მალხაზ წერეთელი პრეზიდენტს მიმართავს ჭიათურა საგანგებო ეკოლოგიურ ზონად გამოაცხადოს

მალხაზ წერეთელი პრეზიდენტს მიმართავს ჭიათურა საგანგებო ეკოლოგიურ ზონად გამოაცხადოს

ჭიათურა აქციებმა ისევ მოიცვა. ჭიათურაში პროცესები უმართავი ხდება. „ჯორჯიან მარგანეცის“ წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს ასობით მაღაროელი მართავს, რომლებიც კომპანიას მოთხოვნების დაკმაყოფილებას სთხოვენ. ჭიათურის მსგავსად, აქციები იმართება ზესტაფონში და ორი ქალაქის მოსახლეობა მიმდინარე პროცესებზე რეაგირებას ხელისუფლებას სთხოვს.

თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჭიათურაში? - ამის გარკვევის მიზნით, for.ge ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატს, მალხაზ წერეთელს ესაუბრა:

მაღაროებში დასაქმებული ადამიანები საპროტესტო აქციებს მართავენ. რას ითხოვენ მუშები?

- გაფიცულები „ჯორჯიან მარგანეცის“ ხელმძღვანელობას ხელფასების ზრდას, სამუშაო პირობების შექმნას, კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმებას და გაცდენილი დღეების ანაზღაურებას სთხოვენ. ამ დროისთვის, გაფიცულია შვიდი მაღარო და ხუთი ქარხანა. აქციის მონაწილეებს საგაფიცვო კომიტეტი აქვთ შექმნილი. ეს კომპანია შვიდი წელია, რაც საბადოზეა და ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს. ბოლო გაფიცვა 2012 წლის 15 ოქტომბერს იყო და შეთანხმება იქნა მიღწეული, მაგრამ სამწუხაროდ, მათ შეთანხმების პირობები არ თუ ვერ შეასრულეს. „ჯორჯიან მარგანეცი“ საქართველოში რკინიგზის შემდეგ მეორე დამსაქმებელია, მაგრამ დასაქმებულ ადამიანებს დაბალი ხელფასები აქვთ.

მუშები შრომის პირობების შექმნას ითხოვენ, კონკრეტულად, რა ვითარებაა ამ მხრივ?

- შრომის პირობები უმძიმესია. ამასთანავე, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების თვალსაზრისით წინ ნაბიჯი არ გადადგმულა. დასაქმებულთა ხელფასები კვლავ დაბალია და მათ ბოლო თვეში ისიც ვერ მიიღეს, რაც ეკუთვნით. ვერ მოხერხდა, რომ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე კომპანიასა და პროფკავშირებს შორის კონსულტაციები დაწყებულიყო. უნდა ითქვას, რომ კომპანიის მიერ სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნაც არ მოხდა. კომპანიას 12 ობიექტი აქვს და მათ ელემანტარული სველი წერტილების გაყვანაც ვერ მოახერხეს. ქარხნებში მედია საშუალებებს არ უშვებენ. საშინელებათა ფილმის გადაღება თუ ვინმეს სურს, მათ ამ ქარხნებში დეკორაციები არ დასჭირდებათ. როგორც გარეთ წვიმს, ისე შიგნით. წვიმის დროს ქარხნებში ტალახია, ქარის დროს - მტვერი. იქ ჯანმრთელობა კი არ ზიანდება, არამედ ეს ადამიანები სამსახურებიდან განადგურებული ჯანმრთელობით ბრუნდებიან.

თქვენ ბრძანდებით ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი. ამასთანავე ხართ ხელისუფლებაში. მიმდინარე პროცესებზეც პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ. მაღაროებში არსებული ვითარების თაობაზე ინფორმაცია თუ მიაწოდეთ მთავრობას და რა იყო მათი პასუხი?

- ხელისუფლებას მივმართავ მათი ჩარევა უფრო ქმედითი იყოს, რადგან შესაძლოა, პროცესები უმართავი გახდეს. არამარტო მუშა მოსამსახურეთა უფლებები ირღვევა, არამედ ჭიათურის მოსახლეობის უფლება, რომ ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ. ჭიათურა იცლება. 2006 წლიდან მოყოლებული სკოლებში 250-300 ბავშვით ნაკლები შედის. 12 სოფელი თავის არსებობას ამთავრებს. ეკოლოგიური გარემოს თვალსაზრისით, კატასტროფული ვითარებაა. მანგანუმის მოპოვება ღიად ხდება, იჩეხება ხეები, ნადგურდება ტყეები, საძოვრები, გზები და იკარგება ბუნებრივი წყაროები. მანგანუმის მოპოვების შემდეგ, ტერიტორიის მიტოვება რეკულტივაციის, ანუ აღდგენის გარეშე ხდება, რაც უდიდესი დანაშაულია, რადგან აღდგენის გარეშე დატოვებული მიწა გაუდობნოების პროცესს იწყებს. ჭიათურა კი განებივრებული არ არის, რომ ჰექტრობით მიწა დაკარგოს. ხალხის იქ ცხოვრება დღითიდღე შეუძლებელი ხდება.

როცა მანგანუმის დატაცებაზე საუბრობთ, თუ მიმართეთ შესაბამის ორგანოებს, რომელთაც უკანონო პროცესების აღკვეთა ევალებათ?

- მიმართული მაქვს სამართალდამცავი უწყებებისთვის, მაგრამ უშედეგოდ. კომპანიასთან ომი არც მე მინდა და არც ხელისუფლებას აწყობს. მანგანუმის დატაცების მასშტაბური ფაქტები ფიქსირდება. მსგავსი მასშტაბი ადრე არ ყოფილა. ეს არ არის ალმასი და ბრილიანტი, რომ ადამიანმა ისე გაიტანოს, ვერავინ შეამჩნიოს. არავინ არ ამბობს, რომ წვრილი მეწარმეების მიერ მანგანუმის მოპოვება არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ მათი საქმიანობა სამართლებრივ ჩარჩოში უნდა მოექცეს. მანგანუმის მოპოვების უფლება მხოლოდ „ჯორჯიან მარგანეცს“ აქვს. ამ ფირმებს ლიცენზია უნდა ეძლეოდეთ იმის გამო, რომ მარგანეცის ძველი ნაშთის გატანა აწარმოონ. ასეთი ლიცენზია ორ თუ სამ კომპანიას აქვს, მაგრამ საბადოზე ათობით კომპანიაა დაფიქისირებული. ფინანსური პოლიციას ეს ნაშთები შემოწმებული არ აქვს. ადგილობრივი პოლიცია კი ამბობს, რომ უძლურია. ამ პროცესებით „წიაღის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლი და „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონი ირღვევა. ამ პროცესებში ხელისუფლებამ ადეკვატური და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

მძიმე ეკოლოგიურ ვითარებაზე აპელირებთ. საქმის კურსში გარემოს დაცვის სამინიტრო ჩააყენეთ?

- ჭიათურაში არსებული ვითარების თაობაზე გარემოს დაცვის სამინისტრო ინფორმირებულია, მაგრამ მათი მხრიდან მეტი აქტივობაა საჭირო, რომ ეკოლოგიური პრობლემები მოგვარდეს. ლიცენზიების გაცემის დროს უწყება უფრო მკაცრი უნდა იყოს. საქართველოს პრეზიდენტს მივმართავ ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობის მხრივ არსებული ვითარება შეისწავლოს. „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონი გვეუბნება, რომ პრეზიდენტს შეუძლია ჭიათურა საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონად გამოაცხადოს. ჭიათურაში კი ამის ყველა ნიშანია.

ჯორჯიან მარგანეცისხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მათ მოგება არ აქვთ, რის გამოც პირობებს ვერ აუმჯობესებენ და პირიქით, ისინი რიგი ვალდებულებების გადახედვას ითხოვენ. რეალურად, რა ხდება მათგასდითთუ მართლა პრობლემების წინაშე დგანან?

- გასდით და რასაც უნდათ, იმას აკეთებენ. საუბრობენ, რომ მოგება არ აქვთ, მაგრამ მოგება მაშინ ჰქონდათ, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ 10 მლნ ლარი გადაურიცხეს? როცა მათ კანონის ფარგლებში ისე არ ვთხოვთ როგორც მოსათხოვია, შეიძლება ისინი ისე გათავხედნენ, რომ საქართველოს მთავრობას პირობების გადახედვა მოსთხოვონ. კომპანიამ უკვე მოითხოვა, რომ გარემოზე ზემოქმედების ნაბართვას გადავხედოთო. კომპანია პირობების შემსუბუქებას ითხოვს და აცხადებს, რომ პორტებში არ მოსწონს ფასები, ძვირია ელექტროენერგიის საფასური და ა.შ მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ვარციხეჰესი მათია. უამრავ რამეს ითხოვენ, რაც მიუღებელია. ალბათ, მთავრობა ამ მემორანდუმზე არ წავა, რადგან ეს იქნება დიდი დარტყმა ჭიათურისთვის.