წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს სახელს უცვლიან?

წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს სახელს უცვლიან?

ამ გაჭირვებულ ცხოვრებაში სტუმარიც გეზარება კაცს... რომ გავიგებ, თბილისიდან ახლობელი ჩამომდის, გულზე შემომეყრება: ჯერ იმას ვფიქრობ, რა ვაჭამო, რითი გაუმასპინძლდე. მერე, რომ მეტყვიან, სტუმარს მეგობარი, ან მეგობრებიც მოყვებაო, ხომ უფრო გულზე ვსკდები კაცი, როგორია - მასპინძლობა მარტო ღვინო ხომ არაა? მწვადი გინდა, ხაშლამა, ალაზნის ცოცხალი თევზი, იქშაიტა-გამოიტა ზაკუსკა“, მაინც თბილისელები არიან და, მწვადის გარდა, სალათეულობაც უყვართ. ამაზე რომ მოვრჩები ფიქრს, მერე გამახსენდება, რომ ამ ჩემი დაჯღანული და მიჭყლეტილი ცხვირის დანახვაზე მეტად, სტუმრებს წინანდლის ბაღის ნახვა ენდომებათ, გაივლიან, გამოივლიან, სურათებს გადაიღებენ, მაგრამ ეს მამაძაღლი, გავლა-გამოვლაც ფული ღირს. მასპინძელი რომ ხარ, სტუმარს ფულს ხომ არ გადაახდევინებ შენსავე სოფელში? მოკლედ, სტუმარიც შემზიზღდა, მომსვლელიც და წამსვლელიც...“ -

ასე საუბარ-საუბრით მივუყვებით გზას მე და გურამი ძია...

გურამი წინანდლელია - იქ ცხოვრობს, იქ დაიბადა და გაიზარდა. მისთვის პარიზის ეიფელიც, ლონდონის “ბიგ-ბენიც” და სემირამიდას ბაღებიც წინანდალია. ბავშვობა ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში გაატარა...

2005 წელს, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმისახელმწიფომ49-წლიანიიჯარით კომპანია “სილქ როუდ ჯგუფის” შვილობილ “ამბრელა კონსალტინგს” გადასცა. თავის დროზე ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის გასხვისებამ არა მხოლოდ წინანდალში, არამედ, მთელ კახეთში დიდი მღელვარება გამოიწვია...

- ისე გაიყიდა თუ გასხვისდა ეს მუზეუმი, რომ თითქოს არაფერი მომხდარა. ნინო ბურჯანაძე ტელევიზორიდან გვითვლიდა, 49-წლიანი იჯარითმუზეუმი კი არ გაიცა, არამედ, სამთავრობო სასახლეო. ჰოდა, აბა, ახლაჩამოვიდეს და იკითხოს, მართლა ასეა თუ არა. სხვათაშორის, მაშინ ლევან ბერძენიშვილი გვიცავდა და იძახდა, ისტორიული ძეგლის იჯარით გაცემა უკანონოაო, - იხსენებს ძია გურამი.

წინანდლის ბაღი, მართლაც, მოვლილია: კომპანიამერთ-ერთივალდებულება - 5 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადება - შეასრულა. მას მერე თითქმის 9 წელი გავიდა. მაინც, რა სარგებლობა მოუტანა ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გასხვისებამ  თელავის რაიონს? - პრინციპში, არაფერი.

პირველი, რაც ადგილობრივებისთვის მიუღებელია, მუზეუმის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვაა.

„მაშინ, როცა ქვეყანას უჭირდა და “მხედრიონი” დაბოგინობდა, აი, აქ “საყარაულო” გვქონდა გახსნილი სოფელს, რომ ბაღი გადაგვერჩინა. ეს ვინმეს დასანახად არ გაგვიკეთებია, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის გავაკეთეთ, რომ ახალ თაობას წინანდალი შენახული დახვედროდა, მაგრამ შევცდით - ახლა, უფულოდ, შორიდან ეზოსაც აღარ გვანახებენ. არადა, ადრე ამბობდნენ, მხოლოდ სამთავრობო სახლებს უნდა მივხედოთო... ბაღში შესვლა ფასიანია... მერე, ათასი სანახავია და, ჯამში, ერთი კაცი30 ლარი ჯდება, შვილიშვილი რომ წავიყვანო და მუზეუმი დავათვალიერებინო, ამას რომელი ჩემი პენსია გაწვდება?” - აღშფოთებას ვერ მალავს ძია გურამი.

წინანდლის ბაღი ისევ თავმომწონედ დგა და იპრანჭება. ეგაა იღონდ: ადრე თავისი სილამაზით გულს მხოლოდ მტერს უხეთქავდა, მოყვარეს კი, ახარებდა. დღეს ყველაფერი პირიქითაა: ბაღის შორიდან შემხედვარე  მოყვარეც გულმოკლულია...

როგორც წინანდლელები ამბობენ, გაყიდვა და გასხვისება ერთი და იგივეა: “49 წლის მერე, ბაღს კომპანია სახელმწიფოს ნებით დაუბრუნებს?ისევ გააგრძელებს იჯარას და ბოლოს, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმს “სილქროუდის მუზეუმი” დაერქმევა!”