„რაბათის უკანონო რეკონსტრუქციას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა“

„რაბათის უკანონო რეკონსტრუქციას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა“

„მთელი საქართველო ზუგდიდსა და ახალაიების დანაშაულზე საუბრობს ისე, რომ წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდებოდა სამცხე-ჯავახეთში. უბრალოდ, ახალციხელები ხმაურიანი ხალხი არ ვართ“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში საზოგადოება „მშობლიური მესხეთის“ დარბაზის თავმჯდომარე თამარ სამსონიძე და ფიქრობს, რომ, როცა მერაბიშვილის დანაშაულზე საუბრობენ, ავიწყდებათ, რომ სწორედ რაბათის უკანონო რეკონსტრუქციას შეეწირა სამი ადამიანის სიცოცხლე, სწორედ მერაბიშვილის ოჯახი განაგებდა ახალციხეში ბიზნესებს, სწორედ მისი სახელით დევნიდნენ რიგით ახალციხელებს პოლიტიკური თუ ბიზნესინტერესების გამო.

მერაბიშვილს ახალციხეში ივანე მესაკუთრე უწოდეს, თუმცა სანამ მის ბიზნესინტერესებზე ვისაუბრებთ, რას გვეტყვით იმ ფაქტის შესახებ, რომ რაბათის ციხის რეაბილიტაციას სამი ადამიანი შეეწირა? ერთ-ერთი მათგანის - მამუკა ბლუაშვილის შემთხვევა, ასე თუ ისე, გახმიანდა, რომ ის ციტადელიდან გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა. დანარჩენი ფაქტები თუ გასაჯაროვდა?

- ამ ყველაფერმა „ლაითად“ ჩაიარა. ეს მოხდა მშენებლობის პროცესში. მარტო მშენებლობების პერიოდში, ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, 3 ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანი, სასტუმროს მშენებლობისას დაიღუპა. რაბათი 2012 წლის 17 აგვისტოს გაიხსნა, თუმცა მხოლოდ ერთი დღით ადრე დაიწერა მისი რეაბილიტაციის ბრძანება, ანუ მთელი ეს მშენებლობის პროცესი უკანონოდ მიმდინარეობდა.

ცნობილია, რომ ამ ტერიტრიაზე არავითარი არქეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა, რის შესახებაც ჩვენ თავის დროზე ვწერდით. რას იტყვით, რომ იქ 20 000 კუბური მეტრი მიწა მოთხარეს და მტკვარში გადაყარეს?

- ეს მოხდა ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე. არადა, ამდენი საუკუნის, ამდენი ბრძოლის გადამტანი იყო ეს ძეგლი. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი წინაპრების საძვალე იყო, უამრავი ადამიანი იყო იქ დაღუპული. არანაირი გამოკვლევა არ ჩაუტარებიათ და 20 ათასი კუბური მეტრი მიწა მოხსნეს, გადაყარეს და თავიდან მოიშორეს.

თქვენ აცხადებთ, რომ ახალციხე კაზინოების ქალაქად უნდა გადაექციათ. სწორედ ამით იყო განპირობებული, რომ იქ საუნები, აბანოები ააშენეს?

- მაშინვე გაკვირვებულნი ვიყავით, სად ახალციხე და სად კაზინოების ქალაქი?! როგორც შემდეგ გავარკვიეთ, თურმე სერიოზულად შეიზღუდა კაზინოები სომხეთში, აზერბაიჯანსა და სირიაში. ამიტომაც ახლო აღმოსავლეთში ეს საქმე სარფიანი გახდა. სწორედ ამის გამო დაიწყო ახალციხეში უამრავი სასტუმროს, საუნის მშენებლობა. რომელ სასტუმროს დავადებთ ხელს, რომ მერაბიშვილის წილი არ იყოს?! თუნდაც იმავე „ვისოლის“ მიერ ახალციხეში აშენებულია სამვარსკვლავიანი სასტუმრო და სამხარეო ადმინისტრაციის შენობა. ეს უკვე აღარ იმალებოდა, თვითონ მერაბიშვილების ოჯახი ისეთია, რომ არ იტრაბახონ, არ შეუძლიათ. სწორედ მათგან გავიგეთ, რომ აქ არაბი ინვესტორები შემოვიდოდნენ.

არაბი ინვესტორები მერაბიშვილისთვის უცხო არ არის. მაგალითად, სამონასტრო კომპლექს ვარძიაში რომ გადავინაცვლოთ, მის წინ მთელი ტერიტორია ტურისტული კომპლექსი იყო. ჯერ კიდევ 2004-2005-ში დამირეკეს და მითხრეს, ეს კოპლექსი გაიყიდა, სამ დღეში ჩამოფრინდა მერაბიშვილი არაბთან ერთად და მერე გადაყიდა არაბზეო. ანუ, იყიდა და სამ დღეში გადაყიდა. მაშინაც ვწერდი ამის შესახებ და უკვირდათ, რადგან ჯერ კიდევ არ იყო არაბ ინვესტორთა მოძალება. ამ დროს კი ვიღაც არაბმა შეიხმა უყიდა ეს ტერიტორია თავის ქალიშვილს. დიდი ხანია, მუსლიმანური სამყარო დაინტერესებულია ამ ადგილებით. ვარძიის ძეგლის ასასვლელს რომ გავცდებით, 200-იოდე მეტრში, ასი ათასი მუსლიმანი ჩაიხოცაო, - ამბობენ და მანდ ბარელიეფის დადგმა უნდოდათ. კომუნისტების დროიდან იღვწოდნენ ამისთვის, რასაც ვერ ახორციელებდნენ, ახლა კი შეისყიდეს ეს ადგილი. რაც შეეხება რაბათის ციხეს, აქ არის საუნები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, ოქროს სავაჭროები. მუშაობს თუ არა ეს დაწესებულებები, ეს მეორე საკითხია, მაგრამ რაბათს ძეგლის დატვირთვა აღარ აქვს. სწორედ ამ მე-8, მე-9 საუკუნის ძეგლის აშენების შემდეგ ეწოდა ახალციხეს ახალციხე. მანამდე ლომსია ერქვა, ეს ძეგლი ჩვენი სიამაყე იყო. მათ ძეგლომანია სჭირდათ, ყველაფერს თხრიდნენ და რას ეძებდნენ, ეს კიდევ სხვა საკითხია. დაამახინჯეს ეს ძეგლი და რეაბილიტაცია გაუკეთეს მაინცდამაინც მოგვიანებითი პერიოდის, მე-16-17 საუკუნეების რაბათის მიხედვით, როცა სამცხე-ჯავახეთს უკვე თურქეთი განაგებდა და ფაშა იჯდა იქ. თუმცა ბოლომდე ის სახეც არ მისცეს, გადაათურქულეს, ანუ თურქეთში დაამზადეს ორნამენტები, ჩამოიტანეს და თურქებს მიამაგრებინეს. ეს ძეგლი აღარ არის, ეს არის ბეტონის გროვა. ვინმემ რომ გაბედოს, რომში, საბერძნეთში, აკროპოლისში, კოლიზიუმში ერთი აგური მიამატოს, იქ რა მოხდება?

1900 წელს ამ „მეჩეთზე“ ჯვარი იდგა და ოთხივე მხარეს წმინდა გიორგის ეკლესიები იყო. გვატყუებენ, თითქოს, თურქეთმა პრეტენზია წამოგვიყენა, ის თურქულად გადაკეთდეს და მის სანაცვლოდ ტაო-კლარჯეთის მიწაზე რაღაცას დაგვითმობენო. რატომ ათურქულებენ რაბათს, ეს ხომ ჩვენი მიწაა და ტაო-კლარჯეთიც ჩვენი მიწა იყო? არ შეიძლებოდა, რაბათის ციხის შესახებ ინფორმაცია მე-9 საუკუნის იერით მოძებნილიყო? არის უამრავი ფოტო, ისტორიკოსთა და მოგზაურთა ჩანაწერები. ამის აღდგენა პრობლემა არ იყო.

მერაბიშვილის სახელზე გაუფორმებელი არაერთი ქონების შესახებ რას იტყვით, რაც მისი გაღლეტილობის მითს გააბათილებს?

- ახალციხეში რაც ხდებოდა, ყველაფერი მისი დავალებით ხდებოდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა, მერაბიშვილის ქონების წლიური ბრუნვა 300 მილიონი ლარიაო. საიდან? ბიზნესმენი იყო, საიდან ფლობდა ამდენ თანხას? სამცხე-ჯავახეთში თუ რამე შენდებოდა, ყველაფერში ჩარეული იყო და მთლიანად პატრონი თუ არა, მეწილე მაინც იყო. ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის კარგად არის ცნობილი. ყველა მშენებლობაზე რატომ ტრიალებდა არა მარტო მისი გარემოცვა, არამედ რა უნდოდა იქ მამამისს? ეს ჩამონათვალი დაუსრულებლად გრძელდება, დავიწყოთ სასაკლაოთი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვინმე ნუგზარ სარჯველაძე, ყოფილი გამგებელი, რომელიც წარმოშობით იქიდანაა და სხვაგვარად ეძახიან ვანო მერაბიშვილის მოლარესაც. თუ ეს სასაკლაო იყო ნუგზარ სარჯველაძის, რა მიზნით ემსახურებოდა მას გამგეობის ავტომობილი, როცა ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო? ასევე, ახალციხეში ხშირად ჩნდებოდა „ვისოლის“ წარმომადგენლობა. მათ სასტუმრო და ბევრი რამ ააშენეს ახალციხეში, სადაც ისევ მერაბიშვილის გარემოცვა ტრიალებდა. მერაბიშვილებმა ახალციხის ბაზარიც ხელში ჩაიგდეს, რის შემდეგაც ფასებმა იმატა. ამ ბაზრის მშენებლობას ვანო ხელმძღვანელობდა, მამამისიც იქ ტრიალებდა. ახალციხეში ყველამ იცის, რომ ბაზარი მერაბიშვილს ეკუთვნის. მერაბიშვილის სახელზე არაფერი არ არის გაფორმებული და მთელი ეს ბიზნესპარტნიორები, ვინც ჰყავს და ვინც ძალიან ბევრია ახალციხეში, მისი ოჯახის წევრები, სიდედრის ნათესავები და სხვები, საკმაოდ სოლიდიური ქონების მქონენი არიან. ვინც მშენებლობაზე მუშაობდა (ინჟინრები და სხვები), ყველა ანგარიშვალდებულნი იყვნენ მამამისთან, დაწყებული საეჭვოდ გამდიდრებული ოლქის პროკურორიდან, რომელიც ახლა ნაციონალების მაჟორიტარია.

ვიცი, რომ საქმე შეტანილი გაქვთ სამცხე-ჯავახეთის პროკურატურაში. რატომ ჭიანურდება გამოძიება?

- ირაკლი ღარიბაშვილმა როცა განაცხადა მერაბიშვილის თანხების წლიური ბრუნვის შესახებ, ვიფიქრე, რომ ამ საქმის გამოძიებას სერიოზულად მოჰკიდეს ხელი. საზოგადოებისთვის ისიც ცნობილია, რომ დედამისზეც იყო საქმე აღძრული და ბიძამისზეც, თუმცა შედეგი ცნობილია თქვენთვის? სასამართლოს არქივში მოსამართლე ჩიტაშვილისა და მოსამართლე მაისურაძის განხილული ნებისმიერი საქმე რომ მოიკითხოთ, პოლიტიკური ნიშნითაა შეკერილი. პირადად ჩემს ოჯახზე ააწყო თავისი კარიერა ჩიტაშვილმა (ახალციხელმა როლანდ ახალაიამ), რადგან დავალება ჰქონდა მერაბიშვილისგან, რომ შევევიწროებინეთ, შევიტანეთ სარჩელი, გამოძალვაში ვამხელთ, მოკვლევა დაიწყო, დაკითხულია ყველა მოწმე და საქმე აქ შეჩერდა. ერთადერთი ადამიანი, ვინც პასუხი გამცა და ჩაერია ამ საქმეში, იყო ეკა ბესელია. არადა, 2-დან 25 წლამდე ჰქონია პროკურატურას ძიების ვადა.

იმის მიუხედავად, რომ მერაბიშვილი ციხეშია, მაინც აქვთ გარკვეული გავლენები ახალციხეში შენარჩუნებული მის ბიძასა და ახლობლებს?

- მარტო ახალციხეში? პირობითად ვთქვათ, პურს რომ ვყიდულობთ, საწვავს რომ ვასხამთ, ისევ მერაბიშვილის ყულაბაში იყრება თანხა. 26 მაისის და სხვა საქმეებს შეიძლებოდა დამატებოდა რაბათის ციხის განადგურება და იქ ადამიანების დაღუპვის ფაქტები. ასევე, გენო ფარულავას ციხეში გარდაცვალების ფაქტი. ის უშუალოდ მერაბიშვილის მითითებით გარდაიცვალა. იცით, ვანო მერაბიშვილი რატომ სდევნიდა სამცხე-ჯავახეთში, განსაკუთრებით, ადიგენში ადამიანებს? 2003 წლის არჩევნებში, სანამ „ვარდების რევოლუცია“ მოხდებოდა, მერაბიშვილმა ადიგენში კენჭისყრა გადაწყვიტა. მთელ რაიონში დაახლოებით 800 ამომრჩეველი მისი გვარის მქონეა, ანუ მერაბიშვილია. ამ დროს არ გაინტერესებთ, რა იყო ვანო მერაბიშვილის რეიტინიგი? იგი სამარცხვინოდ დამარცხდა. ასე რომ, არჩევნების დასრულებას არც დაელოდა, შუადღისას წავიდა. როგორც კი მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, შეადგინა დასაჭერთა სიები და ამ სიაში მოხვდა გენო ფარულავაც. სისხლი გაუშრო ამ კაცს. ეს ადამიანი საკნების მიტინგზე სულ იქ იყო, მას შვილი დაუჭირეს, ამიტომაც ჩაბარდა და უკვე გვამი გამოიტანეს. ცოლს დაურეკეს, შენი მეუღლე საავადმყოფოშია, გამართლებულია და წაიყვანეო. ამას ემატება მისი „ფარჩაკი“ მშობლები. სამწუხაროდ, ახალციხელების პრობლემა იყო, რომ მათ რამედ აგდებდნენ და ემორჩილებოდნენ. ვინც არ დავემორჩილეთ, კი დავიქციეთ ცხოვრება, თუმცა ყველას არ შეუძლია ამ რისკზე წასვლა. ახლა საინტერესოა, სად არის ამირან მესხელი, მოდულის მამამთავარი, სად გაუშვეს? გგონიათ, ესენი ვიდეოკადრებს რომ ანადგურებენ, რაიმე დაიმალება? ამირან მესხელს ყველაფერი ექნება და ნებისმიერ დროს დადებს ამ კასეტებს.