თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინიდან იტყობინება, რომ საქართველოს პროკურატურამ მას შესაძლოა, აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმოს და გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში ყოფნა პატიმრობით შეუცვალოს. უგულავას ეჭვის საფუძველი პროკურორ მალხაზ კაპანაძის მიერ შედგენილი ოქმი გახდა.
ოქმის თანახმად, ბრალდებული უგულავა 2014 წლის 6 მარტს 15:00 საათზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა მან თბილისის აეროპორტის გავლით საქართველო წინა დღით დატოვა. ოქმში მოყვანილი პროკურორის განმარტების თანახმად, ადვოკატს გიგი უგულავას საგამოძიებო ნაწილში დაბარება 5 მარტს, 22:00 საათზე ეცნობა. ანუ იმ დროს, როდესაც უგულავას საქართველო დატოვებული ჰქონდა.
პროკურორი მალხაზ კაპანაძე განმარტავს, რომ გიგი უგულავა, გაფრთხილებული იყო, რომ გირაოს ღონისძიების გამოყენების პირობები არ უნდა დაერღვია, მაგრამ მაინც დატოვა საქართველოს ტერიტორია.
გიგი უგულავა „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ მიმალვას არ აპირებს და თუ გამოძიებას ქვეყნიდან მისი გაშვება არ სურდა, შეეძლოთ, საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მიეცათ.
„მე დღეს ჩვეულებრივად ვბრუნდები საქართველოში, იმის მიუხედავად აღკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვენ თუ გაციმბირებას“, - აღნიშნავს გიგი უგულავა და აღკვეთის ღონისძიების სავარაუდო შეცვლის საკითხის დღის წესრიგში დასმას პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით კომენტარზე უარს აცხადებენ მთავარ პროკურატურაში. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ დოლიძემ for.ge-სთან მხოლოდ ის განმარტა, რომ პროკურატურას უგულავას გადაადგილებაზე რამე შეზღუდვა დაწესებული არ აქვს.
„ადრეც დატოვა მან ქვეყანა და მაშინ განვმარტეთ, რომ ქვეყნის დატოვების უფლება ჰქონდა. არანაირი შეზღუდვა პროკურატურისგან არ არის მის გადაადგილებასთან დაკავშირებით,“- განაცხადა თემურ დოლიძემ.
უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი განმარტავს, რომ აღკვეთის არასაპატიმრო ღონისძიების ქვეშ მყოფ გიგი უგულავას, მოქმედი კანონით, აქვს ვალდებულება, საგამოძიებო ორგანოში პირველივე მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს.
„აღკვეთის ღონისძიება გახლავთ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიება და როდესაც პიროვნება იმყოფება აღნიშნული იძულების ღონისძიების ქვეშ, ის ვალდებულია, გამოძიების მწარმოებელ ორგანოს აცნობოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაადგილების აუცილებლობისა თუ სურვილის შესახებ და უნდა დაელოდოს მისგან თანხმობას. თუ იგი არც აპირებს მსგავსი ამბის წერილობით შეტყობინებას, საერთოდ არ აინტერესებს გამოძიების პოზიცია ამასთან დაკავშირებით და თვითნებურად ტოვებს ქვეყნის ფარგლებს, ამ შემთხვევაში გამოძიებას უფლება აქვს, აღკვეთის ღონისძიების დამძიმების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს და სასამართლომ უნდა იმსჯელოს, არის თუ არა ასეთი ღონისძიების გამოყენების პირობები გასათვალისწინებელი“, - განუმარტა for.ge-ს დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, ბრალდებულ გიგი უგულავას, ან მის ადვოკატს პროკურატურისთვის ქვეყნის დატოვების შესახებ 5 მარტამდე, ანუ უგულავას მიერ ქვეყნის დატოვებამდე ოფიციალურად, უნდა ეცნობებინათ.
„თუკი გამოძიებას არ მიუღია წერილობითი ინფორმაცია ქვეყნის დატოვების თაობაზე და, შესაბამისად, მოკლებული იყო საშუალებას, ეთქვა უარი ან დაეკმაყოფილებინა აღნიშნული მოთხოვნა, ბუნებრივია, შემდგომი მსგავსი მოქმედებების თავიდან აცილების მიზნით, პროკურატურას უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების დამძიმების თაობაზე, რათა უზრუნველყოს გამოძიების წინაშე არსებული ამოცანები - იმ შემთხვევაში, თუკი აღკვეთის გამოყენებული ღონისძიების მოთხოვნები დაირღვა“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
For.ge გიგი უგულავას ადვოკატსაც დაუკავშირდა. ბექა ბასილაიამ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიებას არ ელის და ამგვარი ვარაუდი მხოლოდ ოქმში ჩაწერილი ფრაზების გამო გაჩნდა. ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ მას და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ქვეყნის დატოვების თაობაზე პროკურატურისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება არ აქვთ.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ დაუმძიმებენ აღკვეთის ღონისძიებას, უბრალოდ, ვარაუდს გამოვთქვამთ. ჯერჯერობით არც შესულა ამგვარი შუამდგომლობა სასამართლოში. გიორგი უგულავა მიმალვას და საგამოძიებო ორგანოებში გამოუცხადებლობას არც აპირებდა. უბრალოდ, დუბლინში იყო ამ დროს და ფიზიკურად ვერ შეძლებდა მეორე დღეს თბილისში ყოფნას. ამიტომ გაფორმდა ოქმი და ჩაიწერა, რომ შესაძლოა, აღკვეთის ღონისძიება დამძიმდეს. ბრალდებულს არ აქვს ვალდებულება, ქვეყნის დატოვების შესახებ წინასწარ ოფიციალურად ეცნობებინა პროკურატურისთვის“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
გიგი უგულავას წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 12 მარტისთვის არის ჩანიშნული. სავარაუდოდ, ამ დროს გაირკვევა, მიმართავს თუ არა პროკურატურა მოსამართლეს მისთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შუამდგომლობით.