ქართველმა პარაოლიმპიელებმა აშშ-ში ოქროს მედალი მოიპოვეს. მსოფლიო ჩემპიონატი კალიფორნიის შტატის საზღვაო ქვეითთა ბაზა - პენდელტონზე მიმდინარეობს. დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა პარაოლიმპიადაზე პნევმატური იარაღიდან სროლაში 244 მონაწილესთან ერთად წარმატებით იასპარეზეს. ოქროს მედლის მფლობელი მსუბუქი კატეგორიის დაშავებულებს შორის სერჟანტი ბახვა დარსალია გახდა, I კლასის რიგითმა გიორგი კოჭუაშვილმა კი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საშუალო კატეგორიის დაშავებულთაგან, უმცროსმა სერჟანტმა - იაკობ ზოსიაშვილმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
სან-დიეგოში მიმდინარე მსოფლიო პარაოლიმპიადის ფარგლებში, ქართველმა სამხედროებმა მშვილდისრით სროლის, 10 კილომეტრიან მანძილზე ხელით ველორბოლასა და 30 კილომეტრიან დისტანციაზე ველოსპორტის შეჯიბრებებშიც მიიღეს მონაწილეობა.
პარაოლიმპიადის ფარგლებში, ქართველი სამხედროები სირბილისა და ცურვის ტურნირებშიც იასპარეზებენ.
ჩემპიონატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაჭრილი 13 ქართველი სამხედრო ასპარეზობს. პარაოლიმპიადაში, საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული, 10 ქვეყნის შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე 350 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
მსოფლიო პარაოლიმპიადის ფინალი პენდელტონის ბაზაზე 13 მარტს გაიმართება. გამარჯვებული ნაკრები სპორტის ყველა სახეობაში ინდივიდუალური შეჯიბრის დროს მიღებული ქულების დაჯამებით გამოვლინდება.