უახლოეს დღეებში თეა წულუკიანს თანამდებობიდან გადააყენებენ?

უახლოეს დღეებში თეა წულუკიანს თანამდებობიდან გადააყენებენ?

"როგორც "ალიას" კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, უახლოეს დღეებში დღის წესრიგში დადგება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხი. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ 27 თებერვალს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე საფრანგეთის სასამართლომ უარი განაცხადა. მაშინ თეა წულუკიანი გამოვარდა და ყველაფერი ფრანგ პროკურორს გადააბრალა: "ძალიან ვწუხვარ, რომ ფრანგი მოსამართლე აღმოჩნდა ისეთი უთანასწორო პირობების წინაშე, როგორიც იყო, ერთი მხრივ, კეზერაშვილის ძვირადღირებული ადვოკატი და მეორე მხრივ, ფრანგი პროკურორი, რომელმაც, როგორც ჩანს, ძვირადღირებულ ადვოკატს ღირსეული და სათანადო კონკურენცია ვერ გაუწია", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით უახლოეს დღეებში თეა წულუკიანს თანამდებობიდან გადააყენებენ?

"ამ განცხადებისთანავე "ალიაში" გამოქვეყნდა ჩვენი კოლეგის, საფრანგეთში მცხოვრებ გიორგი ფოფხაძის ინტერვიუ, რომელიც თვითონ ესწრებოდა სასამართლო პროცესს: "ეს პირველ რიგში პროკურატურის ჩავარდნა იყო. მე მინდა თეა წულუკიანს მივმართო: ფრანგი პროკურორი აღშფოთებული იყო იმიტომ, რომ ქართველმა პროკურორებმა ვერ მიაწოდეს დამამტკიცებელი მასალები, რის შემდეგაც ძალიან მაღალ დონეზე დააყენებდა მოთხოვნას. საქართველოდან ჩამოსული პროკურორი რომ გეტყვის, ეგ ჩემი კომპეტენცია არ არის, ვერ ვერკვევი, თბილისში გადავრეკავო, რა უნდა გააკეთო?" - აღნიშნავს გამოცემა.

"ამის შემდეგ "ალიას" აწვდიან ინფორმაციას, რომ ამ მხრივ საფრანგეთში დიდი ფულის სანაცვლოდ აქტიურად მუშაობდა მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ეკა ზღულაძის მეუღლე, რაფაელ გლუკსმანი. სწორედ მან იზრუნა იმაზე, რომ გამოქვეყნებულიყო სტატიები საფრანგეთში და დაექირავებინა ლობისტური ჯგუფები კეზერაშვილის გამოსაშვებად. საბოლოოდ "ნაცყულაბიდან" მის გასათავისუფლებად 50 მილიონი დოლარი დაიხარჯა. სამთავრობო წრეებში უკვე იმაშიც დარწმუნდნენ, რომ კეზერაშვილის საქმეზე იუსტიციის სამინისტრომ ძალიან ცუდად იმუშავა. კერძოდ გაირკვა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ საფრანგეთის პროკურატურაში გადაგზავნილი მასალები არ იყო სრულყოფილი, რამაც საფრანგეთის სასამართლოს მისცა საშუალება, ესაუბრა კეზერაშვილის საქმეში არსებულ უზუსტობებსა და დანაშაულის ნიშნების არქონაზე. არსებობს კულუარული ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ საფრანგეთის ელჩი საქართველოში, რენო სალენსი კორუფციული ინტერესის გამო პირადად იყო მისული იუსტიციის სამინისტროში და სთხოვა თეა წულუკიანს, მასალები, რომელიც გადაიგზავნებოდა საფრანგეთში კეზერაშვილთან დაკავშირებით, უნდა ყოფილიყო "რბილი" და ფაქტობრივად, არაფრისმთქმელი. ეს კი საფრანგეთის პროკურატურას მისცემდა საშუალებას, არ მოეთხოვა კეზერაშვილის ექსტრადირება საქართველოში", - წერს სტატიის ავტორი.

"კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში თეა წულუკიანის არაპროფესიონალური მოქმედებისა და კეზერაშვილის საქმეზე საფრანგეთის პროკურატურაში შესაბამისი მასალების არგადაგზავნის გამო, აუცილებლად დადგება თანამდებობიდან მისი განთავისუფლების საკითხი. წყარო არ აკონკრეტებს, კერძოდ რა არ გადააგზავნა და რა პირობა დადო წულუკიანმა საფრანგეთის ელჩთან", - დასძენს გამოცემა.