საქართველოში კრიმინალის პრობლემა მუდმივად იდგა და ხელისუფლებები ამ სენს სხვადასხვაგვარად ებრძოდნენ. იყო დრო, როცა კრიმინალები ქვეყანასაც მართავდნენ და ადამიანებს ცხოვრების წესსაც კარნახობდნენ. შემდეგ იყო კულუარული მართვა და საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ კრიმინალის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლაა გამოცხადებული. ამის მიუხედავად, მძიმე, განსაკუთრებით მძიმე თუ ნარკოდანაშაულის არარსებობას აშკარად არ ვუჩივით და ეს განსაკუთრებით ნარკოდანაშაულზე ითქმის. მსოფლიოს ნებისმიერ ქიმიკოსს შეშურდება ის ცოდნა, რასაც ქართველი მომხმარებლები ნარკოტიკის დამზადებისას ავლენენ და ათასგვარი აკრძალვის მიუხედავად, ახალ-ახალ რამეებს იგონებენ.
ბოლო დროს განსაკუთრებით „ბიო-ნარკოტიკები“ მომრავლდა და რამდენჯერმე ფატალურ შედეგამდეც მივედით. სამწუხაროდ, ფატალურ შედეგამდე ძირითადად ახალგაზრდები მიდიან.
როცა მთავარ პროკურორად გიორგი ბადაშვილი დაინიშნა, საინტერესო განცხადება გააკეთა:
„ყურადღება უნდა მიექცეს სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების სტანდარტების ამაღლებას და მტკიცებულებების მოპოვების გზების დახვეწას, რაც პროკურატურის წარმოებაში გახმაურებული საქმეების მრავლად არსებობის პირობებში, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იქნება. ასევე, უნდა ამაღლდეს თითოეული საქმის გამოძიებისას საპროკურორო ზედამხედველობისა და საპროცესო კონტროლის ხარისხი, რაც შემდგომში სასამართლო სტადიაზე მყარ საფუძველს შექმნის პროკურორების მხრიდან სახელმწიფო ბრალდების კვალიფიციურად განსახორციელებლად“.
ამ განცხადების შემდეგ გაჩნდა იმედი იმისა, რომ რაღაც შეიცვლებოდა და დანაშაულის პრევენციის მიზნით, რაღაც ახალი მოხდებოდა. შედეგად, გაირკვა, რომ მთავარი პროკურორის ინიციატივით ნარკოტიკულ და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე საპროცესო შეთანხმების დადება ნაკლებად მკაცრი პირობებით გაჭირდება. უფრო მეტიც, საპროცესო შეთანხმების გაფორმების იმედი არ უნდა ჰქონდეთ იმ პირებს, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პრეზიდენტის შეწყალების შედეგად გამოვიდნენ და დანაშაული ისევ ჩაიდინეს.
ინიციატივა აშკარად საინტერესოა. პირველ რიგში, ეს ნარკოდანაშაულზე ითქმის. თუ აქამდე მომხმარებლებს იმის იმედი ჰქონდათ, რომ თუნდაც მარიხუანის მოხმარებისთვის ან სისხლში ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმას გადაიხდიდნენ, ახლა ასე აღარ იქნება. ანუ თითოეულ მათგანს ეცოდინება - მოიხმარს ნარკოტიკს, მკაცრად დაისჯება.
ამ საკითხზე ადვოკატთა პოზიციაც არანაკლებ საინტერესოა.
ლია მუხაშავრია: „ერთი შეხედვით არ არის ცუდი ინიციატივა. უფლებადამცველისგან ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ახლავე აგიხსნით რატომ ვფიქრობ ასე. ამჟამინდელი კანონის მიხედვით, პროკურორებს ნებისმიერ დანაშაულზე და ნებისმიერ დროს აქვთ საპროცესო გარიგების მოთხოვნის უფლება და ეს მათ უდიდეს უპირატესობას აძლევს. ეს თუ დარეგულირდება და გარკვეულ დანაშაულებზე აკრძალვა იქნება, გარკვეულწილად დააბალანსებს სიტუაციას. ბოლომდე ძნელია საუბარი, როცა დოკუმენტი არ მინახავს და დეტალები არ ვიცი. დამეთანხმებით, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე საპროცესო შეთანხმება ძალიან ძნელია მოსასმენადაც და განსახორციელებლადაც. დაზარალებული მხარის ინტერესებიც ხომ უნდა იქნეს გათვალისწინებული? პლუს ამას, ნარკოდანაშაული სხვადასხვაგვარია, მსუბუქ დანაშაულზე ცოტა არ იყოს მკაცრად მეჩვენება, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, დეტალებია საინტერესო“.
ირაკლი გაბრიჭიძე: „ერთმნიშვნელოვნად ცუდია. ეს ინიციატივა პატიმრების რაოდენობას გაზრდის ციხეებში. ჩემი აზრით, აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება ისიც, პირველად ჩადის პირი თუ არა დანაშაულს. მსუბუქ ნარკოტიკს რაც შეეხება, მომხმარებლის ციხეში ჩასმა, ცოტა არ იყოს უცნაურია. ბევრ ქვეყანაში მათ მკურნალობენ და ეს ჩვენშიც უნდა დამკვიდრდეს“.
გელა ნიკოლაიშვილი: „ადვოკატი ვარ და სანქციების გამკაცრებას არ ვეთანხმები. ამას ერთმნიშვნელოვნად ვამბობ ნარკოდანაშაულზე, რადგან მარიხუანაც ნარკოტიკად ითვლება და რა გამოდის, მისი მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში უნდა გამოკეტონ? ნარკომანებზე ხომ ვამბობთ, ავადმყოფები არიანო, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა ვუმკურნალოთ. ყველა დანაშაული ინდივიდუალურია და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, რატომ ჩაიდინა, რა იყო მოტივი და მიზანი. მგონია, რომ ეს შედეგს არ მოიტანს“.
ლალი აფციაური: „ნარკოდანაშაულზე ამის გაკეთება ძალიან რთული და, მე თუ მკითხავთ, არასამართლიანი იქნება. არის რაიმე პრევენციული ზომა იმისა, რომ იმ ერთი თუ ორი კვირის განმავლობაში, მომხმარებელს, რომელსაც ციხეში უშვებენ, როცა საშინელი ტკივილები და ე.წ. „ლომკა“ დაეწყება, რაიმეს უშველიან? მეორეს მხრივ, ეს კანონი გამავრცელებლებზე თუ გავრცელდება ის, ლოგიკური იქნება და არა მგონია, ვინმემ გააპროტესტოს... რთულია, როცა საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან, მაგრამ მიზეზიც ხომ საინტერესოა? ვერ გეტყვით, რომ ეს რადიკალური მიდგომა კარგი იქნება. ის ვარაუდი, რომ ამით დანაშაული შემცირდება, აბსურდია. არ მჯერა ამის“.
კომენტარისთვის მთავარ პროკურატურასაც მივმართეთ და პოზიცია საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ დოლიძემ დააფიქსირა.
„ჩვენ ნარკო და მძიმე დანაშაულებზე სანქციები გავამკაცრეთ. ეს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის ინიციატივაა. ახალი ინიციატივის ფარგლებში, ნარკოტიკის აღმოჩენის შემთხვევაში, პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. ჩვენი უწყება ასევე მკაცრად გააკონტროლებს ე.წ. „ბიოს“ მოხმარების საკითხს. პროკურატურის მუშაობა საზოგადოების უსაფრთხოებისა და სამართლიანობის დაცვისკენ არის მიმართული“, - გვითხრა დოლიძემ.
როგორც ხედავთ, პოზიცია არაერთგვაროვანია. პრინციპში, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ნარკოტიკების გამავრცელებლებზე მკაცრი სანქციები უნდა გატარდეს. რეალური შედეგის ბოლომდე განჭვრეტა ძნელია, მაგრამ ახლავე შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ციხის შიშით არა ერთი და ორი ადამიანი დაფიქრდება სანამ ნარკოტიკს მოიხმარს. მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს რაც შეეხება, ბევრს აქვს იმის იმედი, რომ თუნდაც ადამიანის დაჭრის გამო საპროცესო შეთანხმებით გარეთ დარჩება. ახლა კი, სანამ დანას მოიქნევს ან იარაღს გაისვრის, იმაზე დაფიქრდება, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ხანგრძლივ ციხედ დაუჯდეს.