,5%-იანი რეფინანსირების განაკვეთით დასრულდა.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ წინა პერიოდებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ჯერ სრულად არ არის ასახული რეალურ ეკონომიკაზე, ვინაიდან მონეტარული პოლიტიკის გადაცემის ეფექტი დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ ახდენს გავლენას სამომხმარებლო ფასებზე.

წლის დასაწყისიდან კი შემცირდა ფართე ფულის აგრეგატების, როგორც მოცულობა (ძირითადად სეზონური ფაქტორების გავლენით), ასევე წლიური ზრდის ტემპი. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, არსებული პროგნოზებით ფულის მასის ზრდა წლის განმავლობაში 20-25%-ის ფარგლებში იქნება, რაც ეკონომიკის საპროგნოზო ზრდის გათვალისწინებით შესაბამისობაშია ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონესთან.

არსებულ სიტუაციაში, მონეტარული პოლიტიკის შეცვლა ერთადერთ ბერკეტად განიხილება, რომელმაც შეიძლება ინფლაციის მოთოკვა შეძლოს. ყოველ შემთხვევაში, როგორც ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია აცხადებს, მონიტარული პოლიტიკის გამკაცრებით ეროვნული ბანკი ეკონომიკის სტიმულირებას ახდენს.

„მოსალოდნელი იყო, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს გაზრდიდა. ეს არის ინფლაციის შეჩერების ერთ-ერთი ბერკეტი“, - ამბობს ზურაბ გვასალია.

აღსანიშნავია ისიც, რომ იანვარში უკვე გაიზარდა უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები, რაც მონეტარული პოლიტიკის ბოლო პერიოდის გამკაცრებას უკავშირდება. საპროცენტო განაკვეთების ზრდის პარალელურად შემცირდა უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ზრდის ტემპი.

ამასთან, უკვე თებერვალში კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტაში მოზიდული სახსრების სარეზერვო ნორმის 15%-მდე გაზრდა დაევალა. მანამდე ეს ნორმა 10% იყო. ეს ფაქტიც ერთის მხრივ ანტიინფლაციულ ღონისძიებად შეფასდა, თუმცა როგორც ექსპერტები აცხადებენ, ამ ნორმის კიდევ უფრო აწევა დაძაბულობას უფრო მეტად გაზრდის.

მონეტარული პოლიტიკის მორიგი სხდომა ერთ თვეში გაიმართება. თუ ბანკის ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო და ინფლაციის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, რომ რეფინანსირების განაკვეთი კიდევ უფრო გაიზარდოს. მაგრამ რამდენად შეძლებს ეროვნული ბანკი ამ ღონისძიებებით ინფლაციის მოთოკვას, რთული სათქმელია. რადგან, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება, ამასთან, სარეზერვო ნორმის გაზრდა ეკონომიკის დაკრედიტებას შეამცირებს და ეს სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს.