შს სამინისტრომ პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძესთან დაკავშირებულ ინციდენტზე, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შეტყობინების საფუძველზე, 125-ე მუხლით არის დაწყებული. აღნიშნული მუხლი ცემას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ხელვაჩაურში ადგილობირივ თვითმმართველობის არჩევნებისთვის „თავისუფალი საქართველოს“ სიის პირველი ნომერი, მერაბ ღოღობერიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძეს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.
როგორც ღოღობერიძე აცხადებს, ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ასათიანების ქუჩების კვეთასთან მეგობრებს ესაუბრებოდა, რა დროსაც ავტომობილი სანომრე ნიშნით „DUM 777“ გაჩერდა, გადმოვიდა მურმან დუმბაძე და მისი ძმა და მას გაუსწორდნენ. ღოღობერიძე პოლიციამ უკვე დაკითხა როგორც დაზარალებული.
„გუშინ ტელეფონის ნომერზე დამიკავშირდა ვინმე გიორგი გიორგაძე, რომელიც მემუქრებოდა ფიზიკური განადგურებით. ამის შესახებ შევატყობინე პოლიციას. გამოძიება დაიწყო მუქარაზე. როგორც პოლიციაში გავარკვიე ეს გიორგაძე აღმოჩნდა არერთგზის ნასამართლევი.
რაც შეეხება ამ ინციდენტს, ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც გადმოვიდნენ მურმან დუმბაძე და მისი ძმა ნუგზარ დუმბაძე. მურმან დუმბაძემ დედა შემაგინა, ხოლო მისი ძმა მომიახლოვდა და ფიზიკურად შემეხო. მოხდა ჩვენს შორის დაპირისპირება. ადგილზე გამოვიძახე საპატრულო პოლიცია, რომელიც კონფლიქტის დეტალებს არკვევს. ეს შემთხვევა დააფიქსირეს აღნიშნულ ქუჩებზე განთავსებული ობიქტების ვიდეოკამერებმა.
მურმან დუმბაძის ძმა, ნუგზარ დუმბაძე, რომელიც საჭეს მართავდა, იყო ნასვამ მდგომარეობაში, ჩვენს შორის გაიმართა ფიზიკური დაპირისპირება. ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ ის ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს“, -აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მერაბ ღოღობერიძემ.
დუმბაძესა და ღოღობერიძეს შორის კონფლიტი, იმ სატელეფონო ზარმა გამოიწვია, რომელიც მერაბ ღოღობერიძემ გამოაქვეყნა. საუბარია მურმან დუმბაძის შვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე, სადაც მურმან დუმბაძე „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელს შეხვედრას სთხოვს და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს.
„დამიკავშირდა მურმან დუმბაძის შვილი, საქმეს მირჩევდა ტელეფონით და მთხოვდა შეხვედრას. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე ამის ჩაწერა, როგორი ჟარგონით მაყენებდა შეურაცხყოფას. მეორედ რომ დამირეკა, უკვე, ჟურნალისტი ესწრებოდა ამას, ჩავწერე მისი საუბარი და იძულებული გავხდი გამომექვეყნებინა. ასევე გაზეთ „ბათუმელებში“ შეგიძლიათ ნახოთ სტატია, სადაც ბატონი დუმბაძე ამბობს, რომ თუ მოინდომებს 15 წუთში გამაქრობს. ის ითხოვდა ჩემს დაჭერას“, - აცხადებს ღოღობერიძე.
ამ ფაქტს ჰყავს თვითმხილველები, რომელიც დუმბაძესა და ღოღობერიძეს შორის მომხდარი ინცინდენტის შესახებ ღიად საუბრობენ. ტელეკომპანია „აჭარის“ ჟურნალისტი ემზარ დიასამიძემ ამბობს, რომ მერაბ ღოღობერიძეს ქუჩაში ესაუბრებოდა, რა დროსაც მურმან დუმბაძემ ავტომობილი გააჩერა და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჩადგა ამავე ტელევიზიის იურისტი მალხაზ ბოლქვაძე, რომელიც ასევე შეესწრო აღნიშნულ ინცინდენტს.
„მერაბ ღოღობერიძესთან ერთად ვიდექი და ვსაუბრობდით. მურმან დუმბაძემ მანქანით ჩამოიარა. ჯერ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ, მურმან დუმბაძის ძმა, ნუგზარ დუმბაძე გადმოვიდა მანქანიდან და მერაბ ღოღობერიძე და ის ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მურმან დუმბაძე ფიზიკურ დაპირისპირებაში არ ჩართულა“, - აღნიშნა ემზარ დიასამიძემ.
ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი და კოალიცია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი. კახი კალაძე აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის, თუმცა ფაქტებს აუცილებლად გაეცნობა და შესაბამისი რეაგირებაც მოხდება. მერაბ ღოღობერიძესთან კონფლიქტს და მით უფრო, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას კატეგორიულად უარყოფს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. როგორც მურმან დუმბაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მერაბ ღოღობერიძე შეურაცხადია და პირადად მას სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში უშლის ხელს.
„საქმე გვაქვს სერიოზულ, ვირუსულ დაავადებასთან ბათუმში. ეს კაცი ბოლო 5-6 თვის განმავლობაში პირადად ჩემი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას უშლის ხელს. მე ვერ მიბედავს პირადად, სადაც დამინახავს გარბის, მაგრამ შეუძლია ბიუროს კარებთან, სადაც მე ვმუშობ, მოვიდეს, აჭედოს, კვერცხები ესროლოს. შეუძლია პოლიციას დედა აგინოს იმის გამო, ეს კაცი აქ რატომ მუშაობსო. სახლში ამოვიდა ჩემთან და ეკლესიის მაკეტი დაწვა. ეს არის ფსიქიურად ავადმყოფი“, - განაცხადა დუმბაძემ.
მისივე თქმით, ის პირადად „ფეისბუქს“ იშვიათად ნახულობს, თუმცა უთხრეს, რომ ღოღობერიძის მიერ მისი მისამართით ადგილი ჰქონდა დედის გინებას.
„საკანონმდებლო ხარვეზია, მესმის, რომ ჩვენ თმენის ვალდებულება გვაქვს, მაგრამ დედის გინება მოუთმენელია. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ის ვინც დედას შეგაგინებს, პასუხი აუცილებლად გაეცით, მაგრამ მე არ მაქვს პასუხისმგებლობა აღებული სხვაზე, ჩემი შვილი იქნება მეგობარი თუ მხარდამჭერი, ვისაც ღირსება და პატივი აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ ის ხვალ, ზეგ ვინმემ სცემოს. ამ კაცის იზოლაციაა საჭირო.
როდესაც სახელმწიფო არის უძლური, ადამიანები თავის თავს იცავენ. პროკურატურა, სამმართველო, პოლიცია, ადგილობრივი უბანი, ყველა გაფრთხილებული მყავს მომაცილეთ ეს კაცი, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილება განვახორციელო. მე სიტყვიერად მივმართე ყველას. ერთი კვირის წინ კი, პოლიციის მთავარ სამმართველოს მივმართე.
ღურტაში რომ შეხლა-შემოხლა მოხდა, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის, მისი ორგანიზებულია. ინფექციაა ეს კაცი, ჩე გევარა გახდა. სულიერად ავადმყოფია და სახელმწიფომ ღონისძიებები უნდა გაატაროს, რომ თანამდებობის პირები დაგვიცვას, თორემ პასუხისმგბელობას ვერ ავიღებ, დედის გინების გამო ვერ გავჩერდები. მე თავს ვალდებულად მივიჩნევ ჩემი ოჯახი და ღირსება დავიცვა“, - აცხადებს მურმან დუმბაძე.
ღოღობერიძე აცხადებს, რომ სერიოზული დაპირისპირებაა მურმან დუმბაძის კლანსა და აჭარის ა-რ მთავრობას შორის.
„პრემიერ-მინისტრი და მთავრობა უნდა მიხვდეს, რომ მურმან დუმბაძე არაა ჩვენი ღმერთი. ის ცდილობდა მისი კლანის დანიშვნას წამყვან თანამდებობაზე და დიახ, მე შევუშალე ხელი. ამის არაერთი დოკუმენტალური ფაქტი არსებობს. ჩანაწერები არსებობს, ამოვიღებ ამ ჩანაწერებს და ნახავს საზოგადოება ყვრლაფერს. მურმან დუმბაძე უნდა მოსცილდეს აჭარას. ვპირდები, რომ მისი მმართველობა დასრულდება აჭარაში. ჩვენ ვუპირისპირდებოდით იმას, რაც ხდებოდა აჭარაში, მაგრამ გაცილებით რთული ვითარება მივიღეთ.
სერიოზული დაპირისპირებაა აჭარის მთავრობაში დუმბაძის კლანსა და მთავრობის მეთაურს შორის. იმის გამო, რომ არ ვაგინე არჩილ ხაბაძეს, ამის გამო, მურმან დუმბაძე დარბის და მაყენებს შეურაცხყოფას. არჩილ ხაბაძეს არ ვიცნობ, ერთხელ შევხვდი მას და საკამოდ დადებითად ვარ განწყობილი. რატომ უნდა ვაგინო არ მესმის. არჩილ ხაბაძისგან დანაპირები არ მომისმენია, აი ბათუმის მაჟორიტარისგან დანაპირები მოვისმინეთ, მაგრამ უარესზე უარესი მივიღეთ“, - აცხადებს მერაბ ღოღობერიძე.