სააკაშვილს ტყუილში სახალხო დამცველიც ამხელს

სააკაშვილს ტყუილში სახალხო დამცველიც ამხელს

 

სააკაშვილი-კალმახელიძის მორიგი ტყუილი სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით დაადასტურა - გასული წლის ნოემბერში, ”ევროსტანდარტების შესაბამის”, დიდი ზარ-ზეიმით გახსნილ ქალთა №5 საპატიმრო დაწესებულების ყველა საკანში ბეტონის იატაკია, გათბობის და წყალგაყვანილობის სისტემა მოშლილია, საკნები დანესტიანებული. ასეთია იმ წერილის მოკლე შინაარსი, რომლის ადრესატი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილია. ამ წერილის ასლი სწორედ მან გადმოგვცა. ოდნავ ქვემოთ შემოგთავაზებთ ინტერვიუს ზაზა ხატიაშვილთან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 18 იანვარს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელზეც ქალთა №5 საპატიმრო დაწესებულებაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ საპატიმრო დაწესებულების საკნებში პატიმრებს პირდაპირ ბეტონის იატაკზე უხდებოდათ ყოფნა...

ხატიაშვილმა წერილობით მიმართა სახალხო დამცველს და სასჯელაღსრულების სამინისტროს. ამ უკანასკნელმა უპასუხა რომ პატიმრები ევროსტადნარტების შესაბამის პირობებში იხდიან სასჯელს. სახალხო დამცველის აპარატიდან კი ხატიაშვილს გვერდნახევრიანი წერილი გამოუგზავნეს, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ის პრობლემები, რასაც აწყდებიან სამი თვის წინ გახსნილ საპატიმრო დაწესებულებაში.

რუსთავის №5 ქალთა საპატიმროს ტელეგახსნა გასული წლის 6 ნოემბერს მოხდა. მიხეილ სააკაშვილი საპატიმროს სამზარეულოში ჟურნალისტებს, მოხარშული კარტოფილით და სოსისით სავსე მწვანე ფერის პლასტმასის ჯამით ხელში უხსნიდა ”ევროსტანდარტების შესაბამისი” საპატიმროს სიკეთეებს. მათ შორის იქვე მოხარშული ბორშის ამბავს - ასეთ ბორშს და ესეთ დონეზე, საქართველოში ოჯახების დიდი პროცენტი  ყოველდღიურად შეიძლება ვერ ხარშავსო.

ტელევიზიებისთვის მიცემულ ორაბზაციან კომენტარში ხათუნა კალმახელიძემ სამჯერ გაიმეორა ის, რომ ამ საპატიმრო დაწესებულებაში ყველაფერი ევროსტანდარტების შესაბამისია. არადა, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგში საპირისპირო რამ წერია. სხვა ფაქტებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ, ზაზა ხატიაშვილთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ”ყველა საკანში იატაკის საფარი არის ბეტონის.”

რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ იმათ, ვინც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა?

ზაზა ხატიაშვილი: მსგავს შემთხვევაში, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მინისტრს პასუხისგებაში მისცემდნენ იმისთვის, რომ საზოგადოება მოატყუა და პატიმარი ქალები დაუმთავრებელ ციხეში გადაიყვანა (პნევმონიის საშიშროების ქვეშაა ყველა პატიმარი ქალი), ხოლო ქვეყნის პირველ პირს, იმპიჩმენტი არ ასცდებოდა.

სახალხო დამცველმა მომწერა, რომ №5 საპატიმრო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა დეტალურად აისახება მის ანგარიშში, რასაც მივესალმები. როცა ადამიანი  გასაკრიტიკებელია, მკაცრად ვაკრიტიკებ, მაგრამ როცა შექების ღირსია - ვაქებ. სახალხო დამცველმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან წესიერად იმუშავა.

№5 საპატიმრო დაწესებულებაში ექვსი ადვოკატი იხდის სასჯელს. გასულ თვეში სწორედ მათგან მივიღე შემაშფოთებელი წერილი, რომელშიც მოთხრობილი იყო იმის შესახებ, თუ როგორ გადაიყვანეს დაუმთავრებელ ციხეში და პირდაპირ როგორ დაყარეს (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ბეტონის იატაკზე ჩვენი დები, დედები, მეგობრები და როგორ აიძულებდნენ მათ არაადამიანურ პირობებში ეცხოვრათ.

არადა, ”დემოკრატიის შუქურად” გამოცხადებული სააკაშვილი კალმახელიძესთან ერთად გამობრძანდა და საზოგადოებას ამცნო, რომ გაიხსნა დასავლური ტიპის საპატიმრო დაწესებულება, სადაც თურმე ისეთი ბორში ექნებათ, როგორიც საქართველოს ბევრ ოჯახში ენატრებათ. ამგვარი განცხადება არის საკუთარი ხალხის დაცინვა.

იქვე ისიც თქვა, მართალია არ იმსახურებენ ევროსტანდარტებს და ასეთ სმა-ჭამას, მაგრამ მათი ოჯახების მძიმე მდგომარეობას ვითვალისწინებთო.

- დიახ, დაახლოებით მაგდაგვარი განცხადება გააკეთა და რომ ვუსმენდი, ვიფიქრე ამ ადამიანმა როგორც იქნა დაიწყო სამართლებრივი აზროვნება, ნორმალურად საუბარი და ქალებს მაინც შეუქმნის ნორმალურ პირობებს-მეთქი, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ მთელი ქვეყანა მოატყუა. მისი და კალმახელიძის ტყუილით სავსე განცხადებები ტელეეთერით გავიდა და მთელი დღის განმავლობაში, ყველა საინფორმაციო გამოშვება ამას იმეორებდა.

18 იანვარს, როდესაც ბრიფინგი ჩავატარე და ვთქვი, ”დემოკრატიის შუქურამ”  მოგვატყუა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა და კიდევ ერთხელ დაგვცინა-მეთქი. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ეს განცხადება გავიდა ოცჯერ ნაკლები დროის მონაკვეთით, ვიდრე-სააკაშვილი-კალმახელიძის სიცრუით გაჯერებული განცხადებები.

საპატიმრო დაწესებულებაში ქალების ასეთ პირობებში ყოფნა არის ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევა - არაადამიანური, არაჰუმანური  მოპყრობა. სპეციალურად ამ საკითხზე გამართული ბრიფინგის შემდეგ მივმართე კალმახელიძის უწყებას და სახალხო დამცველს. კალმახელიძის უწყებიდან მომწერეს, კარგ პირობებში გვყავს პატიმრებიო, მაგრამ ბეტონზე რომ დაყარეს, ამაზე პასუხი არ გამცეს. სახალხო დამცველის ოფისმა ჩემი განცხადების საფუძველზე საპატიმრო დაწესებულება შეამოწმა და რაც მე ვთქვი, ის დაადასტურა.

ვსვამ კითხვას - სახალხო დამცველისგან გამოგზავნილი აი, ამ წერილის შემდეგ პრესკონფერენცია რომ ჩავატარო, იგივე დროს დამითმობენ, რასაც, ვთქვათ, კალმახელიძეს უთმობენ ტყუილების სალაპარაკოდ? წელიწადი და სამი თვეა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვარ და ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივ არხზე არც ერთხელ მივუწვევივარ. ეს ნიშნავს იმას, რომ პირველმა არხმა პერსონა ნონგრატად გამომაცხადა.

რატომ, რას გერჩიან?

- მოგახსენებთ. როგორ შეიძლება გადაცემაში იმსჯელო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე და  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე არ მიიწვიო, რადგან ის ამბობს, რომ ეს არის მარაზმი და სააკაშვილის რეჟიმის მორიგი ფარსი?! მეტსაც გეტყვით - ეკა ხოფერიას გადაცემაში ჩამწერეს, რეკლამები ტელეეთერით ტრიალებდა, მაგრამ გადაცემაში არ ვჩანდი, რადგან ჩანაწერი დაჩეხეს და ის მონაკვეთი, რომელშიც ვსაუბრობდი - ამოჭრეს.

მაინც რა თქვით იმ გადაცემაში?

- მე ვასაბუთებდი, რომ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი ადვოკატთა კორპუსს  ანადგურებს, უუფლებოდ ტოვებს-მეთქი. ვთქვი ისიც, რომ ის საერთაშორისო ორგანიზაცაციები, ვინც ამ კოდექსს მხარდაჭერა გამოუცხადა, არიან სამოქალაქო საზოგადოების მტრები-მეთქი. საერთოდ, ამ თემაზე არც ერთი სიუჟეტი არ მომზადებულა. ისე, არა მარტო პირველ არხს, არამედ, ”მაესტროსაც” არ მივუწვევიარ ეთერში, რაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გავხდი.

ამ არხის ხელმძღვანელმა, კობა ბექაურმა საჯაროდ რომ განაცხადა, ეროსი კიწმარიშვილი ჩემს საქმიანობაში ერევაო, ბატონ ბექაურს მივწერე - კიწმარიშვილმა დაგირეკათ და გაგაფრთხილათ ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის დასკვნა არ გააშუქოო?!

ძალიან გთხოვთ, თქვენ მაინც ნუ ამოჭრით თქვენს კოლეგებზე გაკეთებულ ჩემს განცხადებებს. აი, მაგალითად, ალეკო ელისაშვილი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ნიჭიერ ჟურნალისტად. ელისაშვილმა საყვარელი რესპონდენტი, თეა თუთბერიძე დაისვა ეთერში პოლიციის ჰიმნთან დაკავშირებით სასაუბროდ და ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის დასკვნაზე სიტყვა არ დაუძრავს. ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიამ აღიარა, რომ საქართველოში მიმდინარეობს ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნა.

ალბათ, ტელევიზიებმა საჭიროდ არ ჩათვალეს ამ ამბის გაშუქება.

- როგორ გეკადრებათ?! საქმე სხვა რამეშია. ჯერ ”იბერიაში” და შემდეგ - ”იმედში” სპეცრაზმი რომ შეიჭრა, ჟურნალისტები იატაკზე დაყარა და მაუწყებლობა გათიშა, ჟურნალისტთა კორპუსმა ვერ იბრძოლეთ. როგორ შეიძლება ჟურნალისტებთან ასე მოქცევა შერჩენოდა ”დემოკრატიის შუქურას”?!

დადო ვინმემ დასკვნა, ჟურნალისტთა კორპუსის ინსტიტუციონალურ დევნაზე?! ეს არავის გაუკეთებია რადგან ამგვარი მოთხოვნაც არ ყოფილა თავად თქვენი მხრიდან. ზემოთ მკითხეთ, რას გერჩიანო და, როგორც ჩანს, ტელეკომპანიებმა დაინახეს, რომ ადვოკატთა დევნაზე პროცესი სწორად წარვმართე და ამიტომ, სპეციალურად შეკრეს პირი, რომ ჩემი მობაძვის სურვილი არ გაუჩნდეს ვინმეს. აბა, სხვა რა უნდა იფიქრო ადამიანმა?!

საერთოდ, დემოკრატიის ხარისხი ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროფესიის (ჟურნალისტი, ადვოკატი) მქონე ადამიანების უფლების და თავისუფლების ხარისხით იზომება. ჩვენს ქვეყანაში პირველი ფაქტიურად განადგურებულია და მეორე ახერხებს ევროსასამართლოს მეშვეობით ამხილოს ეს რეჟიმი ადამიანის უფლებების აყრაში, წამებაში და განადგურებაში. სწორედ ამიტომ ევროპაში საქართველოს ხელისუფლებას და მის პირველ პირს აღარ უყურებენ, როგორც დემოკრატიის შუქურას, როგორც რაღაც სასწაულს. ეს გავაკეთეთ ადვოკატებმა - ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში დავადასტურეთ ამ ხელისუფლების მიდრეკილება მოქალაქეთა ღირსებების შელახვისა და წამებისაკენ.

ამიტომ სააკაშვილმა ნომერ პირველ მტრად გამოაცხადა ადვოკატთა კორპუსი. დღეს ადვოკატობა სარისკოა - როგორც მეშახტე ჩადის შახტაში და არ იცის იქიდან ცოცხალი ამოვა თუ არა, ისე არ იცის ადვოკატმა სააკაშვილის რეჟიმი დაიჭერს თუ არა, როცა სამართლებრივად იცავს თავის კლიენტს და არ მიდის საპროცესო გარიგების გზით.

რა პასუხი გასცა ხელისუფლებამ საერთაშორისო ობსერვატორიის და  ევროპის ადვოკატთა ასოციაციას, ქართველი ადვოკატების დევნა-შევიწროების ფაქტებზე?

- რა პასუხი გასცა და, პოლიციელებმა ერთ-ერთი ადვოკატი გააჩერეს და სცემეს - გამხდარი ხარო და ნარკოლოგიურში წაიყვანეს. პროცესზე ვიყავი და საკუთარი თვალით ვნახე მოსამართლემ როგორ ურცხვად დააჯარიმა ადვოკატი 400 ლარით - პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიე და იმიტომ გაჯარიმებო.

საქართველოში ადვოკატების დევნა და ცემა-ტყეპა გრძელდება - ეს არის პასუხი იმ წერილებზე, რომელიც სააკაშვილს მიწერეს. ამ ბოლო ფაქტის შესახებ აუცილებლად ვაცნობებ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს. ”დემოკრატიის შუქურა” იმდენადაა ამოვარდნილი სამართლებრივი ასე ვთქვათ, რელსებიდან, გულითაც რომ უნდოდეს ადვოკატების შეურაცხყოფისგან თავის შეკავება, ამას ვეღარ შეძლებს.