მანანა ბერიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

მანანა ბერიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

მინისტრის მოადგილის, მანანა ბერიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან აქცია გამართეს. ისინი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ასევე, კინომატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში გამოვლენილი კანონდარღვევის ფაქტებზე პრემიერისგან რეაგირებას ითხოვენ და მასთან შეხვედრას მოითხოვენ.

მითვისებული ხელფასები, გადასახადების დამალვა, კორუფციული გარიგებები, დოკუმენტაციებისა და დიპლომების გაყალბება, - ეს იმ დანაშაულთა არასრული ჩამონათვალია, რასაც ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მარინა მიქაუტაძე თეატრალურის რექტორის, გოგი მარგველაშვილის ცხრაწლიანი მოღვაწეობის პერიოდს უკავშირებს.

For.ge-სთან საუბარში მარინა მიქაუტაძე აცხადებს, რომ სამართალი გაემიჯნა კანონს. კულტურის სამინისტრო და პროკურატურა აბსოლუტურად შორს არიან კანონისგან და ცალკე კუნძულზე ბინადრობენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ 2014 წლის 17 თებერვალს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში რექტორ გოგი მარგველაშვილის არჩევნები სრულიად უკანონოდ შედგა და ეს იყო არა არჩევნები, არამედ პირდაპირი დანიშვნა. ცხრა წლის განმავლობაში ერთი და იმავე სახეებისგან, „ექვსი ადამიანისგან დაკომპლექტებულმა აკადემიურმა საბჭომ პირდაპირ დანიშნა გიორგი მარგველაშვილი მესამე ვადით, რაც კანონის სრული იგნორირებაა“. ეს მაშინ, როცა უმაღლესი განათლების შესახებ კანონით, რექტორის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის არჩევა ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეიძლება.

მარინა მიქაუტაძის აზრით, საქმეს ისიც ართულებს, რომ გოგი მარგველაშვილის ცხრაწლიანი რექტორობის პერიოდის დარღვევების შესახებ საქმეები პროკურატურაში ჯერ კიდევ 2010 წლიდან არის შეტანილი. იმ პერიოდში სისხლის სამართლის 332-ზე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო თანხების მითვისება-გაფლანგვა) აღიძრა საქმე. ეს ყველაფერი თავადვე დაადასტურა მთავარმა ბუღალტერმა, თუმცა მოგვიანებით მთავარი ბუღალტერი მარგველაშვილმა შემცირებაში მოაყოლა და სამსახურიდან გაუშვა, ანუ მოიშორა.

„ერთი წლის წინ ფინანსურ პოლიციაში, ასევე, შევიტანეთ სარჩელი თეატრალურის ლექტორებმა გოგი დოლიძემ, მერაბ გეგიამ, გია ჭუბაბრიამ. 5 თებერვალს ნოდარ ხადურმა თვითონვე დაადო რეზოლუცია ჩვენს საქმეებს და გადაუგზავნა პროკურატურას მიხეილ შაყულაშვილის სახელზე, რადგან ჩათვალა, რომ მრავალჯერადი სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთებოდა. თუმცა პროკურატურაში დრო გაიყვანეს, ყველაფერი გააკეთეს, რომ 17 თებერვლამდე გაეწელათ პერიოდი და უკვე 17 თებერვალს მესამე ვადით მოგვევლინა გოგი მარგველაშვილი რექტორად.

გამომძიებელმა პირდაპირ მითხრა, რა ვქნა, ქალბატონო მარინა, ჩემი შეფი არ მაძლევს გამოძიების უფლებას, გააჩერეთ ეს ქალი კულტურის სამინისტროში და ჩვენ დავიწყებთ ძიებასო. ასე რომ, საქმე შეაჩერეს და თაროზე შემოადებინეს ლობისტებმა - მანანა ბერიკაშვილმა და მის უკან მდგომებმა“, - გვითხრა მარინა მიქაუტაძემ.

ჩვენ დავუკავშირდით „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ წარმომადგენელს ალექსანდრე კობაიძეს, რომელიც მისი მარწმუნებლის, მარინა მიქაუტაძის ინტერესებზე საუბრობს. იგი აცხადებს, რომ არსებობს ეჭვი აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის პოლიტიზირების შესახებ.

„დიდი ხანია, გიორგი მარგველაშვილი ამ უნივერსიტეტის რექტორია, რაც მიანიშნებს, რომ ეს ადამიანი წინა ხელისუფლებასთანაც მშვენივრად გრძნობდა თავს და ახლაც მშვენივრად გრძნობს. იგი პოლიტიკით მანიპულირებს, თორემ რაიმე ნოვაციური არაფერი შეუქმნია. ამიტომ რეაგირება უნდა მოახდინოს კულტურის სამინისტრომ. მოვითხოვთ მანანა ბერიკაშვილის გადადგომას. ალბათ, გაინტერესებთ, რატომ უნდა გადადგეს მინისტრის მოადგილე და არა უშუალოდ მინისტრი?! იმიტომ, რომ იგი უშუალოდ დაინტერესებულია ამ საკითხით. ჩვენი ინფორმაციით, გოგი მარგველაშვილი კულტურის მინისტრის მოადგილესთან დაახლოებულია და მის საქმეებს ეს ქალბატონი კურირებს. თუ ბერიკაშვილი შეეშვება ამ თემებით სპეკულირებას და მართლაც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი არაპოლიტიზირებული გახდება, ამას მივესალმებით“, - აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ For.ge-სთან საუბარში და განმარტა, რომ მესამე ვადით არჩეული რექტორის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას და არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას აპირებენ.

მისი აზრით, როცა ხელოვანი ადამიანის მიმართ ჩნდება ეჭვები და მას დანაშაულში ამხელენ, ის აღარ უნდა იყოს თანამდებობაზე და ამაზე კულტურის სამინისტრო უნდა ზრუნავდეს. მით უფრო, გოგი მარგველაშვილის მისამართით არაერთი ბრალდება ისმის ღირსეული პროფესორებისგან.

რაც შეეხება საპროტესტო აქციის კიდევ ერთ მონაწილეს, კინორეჟისორ ლევან ანჯაფარიძეს, ისიც მანანა ბერიკაშვილს ამხელს, ოღონდ კინოცენტრის დირექტორ ნანა ჯანელიძის ლობირებაში. ანჯაფარიძე აცხადებს, რომ უკვე 10 თვეა, სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვის, თუმცა, უშედეგოდ. ამისთვის შიმშილობდა კიდეც. ანჯაფარიძის განმარტებით, კინოცენტრში ინტერესთა კონფლიქტი არსებობდა და სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებზე კონკურსი კანონდარღვევით ჩატარდა.

„ჩემი სიმართლე კულტურის სამინისტრომ და სახელმწიფო აუდიტმაც დაადასტურა, თუმცა კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებიათ. მას ხელს მისი ლობისტი მანანა ბერიკაშვილი აფარებს“, - აცხადებს ლევან ანჯაფარიძე.

ჩვენ მანანა ბერიკაშვილთან დაკავშირებას შევეცადეთ, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.