ყირიმში გაუჩინარებულები

ყირიმში გაუჩინარებულები

ყირიმში გაუჩინარდა, სულ ცოტა, ხუთი უკრაინელი, რომელთა შორის ჩვენი კოლეგებიც - ჟურნალისტებიც - არიან. ცნობები აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების გაუჩინარების შესახებ ვრცელდება უკრაინის გარშემო დასავლეთსა და რუსეთს შორის უთანხმოების გამწვავების ფონზე.

ყირიმში კვირას გაუჩინარებულ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს შორის არიან ყირიმელ უკრაინელთა საბჭოს თავმჯდომარე ანდრეი შჩეკუნი და სიმფეროპოლის უკრაინული სკოლის მმართველთა საბჭოს დირექტორი ანატოლი კოვალსკი. ორივე აკრიტიკებს ყირიმში რუსეთის ინტერვენციას. ისინი, როგორც ჩანს, კვირას მოიტაცეს სიმფეროპოლში, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც დაიწყო ოკუპაციის საწინააღმდეგო, მათ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია.

ჩვენი რადიოს ინფორმაციით, შჩეკუნი და კოვალსკი სიმფეროპოლის რკინიგზის სადგურში დააკავეს. ყირიმში პროკურატურის განცხადებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მათ გაუჩინარებასთან დაკავშირებით. კოვალსკის შვილი, სერგეი, ამბობს, რომ ორი მამაკაცი სიმფეროპოლში საიდუმლო ადგილას ჰყავთ დაკავებული.

კვირას გაუჩინარდა ასევე ორი უკრაინელი ჟურნალისტი და „ავტომაიდნის“ წარმომადგენელი, როცა ეს სამეული - სამივე ქალია - ყირიმის ტერიტორიაზე შესვლას შეეცადა. ალენა მაქსიმენკო, ალექსანდრა რიაზანცევა და კატერინა ბუტკი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, სამი ქალი ყირიმში ადგილობრივი „ბერკუტის“ წევრებმა დააკავეს. ამასობაში ვრცელდება - ჯერჯერობით დაუდასტურებელი - ცნობები ყირიმის ბლოკპოსტებთან სხვა ჟურნალისტების დაკავების შესახებაც.

ყირიმში აქტივისტებისა და ჟურნალისტების გაუჩინარების ფაქტს  ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის კეტრინ ეშტონის პრესმდივანი მაიან კოციანჩიჩი გამოეხმაურა: „რასაკვირველია, კვლავაც შეშფოთებული ვართ ადგილზე დაძაბულობის განმუხტვის ნიშნების არარსებობის გამო. პირიქით, არის, როგორც ჩანს, ნიშნები ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის სამხედრო პოზიციების გამყარებისა, უკრაინის ტერიტორიის ძირითადი ნაწილიდან იზოლაციის გაზრდის. კვირის მიწურულს კი გავრცელდა ძალიან შემაშფოთებელი ცნობები ცემის, დაპატიმრების, მოტაცების შესახებ და, რასაკვირველია, უარის შესახებ, რომელიც, მგონი, მესამედ უთხრეს ეუთოს მეთვალყურეებს, როცა ისინი ყირიმში შესვლას შეეცადნენ“.

ამ ცნობების ფონზე, გავრცელდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელშიც მოსკოვი, თავის მხრივ, უკრაინაში რუსი ჟურნალისტების დაკავებას უჩივის. განცხადებაში საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს, მისი შეფასებით, „უკანონობის“ გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსებსა და რუსულენოვან მოქალაქეებს აღმოსავლეთ უკრაინაში.

რუსეთის საგარეო უწყება უკან არ იხევს არც ერთობ მკვეთრ შეფასებაზე: ტექსტში გამოთქმულია „გაოცება" უკრაინაში, თითქოს რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ აგრესიის მიუხედავად, „დასავლელი პარტნიორების, უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და უცხოური მედიის უსირცხვილო დუმილის“ გამო. ცნობილია, რომ უკრაინის მთავრობა და დასავლელი ლიდერები მოსკოვს ადანაშაულებენ ფაქტების დამახინჯებაში, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის დამხობაში მონაწილე დემონსტრანტების მოძალადე ექსტრემისტებად წარმოსაჩენად.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი მიმდინარე კვირაში, ხუთშაბათს,  გაეროს უშიშროების საბჭოში გამოვა. მანამდე კი, ოთხშაბათს, მას ვაშინგტონში მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. ოფიციალური ინფორმაციით, ობამა და იაცენიუკი ისაუბრებენ ყირიმში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისათვის ბოლოს მოღების მშვიდობიან გზებზე, ისევე როგორც უკრაინის ფინანსურ დახმარებაზე.

იაცენიუკმა კვირას კიევში შეკრებილ დემონსტრანტებს აღუთქვა, რომ უკრაინის ტერიტორიის ერთ სანტიმეტრსაც არ დაუთმობს რუსეთს: „ეს არის ჩვენი მიწა! ჩვენმა მშობლებმა და მათმა მშობლებმა სისხლი დაღვარეს ამ მიწისთვის. უკრაინული მიწის ერთ სანტიმეტრსაც კი არ დავთმობთ. დაე, ეს იცოდნენ რუსეთმა და რუსეთის პრეზიდენტმა!“

რუსეთის პრეზიდენტს რაც შეეხება, მან კვირას, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონთან საუბრისას, დაიცვა გადაწყვეტილება ყირიმში 16 მარტს რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. რეფერენდუმი, როგორც ცნობილია, ეხება ყირიმის რუსეთთან მიერთების საკითხს. პუტინის აზრით, რომელიც მან მერკელსა და კამერონს გაუზიარა, რეფერენდუმის ჩატარება შეესაბამება საერთაშორისო სამართალს.

მიხაილ ხოდორკოვსკიმ - ნავთობკომპანია „იუკოსის“ დამფუძნებელმა და რუსეთში ერთ დროს უმდიდრესმა ადამიანმა, რომელმაც პუტინის მმართველობის დროს 10 წელი დაყო პატიმრობაში - კვირას კიევის ცენტრში შეკრებილ დემონსტრანტებს მიმართა და სთხოვა დაიჯერონ, რომ „არსებობს სხვა რუსეთიც“, რომ ყველა არ ემხრობა ყირიმში რუსეთის ინტერვენციას.