საუნა, ქალები, ანაშა და...

საუნა, ქალები, ანაშა და...

გუშინ რვა მარტი იყო, ქალთა საერთაშორისო „დაცვისა და უფლებების“ დღე. ამ ზეიმს ბავშვობის ასაკიდან ავღნიშნავ და ახლობელ „სუსტი სქესის“ წარმომადგენლებს სხვადასხვა საჩუქრებს ვჩუქნი, რომელთა ღირებულებაც ჩემი ჯიბის სისქეზეა დამოკიდებული. სიმართლე ითქვას და ბოლო პერიოდში ეს საჩუქრები რამდენიმე კონა ყვავილს თუ მოიცავს.

გუშინ რვა მარტი იყო. პოლიტიკაზე და „ოცნება-ნაციონალების“ შეუსრულებელ დაპირებებზე საუბრით დღეს თავს არ შეგაწყენთ.

გუშინ რვა მარტი იყო, დღეს კი კვირაა და მორიგი სახალისო ამბები უნდა წარმოგიდგინოთ. ალბათ მიხვდით, რომ დღევანდელი წერილის მთავარი „გმირები“ ქალები იქნებიან.

ნება მომეცით ტრადიცია დავარღვიო და წერილის დასაწყისში, „მოგონების“ ნაცვლად ერთი საინტერესო „ნიუსი“ წარმოგიდგინოთ.

„ისტორიამდელ დროში საზოგადოებაში დომინირებდნენ ქალები და არა მამაკაცები. სწორედ ისინი ითვისებდნენ ახალ სივრცეებს, ეძიებდნენ ახალ საკვებ საშუალებებს, იმ დროს, როდესაც მამაკაცები მორჩილად ისხდნენ გამოქვაბულებში“, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი სწავლულები.

ეს კვლევა თავდაყირა აყენებს ტრადიციულ წარმოდგენას ძველ მამაკაცზე, რომელიც, თითქოსდა, ხელს სტაცებდა შეყვარებულ ქალს თმაში და გამოქვაბულში მიათრევდა.

ამისთვის კი საკმარისი აღმოჩნდა, მკვლევრებს თანამედროვე საშუალებებით შეესწავლათ მინანქარი იმ თავის ქალების, ეშვებსა და სიბრძნის კბილებზე, რომლებიც აფრიკის სამხრეთში ორ გამოქვაბულში იპოვეს. გაქვავებული ნაშთები 1,8-2 მილიონი წლისაა. მათ ამ მასალას ანალიზი გაუკეთეს სტრონციუმის იზოტოპის შემცველობაზე, რაც აჩვენებს, ნაშთები ადგილობრივ მცხოვრებლებს ეკუთვნის, თუ ისინი ამ ადგილებში შორიდან მოვიდნენ.

ქალებისა და მამაკაცების ცხოვრების წესში გამოვლენილმა სხვაობამ სრულიად მოულოდნელი შედეგი აჩვენა: მოსული აღმოჩნდა ქალების ნახევარზე მეტი, მამაკაციდან კი უცხო მხოლოდ 10 პროცენტი იყო. ამ კვლევით მეცნიერებმა პირველად მიიღეს მონაცემები ადრეული ჰომინიტების გადაადგილების შესახებ.

კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ვარაუდით, „ის ფაქტი, რომ მამრები უპირატესად ადგილზე რჩებოდნენ, ირიბად უწყობდა ხელს მდედრებს, თავიდან აეცილებინათ ახლო ნათესაური შეჯვარება“.

იყო დრო როდესაც საზოგადოებაში თურმე ქალები დომინირებდნენ. ალბათ სჯობს ამ თემაზე საუბარს წერტილი დავუსვათ და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ნება მომეცით ერთი „სახალისო-კრიმინალური“ ისტორია გაგაცნოთ. რასაკვირველია ამ ამბავში აქტიურ როლს ქალები თამაშობენ. ამ „შემთხვევის“ მთხრობელის ვინაობას კი საიდუმლოდ შევინახავ.

„ვლადიმირის ოლქში ერთი პატარა ქალაქია, სახელწოდებით -  გუსხრუსტალი. ასე, ასი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს ტყეებით, ორი დიდი ტბითა და ჭაობებით გარშემორტყმულ ქალაქში, რომლის მთავარი ღირსება ბროლის ქვიშის მოპოვება და გადამუშავებაა. ქალაქის ნახევარი ბროლის ქარხანას უკავია, რომელშიც მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი მუშაობს.

2001 წელს გუსხრუსტალში ვიყავი სტუმრად ჩემს ნათესავთან, რომელსაც პატარა ფურნე ჰქონდა მოწყობილი მენდელეევის 6 ნომერში. მეც მათთან ვმუშაობდი, რამდენიმე ხანს მათთან ვცხოვრობდი, მერე ცოტა ფული გამიჩნდა და ცალკე ვიქირავე ბინა - საკუთარი სახლის მეორე სართულზე ერთი კაი დიდი ოთახი მეჭირა. მოკლედ, ერთ კვირა დილას, 10 საათისთვის, აივანზე გამოვედი გასაბოლებლად, სიგარეტს მოვუკიდე და ჩაფიქრებულმა გავხედე თოვლით დაფარულ სახლებსა და ეზოებს. უცებ ჩემ გვერდითა სახლის სარდაფიდან ხუთი სრულიად შიშველი ქალი გამოვარდა და თოვლში დაიწყეს გორაობა, დარბოდნენ, იცინოდნენ, თოვლს მუჭაში იქცევდნენ და ტანზე ისვამდნენ. გაოცებული, გაფართოებული თვალებით ვუყურებდი ამ წარმოუდგენელ სანახაობას. ორი მაისური მეცვა, ზემოდან კიდევ - ქურთუკი და, მაინც მციოდა, ისინი კი სრულიად შიშვლები დარბოდნენ ამ ყინვასა და თოვლში. მალე შემამჩნიეს და ხელების ქნევა დამიწყეს - ჩამო, შემოგვიერთდიო.

ცოტა ავიბუზე იმის ნიშნად, თქვენსავით თოვლში შიშველი ვერ ვირბენ-მეთქი, მაგრამ, ერთ-ერთმა დამიძახა, სახლში შევიდეთ, აქ ხუთი წუთით გამოვედით გასაკაჟებლადო. წარმოიდგინეთ, ვინ ოხერი არ ჩავიდოდა, ვინ ეტყოდა ხუთ სრულიად შიშველ ქალს ჩასვლაზე უარს?! ჰოდა, მეც წუთში მათ კამპანიაში აღმოვჩნდი. სარდაფი აბანოდ ჰქონდათ გადაკეთებული და კარგად მოწყობილი: ერთ მხარეს დიდი „ფეჩი“ ენთო, შუაში კი კარგა დიდი მაგიდა იდგა, რომელზეც უამრავი სასმელ-საჭმელი ელაგა. შიგნით შესულებმა დიდი პირსახოცები შემოიხვიეს ტანზე და სუფრას მივუსხედით. თავიდან, გამომკითხეს, საიდან ხარ, აქ რას აკეთებო. რომ გაიგეს, ქართველი ვიყავი, თამადად დამნიშნეს - შენ კარგი სადღეგრძელოები გეცოდინებაო. თან, შემომიჩნდნენ, გინდა თუ არა, ტანსაცმელი გაიხადეო. თავიდან უარზე ვიყავი, მაგრამ არ მომეშვნენ და, მეც მეტი რა გზა მქონდა - ტანსაცმელი გავიძრე და პირსახოცშემოხვეული დავჯექი სუფრის თავში.

რამდენიმე ჭიქის მერე სითამამე მომემატა და გავშინაურდით. ამ დროს ერთ-ერთმა „კასიაკს“ მოუკიდა და ჩამოატარეს. ორი ნაფაზი დავარტყი და გადავაწოდე, კიდევ ჩამოატარეს. უკვე აღარ მინდოდა, მაგრამ, ქალებს ხომ არ ჩამოვრჩებოდი - ორი ნაფაზი კიდევ გავუშვი ფილტვებში. თავიდან, ვითომ არაფერი, თავს ვიჭერდი, მერე კი თვალებზე ბინდი გადამეკრა. პირი გამიშრა და სადღაც შორს გამისროლა ფიქრებმა. ისინი გიჟებივით ხარხარებდნენ, მე კი თითქოს იქ აღარ ვიყავი.

უცებ შიდა კარი გაიღო და ათლეტური აღნაგობის ტიტლიკანა კაცები შემოლაგდნენ. ამაზე სიცილი ამივარდა - თან ერთ ხელს ჩემ გვერდით მჯდომს ვურტყამდი ბეჭზე, მეორეს კაცებისკენ ვიშვერდი და, თან, ლაღად ვხარხარებდი. ყველა გაჩერდა და მე შემომაჩერდა, მე კი ვიძახდი, როგორ ვერ ხედავთ, ნახეთ, რამდენი ტიტველი კაცი დგას-მეთქი. ერთმა გამაჩერა და მითხრა, როგორ ვერ ვხედავთ, ესენი ჩვენი ქმრები არიანო. ჯერ ჩვენ ვიყავით „პარში“ შესულები და ამიტომაც გამოვცვივდით თოვლში. მერე კი კაცები შევიდნენ, დრო გავიდა და გამოვიდნენო. ენა ჩამივარდა, შიშის ჟრუანტელმა დამიარა სხეულში და თმა ყალყზე დააყენა. ეს ძრწოლა, ალბათ, ჩემს სახეზეც აისახა, რადგანაც ერთმა მკითხა, ცუდად ხომ არ ხარ, ფერი სულ დაკარგული გაქვსო. უცებ ყველამ სიცილი დაიწყო. ვიღაცამ დაიძახა, ამას ახლა გამოფხიზლება უნდაო, ხელი დამავლეს და ხის გრძელ მაგიდაზე დამაწვინეს მუცლით, მერე თითქმის მდუღარე წყალში დაასველეს სპეციალური ცოცხები და მთელ ტანზე დამიშინეს, აი, მაშინ კი ვიღრიალე - რას შვრებით, მტკივა-მეთქი. მათაც, აზრზე მოდისო და, უფრო გაახშირეს დარტყმები.

შეჩერდნენ თუ არა, წამოვხტი და გარეთ გამოვვარდი. ქუჩაში გამავალ კართან მივხვდი, რომ სულ შიშველი ვიყავი. რაღა უნდა მექნა, უკანვე მივბრუნდი და ფრთხილად შევაღე კარი. ქალებმა - სად გაიქეცი, მოდი, ყველაფერი კარგად არისო. ძალიან გამიკვირდა, კაცები რომ ვეღარ დავინახე. ხმადაბლა ვიკითხე, თქვენი ქმრები სად წავიდნენ-მეთქი. ამაზე კიდევ ბევრი იცინეს - რა კაცები, რის კაცები, კაცები რომ გვყოლოდა, აქ შენ რაღას დაგიძახებდითო. თურმე, ის კაცები ჩემი ჰალუცინაციის ნაყოფი ყოფილა, ამიტომაც უცდიათ გამოფხიზლება. ისევ გავაგრძელეთ მხიარულება. მხოლოდ ეს იყო, ყოველ წამს იმ კარისკენ ვიყურებოდი და ვერ დამეჯერებინა, მომელანდა თუ მართლა შეიძლებოდა ვინმე შემოსულიყო“.

რუსული „ისტორიის“ შემდეგ საქართველოში დავბრუნდეთ და რამდენიმე წუთით ბაკურიანში შევიაროთ. ნება მომეცით სიტყვა ბატონ გიორგი კორკოტაშვილს გადავცე, რომელიც ერთ სარვამარტო ისტორიას მოგვიყვება.

„შევარდენის“ ბიჭები შეკრებაზე დავდიოდით ბაკურიანში. ერთხელაც, ისე მოხდა, რომ 8 მარტსაც ბაკურიანში მოგვიწია ყოფნა. სპორტი სპორტია, მაგრამ, ჯენტლმენობა და ვაჟკაცობა მორაგბეებს არ ეშლებათ.

რა ვქნათ ახლა?

გოგოები ჩამოვლენ თბილისიდან და „მშრალად“ ვერ გამოვალთ.

მწვრთნელებმა განა არ იცოდნენ, მაგრამ, რა უნდა ექნათ?

ცუდ დღეში ვართ. არადა, არ შეიძლება.

შევიდა მწვრთნელი ჩვენს მდგომარეობაში და დაგვმოძღვრა:

- თითო ჭიქა – მეტი არა! თითო!

- თითო ჭიქა რა, მირონია? – გაბედა რომელიღაც ჩვენგანმა.

– კარგი, ორი იყოს, – წავიდა დათმობაზე მწვრთნელი.

– ღმერთი სამობითაა, სამი იყოს, – ვთქვით ჩვენ, გათამამებულებმა.

– ჯანდაბას თქვენი თავი... იყოს სამი, მაგრამ, გახსოვდეთ – მხოლოდ სამი!

ჩვენ ფიცი მივეცით, მწვრთნელი დამშვიდდა და... წავიდა გრიალი!

ქართველმა კაცმა ბავშვობიდან იცის, რომ სიტყვის გატეხა ცუდია. ასე ვიცოდით ჩვენც და არც გაგვიტეხია:

პირველი ჭიქა ჩვენი მთა-ბარის, ჩვენი სამშობლოს დიდებისა და ჩვენი წარმატებების შეისვა.

მეორე გალიცლიცებული ჭიქით, როგორც ტრადიცია და წესი მოითხოვდა, მანდილოსნები, 8 მარტის „მიზეზები“ დავლოცეთ და ჭიქაში „უდაბნო გავაჩინეთ“.

მესამე ჭიქით კი, რადგან რეგლამენტი იწურებოდა, სამი სადღეგრძელო ჩავტიეთ ერთ ჭიქაში. ასე რომ, არც ტრადიცია დაგვირღვევია, არც ღმერთისთვის გვიღალატია, არც მწვრთნელისთვის  და არც მიცემული სიტყვისთვის. ოღონდ, მესამე ჭიქის შემდეგ ვეღარც ერთმანეთს ვცნობდით და აღარც ის გვახსოვდა, ბაკურიანში ვიყავით თუ თერჯოლაში, მოკლედ, წვიმდა ცეკვა, თოვდა სიმღერა, დუღდა სიყვარული...

რამ დაგათროთ, კაცო, ასე სამ ჭიქაში, ასეთი დარჩეული ვაჟკაცებიო? – იკითხავთ, ალბათ.

რამ და, ჭიქა ლიტრიანი იყო, ბატონო“.