ქართველები, რუსები და ფუნქციონერები

ქართველები, რუსები და ფუნქციონერები

საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში რუსმა სპორტულმა ფუნქციონერებმა არაერთი ქართველი დაჩაგრეს და ამისი არაერთი მაგალითი ვიცით. კარგი და ცუდი ყველა ერში არსებობს. გაგიკვირდებათ და არაერთი ის ფაქტიც მოიძებნება, როდესაც რუსმა მწვრთნელებმა თანამემამულეები არ გაახარეს და გზა ქართველ ათლეტებს გაუხსნეს. სპორტი პოლიტიკისაგან შორს უნდა იდგეს. ამ მიზნით რუსულ-ქართული სპორტული ურთიერთობების რამდენიმე დადებით და სამაგალითო შემთხვევას გავიხსენებ.

ალბათ გახსოვთ საბჭოთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, აწ განსვენებული კონსტანტინე ბესკოვი. საქართველოში ამ პიროვნების სახელი უპირველეს ყოვლისა დავით ყიფიანის იგნორირებასთანაა დაკავშირებული. სწორედ ბესკოვს მიაწერენ ყიფიანის საფეხბურთო კარიერის ადრე დასრულებას.  იმ პერიოდიდან  დიდი დროა გასული და საინტერესოა თუ როგორ გაიხსენებდა 1982 წლის მსოფლიო პირველობის წინაპერიოდს სსრკ-ის ეროვნული გუნდის მაშინდელი თავკაცი. რამდენიმე წლის წინ ბესკოვს ჩვენებური მას-მედიის წარმომადგენლები ესაუბრნენ.

„ეს დრომოჭმული თემაა, რომელსაც უამრავი ჭორები მოჰყვა და მათ სიმართლესთან არაფერი აქვთ საერთო. მე ეროვნული ნიშნით მოთამაშეთა შერჩევისას არასოდეს მიხელმძღვანელია და რატომ უნდა დამერღვია ეს პრინციპები ყიფიანის შემთხვევაში? გახსოვთ, რამდენი თბილისელი და კიეველი ფეხბურთელი იყო საბჭოთა ნაკრებში 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე? ძალიან ბევრი. ყიფიანს მაშინ თამაში არ შეეძლო. ხომ არ შეიძლება მოედანზე დაშავებული ფეხბურთელი გამოიყვანო? კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: დავით ყიფიანის ნიჭს ძალიან ვაფასებდი, მაგრამ მე ობიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე ვხელმძღვანელობდი”.

კარიერის დასრულების შემდეგ დავით ყიფიანმა სამწვრთნელო მოღვაწეობა დაიწყო. ერთი ხანობა რუსეთშიც მუშაობდა, სადაც იქაური ჩემპიონატის ბოლო ადგილზე და გასავარდნად განწირული იაროსლავის „შინიკი” ჩაიბარა. ეს გუნდი ყიფიანმა სეზონის დასასრულისთვის ცხრილის შუაგულამდე აიყვანა.

ყიფიანი-მწვრთნელის რუსულ წარმატებებს მაშინ კონსტანტინე ბესკოვიც გამოეხმაურა და ქართველს გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცში” საკმაოდ თბილი სტრიქონები მიუძღვნა:

„დავით ყიფიანი ერუდირებული პიროვნება და კარგი ანალიტიკოსია. მწვრთნელის მონაცემები მას ჯერ კიდევ თბილისის „დინამოში” და საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშებისას ეტყობოდა. ყიფიანი დიდებული ფეხბურთელი გახლდათ და ტაქტიკაშიც ბევრს სჯობნიდა. მან სერიოზულად მოჰკიდა ხელი მწვრთნელის რთულ საქმეს. ოპტიმისტურად ვაფასებ დათოს პერსპექტივებს ახალ როლში. მან უკვე შეიძინა სათანადო გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია. რატომ არ უნდა ისახელოს თავი სამწვრთნელო ასპარეზზე ამ დიდებულმა მოთამაშემ?”

მოარული ხმებით ცნობილი რუსი სპორტული კომენტატორი ვლადიმერ მასლაჩენკო შოვინიზმით გამოირჩეოდა და ქართველები თითქოსდა გულზე არ ეხატებოდა. დაახლოებით ათი წლის წინ, ერთ-ერთ საფეხბურთო გადაცემაში მასლაჩენკომ შემდეგი წინადადება წარმოთქვა: „მთელ საბჭოთა კავშირში არავინ გამოჩნდა, გინდაც ჩინოვნიკი, გინდაც ვინმე გავლენიანი ადამიანი, ვინც თბილისში ჩავიდოდა და ყიფიანს  მსოფლიო ჩემპიონატზე წამოიყვანდა“.

ალბათ საინტერესო იქნება ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, რამაზ ურუშაძის ერთი მოგონება:

„ხშირად ამბობენ, რომ ბესკოვი არ იყო კარგად განწყობილი ქართველი ფეხბურთელების მიმართ. მე ეს არ მიგრძვნია. ანდა როგორ უნდა მეგრძნო, როცა ქუთაისის „ტორპედოს” მეკარეს იტალიის ნაკრებთან შეხვედრაში დიდი ნდობა გამიმიცხადა და კარშიც დამაყენა. მერეც არ ყოფილა ჩვენი ურთიერთობა ცუდი. მე ესპანეთშიც გავემგზავრე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, თუმცა ძირითად შემადგენლობაში კვლავ იაშინი იდგა“.

მიუხედავად იმისა, რომ საკავშირო ფეხბურთის სამმართველოს და საერთოდ, საბჭოთა კავშირის ცენტრალურ ხელისუფლებას თბილისის „დინამოს" მიმართ აშკარა მტრული დამოკიდებულება ჰქონდა, რუსი და ქართველი ფეხბურთელების მეგობრობა გულშემატკივრებს დღესაც ახსოვთ.

გაგიკვირდებათ და ცნობილმა ფეხბურთელმა, ვალენტინ ივანოვმა სლავა მეტრეველის დაკრძალვაზე საკუთარი ფული - 3 500 დოლარი გაიღო. როგორც სტაჟიანი ქართველი გულშემატკივრები იგონებენ, რუსმა ფეხბურთელებმა, ასევე დიდი პატივი მიაგეს ტრაგიკულად დაღუპული შოთა იამანიძის ნათელ ხსოვნას.

ნება მომეცით კიდევ ორი გამოჩენილი ქართველი სპორტსმენი გავიხსენო. 1972 წლის მიუნჰენის ოლიმპიური თამაშების ძიუდოისტთა ასპარეზობაში გამარჯვებულის ტიტული 22 წლის გორელმა შოთა ჩოჩიშვილმა მოიპოვა. მანამდე სპორტის, ამ სახეობაში საბჭოთა კავშირს ოლიმპიური ჩემპიონი არ ჰყოლია. ქართველი სპორტსმენისათვის გამარჯვებამდე მიმავალი გზა იოლი არ აღმოჩნდა. მის წარმატებაში დიდი წვლილი იმდროინდელი საბჭოთა კავშირის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადლენ ანდრეევმა ითამაშა.

ოლიმპიურ თამაშებამდე რამდენიმე წლით ადრე, თბილისის საერთაშორისო ტურნირი 19 წლის, მაშინ ჯერ კიდევ უცნობმა შოთა ჩოჩიშვილმა მოიგო. ანდრეევმაც შოთა მაშინ პირველად ნახა და საბჭოთა ნაკრებში შეიყვანა. მომავალ წელს, მიუხედავად მწვრთნელის დიდი სურვილისა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩოჩიშვილი არ გაუშვეს, ასაკის გამო გამოუცდელობა დასწამეს.

ოლიმპიური თამაშების წინ ანდრეევმა ჩოჩიშვილს მოსამზადებელ ეტაპზე უხმო, მაგრამ მაშინდელი საკავშირო სპორტკომიტეტის უფროსობამ შოთა შინ დააბრუნა. ანდრეევი ამ უსამართლობას არ შეეგუა, მოსკოვში გაემგზავრა და მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. დიდი ბრძოლების შემდეგ დაარწმუნა ხელმძღვანელობა, რომ ჩოჩიშვილი მიუნჰენში პირველ ექვსეულში მაინც შევიდოდა.

ბოლოს და ბოლოს ანდრეევმა შეძლო საკავშირო სპორტული უფროსობის გადარწმუნება და 22 წლის გორელი მოჭიდავე მიუნჰენში გაემგზავრა. იქ კი, 1972 წლის 1 სექტემბერს ფინალურ ბრძოლაში, ბრიტანელი დევიდ სტარბრუკის დამარცხების შემდეგ ჩემპიონის წოდებაც მოიპოვა. ხარობდა მთელი საქართველო, უხაროდა ვლადლენ ანდრეევსაც, რადგან მისი ბრძოლა ჩოჩიშვილის კანდიდატურის გასაყვანად ამაო არ აღმოჩნდა.

ეხლა კი სიტყვას გამოჩენილ ქართველ ფალავან გურამ საღარაძეს გადავცემ.

„1958 წელს, 19 წლისა, უკვე დიდების საკავშირო ნაკრების კანდიდატი ვიყავი, 60-იან წლებში - მუდმივი წევრი. ნაკრებში ქართველები საკმაოდ ვიყავით - რუბაშვილი, ბერიაშვილი, ლომიძე. მოკლედ ძალზე ძლიერი თაობა მოვიდა, რომელმაც უმტკივნეულოდ შეცვალა წინა სახელოვანი თაობა.

საკავშირო ნაკრების ბევრი კანდიდატი იყო ქართველი და მაშინდელი ნაკრების მწვრთნელს, ალექსანდრ დიაკინსაც შეუმჩნეველი არ ვრჩებოდით. დიაკინი ძალზე კარგი კაცი იყო. იგი შორს იდგა ტრადიციული რუსული შოვინიზმისგან, ამიტომაც მას გესლიანად „კავკაზკი პლენნიკს“ ეძახდნენ. მოჭიდავეებში იგი უპირველესად ოსტატობას აფასებდა. ქართველებთან ძალზე კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, ჩვენც მეტსახელად „ჯოკიას“ ვეძახდით და ქართულ სადღეგრძელოებსაც კი ვასწავლიდით. სწორედ მისი დამსახურება იყო, ნაკრები სხვადასხვა ეროვნების მოჭიდავეებისგან შეკრული გუნდი რომ იყო“.

რუსი სპორტული ფუნქციონერების გაქილიკება გვიყვარს, მაგრამ გვავიწყდება რომ რატომღაც ისტორიულად საქართველოში ყველაზე „კომუნისტი კომუნისტები“ იყვნენ. რასაკვირველია ყველა მათგანზე ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ მთელ რიგ შემთხვევებში ქართველ სპორტსმენებს მათ უფრო მეტი ზიანი მიაყენეს, ვიდრე მოსკოვში მოღვაწე ფუნქციონერებმა.

იგივე სომხები საკუთარ კლუბებს მუდმივად გვერდში ედგნენ და მოსკოვთან ღიად დაპირისპირებას ხშირად არ ერიდებოდნენ. მაგალითად, წინა საუკუნის 80-იან წლებში ცენტრალურმა პრესამ ლაფში ამოსვარა აბოვიანის “კოტაიკის” საფეხბურთო გუნდი. სომხები რუსებს მაგრად დაუხვდნენ: თავისიანები არათუ დასაჯეს, მომხვდურს იქეთ კუდით ასროლინეს ქვა.

ქართველები ზოგჯერ ხმას იღებდნენ. იმავე 80-იანი წლების დასაწყისში რუსთავის „მეტალურგის” ფეხბურთელები შუა აზიაში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა ქართველმა მოთამაშემ სამარყანდში, თემურ-ლენგის სასაფლაოს სახალხოდ დააშარდა. ეს ამბავი იმ ხანად ჩაიფარცხა და ამის შესახებ მხოლოდ ერთეულებმა გაიგეს.

მაპატიონ ყოფილმა ქართველმა პარტიულმა მაღალჩინოსნებმა, მაგრამ დაიცვეს კი თბილისის „დინამო” 1953 წელს, როდესაც საკავშირო ჩინოსნებმა თითქმის მოპოვებული სსრკ-ის ჩემპიონის წოდება ჩამოართვეს და მოსკოვის „ტორპედოსთან” გადათამაშება დაუნიშნეს. ამოიღო კი ვინმემ ხმა 1965 წელს, როდესაც იგივე საბჭოთა ფუნქციონერებმა თბილისის „დინამო” ევროპის ჩემპიონთა თასზე სათამაშოდ არ გაუშვეს? ქართველი სპორტული ჩინოვნიკების ახირების გამო ვადამდე ადრე დაასრულა კარიერმა დიდმა მიშა მესხმა.

წინა საუკუნის 80-იან წლებში, ცნობილი ქართველი კალათბურთელი მიხეილ ქორქია ე. წ. „ჩრდილოვანი ეკონომიკის” გამო რამდენიმე წლით ციხეში აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით, მავანმა ჩვენებურმა პარტიულმა მუშაკმა ქუთაისის საკალათბურო დარბაზში გაკრული ქორქიას სურათი დემონსტრაციულად ჩამოხია. ამავე პერიოდში ერთმა თბილისელმა კომკავშირის ცხვირმოუხოცავმა ჩინოვნიკმა, სპორტის სასახლეში მიხეილ ქორქიასათვის გამოყოფილ მუდმივ სკამზე მისი გვარ-სახელი გადააშლევინა. ეს ის ფაქტები მოგიყვანეთ რომლებიც უშუალოდ წერილზე მუშაობის დროს გამახსენდა. ანალოგიური მაგალითების გახსენება კიდევ არაერთი შეიძლება.