სხეულის მოხატვის, ანუ მოსვირინგების ტრადიცია, ჯერ კიდევ ამერიკის ინდიელთა უძველეს ტომებს გააჩნდათ. იანკების ბელადები სხეულებზე მათ მიერ ჩადენილი გმირობების სცენებს იხატავდნენ, ვთქვათ ბიზონის მოკვლას ან მტრად გადაკიდებული სხვა ტომის ბელადის დამარცხებას. თუმცა სვირინგის გაკეთების უფლება მხოლოდ ბელადს როდი ჰქონდა. რიგითი ინდიელები უმეტესად საკუთარ სახელთან დაკავშირებულ სურათებს იხატავდნენ, მაგალითად არყის ხეს, კოიოტს, ირემს და ა. შ.
ძველი ინდიელები ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ მათ მიერ შემოღებული ტატუს ტრადიცია მრავალი წლის შემდეგ, უკვე 21-ე საუკუნეში ძალზე მოდური გახდებოდა... თუმცა სვირინგი მხოლოდ ამ საუკუნის ახალგაზრდათა გატაცება როდია.
იგი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო პოპულარული. სვირინგს განსაკუთრებით კრიმინალები სწყალობდნენ, რომლებიც ინდიელი ბელადების მსგავსად, თავიანთ “საქმეთ საგმირონთ” იხატავდნენ სხეულებზე. აღსანიშნავია, რომ კრიმინალთა შორის ტატუს შემთხვევაშიც ერთგვარ იერარქიას ჰქონდა ადგილი. მაგალითად, თუ არიფი “ნაკოლკის” ნაცვლად ქართულ ტატუს გაიკეთებდა, მკაცრად დაისჯებოდა.
რაც შეეხება თანამედროვე ტატუს, მასზე რაიმე იერარქია არ ვრცელდება და ყოველ მსურველს ნებისმიერი ფორმისა თუ შინაარსის გამოსახულება შეუძლია ამიტვიფროს ნებისმიერ ადგილზე. აღსანიშნავია, რომ დღეს სვირინგისადმი ინტერესს ორივე სქესის წარმომადგენლები თანაბრად იჩენენ.
”ტატუ ბევრ პრობლემას მიქმნიდა”
ლელა ქავთარაძე, 19 წლის სტუდენტი: “ტატუ ბევრ ჩემ მეგობარ გოგონას აქვს. თავიდან ოჯახიდან და ნათესავების მხრიდან მრავალ პრობლემას წააწყდნენ, მაგრამ ახლა უკვე ყველა შეეგუა. ალბათ მეც გავიკეთებ სვირინგს, თუმცა ჯერ არ გადამიწყვეტია, რას ამოვიტვიფრავ და სხეულის რომელ ნაწილზე. ჩემი აზრით ტატუ დიდი გემოვნებით უნდა იყოს გაკეთებული. ნამდვილად არ მინდა იმათ დავემსგავსო, ვისაც მთელი ფლორა აქვს სხეულზე გამოსახული.
მამუკა მენთეშაშვილი, 20 წლის სტუდენტი: “ჩემი აზრით ადამიანის ტიპზეა დამკიდებული მოუხდება თუ არა სვირინგი. ზოგს მართლა ძალიან უხდება იგი და ისე ბუნებრივად აქვს სხეულზე, როგორც ხალი. ზოგს კი პირიქით - აშკარად ეტყობა, რომ სხვისი მიბაძვით აქვს სხეული მოხატული და ძალიან ქაჯურადაც გამოიყურება. სამი თვის წინ ორი ტატუ გავიკეთე მკლავზე. პირამიდები მახატია ბეჭებზე და იქიდან გამომდინარე, რომ გერმანიის ნაკრებს ვგულშემატკივრობ ფეხბურთში, მათი ემბლემაც მაქვს ამოტვიფრული. პირადად მე, სვირინგები ძალიან მომწონს, მით უმეტეს, რომ ჩემი “ნაკოლკები” სამუდამოა და არა ორ-სამ წლიანი”.
ნათია ბერიძე, 22 წლის, არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი: “თავიდან ტატუს გაკეთება რომ დავაპირე, მეგონა მამაჩემი მომკლავდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, არათუ გაბრაზდა, მირჩია კიდეც როგორი სვირინგი უფრო მომიხდებოდა. პრობლემები მხოლოდ ძმასთან შემექმნა, თუმცა ბოლოს ისიც დავიყოლიე.. .
ზაფხულში, როცა უსახელო მაისურები გვაცვია, ყველაზე თვალნათლივ ჩანს ქართველების დამოკიდებულება სვირინგისადმი. ამის გამო არერთხელ შემქმნია პრობლემა უცნობ, არამკითხე ადამიანებთან. თუმცა ეს კომპლექსიც დავძლიე და ახლა უკვე ნამდვილად აღარ ვაქცევ ყურადღებას ვიღაც კრეტინებს, მხოლოდ იმაზე რომ ფიქრობენ როგორ გააკრიტიკონ სხვები, შინ კი ამ დროს შეიძლება ოთხი ბოზი ჰყავდეთ”.
“მთავრია კლიენტმა მოიდომოს”
ჩვენ გავესაუბრეთ თბილისში სვირინგების ცნობილ ოსტატს ნადეჟდა ტამოევას, რომლის კლიენტებიც, როგორც წესი გოგონები არიან. მის მოძებნაში ტატუს სპეციალისტი რამდენიმე მამაკაცი დაგვეხმარა, რომლებმაც ერთხმად აღიარეს ქალბატონის უპირატესობა.
ნადეჟდა ტამოევა, ტატუს სპეციალისტი: “ეს ხელობა ჩემი განსვენებული ქმრისგან ვისწავლე. მან რვა წელი ციხეში გაატარა და იქ გაიგო “ნაკოლკის” კეთების მთელი მუღამი. გულდასმით ვაკვირდებოდი ხოლმე როგორ აკეთებდა სვირინგს და ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ მეც შემეძლო მისი გაკეთება.
რაც შეეხება ტატუს მნიშვნელობას, ის დღეს სამკაული უფროა, ვიდრე “იდეინი” ნიშანი, როგორც უწინ იყო.
- ძირითადად რა კატეგორიის ადამინები არიან თქვენი კლიენტები და უმეტესად რის ამოსვირინგებას გთხოვენ ხოლმე?
- ბევრნაირი ადამიანი მაკითხავს, თუმცა ძირითადად თინეიჯერი გოგონები. როგორც წესი, ისინი ერთ ან ორ წლიან ტატუს იკეთებენ, რადგან ეშინიათ მოდიდან არ გადავიდეს და სამუდამოდ არ დარჩეთ სხეულზე ნახატი. თუმცა, აგერ უკევ ექვს წელზე მეტია, რაც ვმუშაობ და ტატუ მოდიდან ჯერ არ გადასულა. ის კი არა, კლიენტების რიცხვი თანდათან მატულობს. ზოგი სამჯერ და მეტჯერაც მაკითხავს და ახალ-ახალი ტატუს გაკეთებას მთხოვს.
რაც შეეხება სვირინგების შინაარსს, ათიდან ცხრა შემთხვევაში კლიენტი მეუბნება რა სურს და მეც მის თხოვნას ვასრულებ. თუმცა არის შემთხვევბი, როცა კლიენტმა არც კი იცის რის ამოტვიფვრა სურს. ასეთ დროს ნიმუშებს ვაჩვენებ და იმის მიხედვით ირჩევენ.
თუ საიდუმლო არ არის, რა ღირს ერთი ტატუ და ამ საქმიანობიდან შემოსავალი რამდენად სოლიდურია?
- ტატუს ფასი მისი ზომისა და სირთულის მიხედვით განისაზღვრება _ 50 ლარიდან იწყება და არცთუ იშვიათად 200 დოლარსაც აჭარბებს. გარდა ამისა, ფასი იმაზეცაა დამოკიდებული, მიდმივი ტატუს დახატვა სურთ თუ დროებითის, როგორი ფერებით უნდა შესრულდეს.
რაც შეეხება შემოსავალს, ამ მხრივ ბედს ნამდვილად არ ვუჩივი. კლიენტურა განსაკუთრებით ზაფხულში იმატებს ხოლმე. ყოფილა შემთხვევბი, როცა თვეში ხუთი-რვა ათასი დოლარი მიშოვია. ერთი სიტყვით, მთავარია კლიენტს სურდეს და არანაირი პრობლემა არ იქნება.