ავტოსადგურების სერტიფიცირების ბოლო ვადა ახლოვდება. ახალი რეგულაცია 1-ელი ივნისიდან უნდა ამოქმედდეს. ამას წესით რამდენიმე ცვლილება მოჰყვება და მათ შორისაა საქალაქთაშორისო მგზავრობის დროს მხოლოდ ავტობუსების გამოყენება. ფაქტია, რომ ცვლილებები ვერ ამოქმედდება, რადგან საამისოდ მზად არც მძღოლები არიან, არც ავტოსადგურები და სახელმწიფოსაც არ აქვს მათი დახმარების რაიმე კონკრეტული გეგმა.
პირველი ივნისიდან ძალაში შედის რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან, თელავიდან, ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებული პუნქტებიდან მგზავრების გადაყვანა მხოლოდ M3 კატეგორიის ტრანსპორტით, ანუ ავტობუსით იქნება შესაძლებელი. როგორც ირკვევა, ქვეყანაში შესაბამისი ტრანსპორტი შემოყვანილი არ არის.
ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი, ირაკლი იზორია ადასტურებს, რომ ამ დროისთვის სერტიფიცირება ავტოსადგურების უდიდეს ნაწილს გავლილი არ აქვს, ამიტომ ვარაუდობენ, რომ რეგულაციის ამოქმედების ვადა გადაიწევს.
„რეფორმა ძალიან მრავალფეროვანია და არ მგონია, რომ ყველაფერი მოესწროს. ჩემი ინფორმაციით, ბევრ ავტოსადგურს ამ ეტაპზეც კი არ აქვს ლიცენზირება გავლილი და არც სერტიფიკატი აქვთ, ივნისამდე დიდი დრო არ დარჩა. შესაძლოა, რეფორმამ გადაიწიოს, რაც ძალიან ცუდი იქნება. დიდი ხანია, მოსახლეობა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას ელოდება.
სერტიფიცირების არგავლის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა ისაა, რომ ავტოსადგურებს საკმარისი რაოდენობის M3 კატეგორიის ტრანსპორტი არ აქვთ. თუ „მარშრუტკებს“ 150 კმ-ზე შორ დისტანციაზე მოძრაობას შევუზღუდავთ, გამოდის, რომ ყველა შორ დისტანციაზე ავტოსადგურებს ავტობუსები უკვე უნდა ჰქონდეთ და მგზავრთა გადაყვანა შეუფერხებლად შეეძლოთ.
შემაფერხებელია ისიც, რომ M3 კატეგორიის მანქანას განსაზღვრული აქვს გამოშვების წელი და ის 20 წელზე მეტი წლის წინ არ უნდა იყოს გამოშვებული. დაანონსებულია, რომ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ამ რეფორმის ასამუშავებლად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ საუბრისას იზორიამ.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოშიც ადასტურებენ, რომ M3 კატეგორიის ტრანსპორტის ავტოპარკის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ და აღნიშნული შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„გადამზიდველების ნებართვიანობის პროცესის პარალელურად, მიმდინარეობს როგორც იმპორტირებული M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ისე გადამზიდველების მფლობელობაში არსებული რაოდენობის და ტექნიკური მდგომარეობის შეფასების პროცესი. შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ გამოიკვეთება, ქვეყანაში M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოპარკთან დაკავშირებული ერთიანი სურათი“, - აღნიშნეს სააგენტოში და კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა რეგულაციების ამოქმედების გადავადება - დასძინეს, რომ რეფორმის ეფექტურად მართვისთვის ყველა შესაძლო ალტერნატივას განიხილავენ.
„რაც შეეხება კონკრეტულად M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული რეგულაციის ამოქმედების ვადებს, სააგენტო რეფორმის ეფექტურად მართვისთვის განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს და ალტერნატივას, რომელიც, რა თქმა უნდა, თანხვედრაში იქნება როგორც გადამზიდველების და ავტოსადგურების, ისე მგზავრების ინტერესებთან“, - განაცხადეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში.
30 აპრილის მდგომარეობით, საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა 2300-ზე მეტმა მძღოლმა უკვე მიიღო. ამოქმედდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, სამგზავრო გადაყვანებში ჩართულ მძღოლებს პერიოდული სამედიცინო შემოწმების გავლის ვალდებულება გაუჩნდათ.