ყოფილი უკანონო პატიმარი, ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომელიც “ნაციონალებმა” ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას, მათ ასახელებს, ვინც ე.წ. ფოტოგრაფების საქმე შეთითხნა. სამწუხაროდ, ხელისუფლების ცვლის მიუხედავად, „ჯაშუშების საქმე“ ისევ თაროზეა შემოდებული და ბევრ შეკითხვაზეც პასუხი გაუცემელია. გიორგი აბდალაძე საქმისთვის საიდუმლო გრიფის მოხნას მოითხოვს, რადგან ყველაფერს ფარდა ერთხელ და სამუდამოდ აეხადოს.
-გიორგი, შენი აზრით, ვანო მერაბიშვილს ბრალად ე.წ.ფოტოგრაფების საქმეც რატომ არ წაუყენეს?
-ვანო მერაბიშვილი მხოლოდ ჩვენს უკანონოდ დაპატიმრებასა და ჯაშუშობის „შეკერვაში“კი არაა დამნაშავე, არამედ,სხვა უამრავი ცოდვაც აწევს, მაგრამ ლაპარაკი არც ამ საქმეებზე ყოფილა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პროკურატურა თავის დონეზე ვერ დგას - პროკურორები ისევ ძველი მეთოდებით მუშაობენ, არც კადრების გადახალისება მომხდარა.
რაც შეეხება ჩვენ საქმეს, დღემდე ვითხოვთ, რომ საიდუმლო გრიფი მოეხსნას, თუმცა უშედეგოდ. წინა ხელისუფლებამ ამ საქმეს გრიფი იმ მიზეზით დაადო, რომ მტკიცებულებები არ ჰქონდა. დღეს კი, რატომღაც ამის მიჩქმალვა ხდება და ეს გასაკვირი არცაა, რადგან პროკურატურაში ისევ ძველი კადრები სხედან და მათგან რა სიკეთეს უნდა ველოდოთ? მართალია, ჩვენ, ფოტოგრაფები გაგვამართლეს - პრობაციონერის და პატიმრის სტატუსი აღარ გვაქვს, მაგრამ ეს სასამართლოს კი არა, სოზარ სუბარის გადაწყვეტილებაა. არჩილ კბილაშვილი ყველაფრის საქმის კურსში იყო - მაშინ პირადად მე, გავასაჯაროვე ის კადრები, რაც ციხეში ჩვენს თავს ხდებოდა, მაგრამ რეაგირება მაინც არ მომხდარა.
-რომელი ვიდეოკადრები გაქვს მხედველობაში?
-როგორ გვეძინა ე.წ. ჯაშუშებს საკანში, ესეც კი გადაღებული იყო. ყველას უღებდნენ და კომპრომატებს აგროვებდნენ. ასეთი ტიპის კადრები თბილისში ერთ პიროვნებას აქვს.
-ვის?
-ვერ დავასახელებ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი “გასკდება”. მერაბიშვილმა თავის თანაგუნდელებსა და თანამზრახველებს, ვისაც კი დანაშაულს იძულებით ჩაადენინებდა, კომპრომატებს უღებდა, რადგან არც მათ ენდობოდა. ვანო თავის თავის მეტს არავის ენდობოდა, სისტემაც ამის მიხედვით ჰქონდა აწყობილი. ვანო თავისიანებმა გაწირეს და ამიტომ ზის ციხეში, თუმცა ჩემი აზრით, ძალიან პატარა სასჯელი მიუსაჯეს.
-მერაბიშვილი “ნაციონალების” მხარდამჭერი აქტივისტების დასაქმებასა და ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულეს. სასჯელიც ბრალდების შესაბამისია...
-მგონია, რომ გზა და გზა სხვა საქმეებიც ამოუტივტივდება. თავისუფლად რომ დადის შოთა უტიაშვილი და უბატონოდ ხელს არავინ ახლებს, ეს რას უნდა მივაწეროთ, მით უმეტეს, დანამდვილებით ვიცი, რომ ჩვენი საქმის მთავარი გამყალბებელი სწორედ ისაა. ტელევიზიით გამოდის, ხან პოლიტიკოსობს, ხან - ექსპერტობს და თავს იმის უფლებასაც აძლევს, რომ ხალხს ჭკუა დაარიგოს. ის ადამიანები, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, შეიძლება, ყველა ციხეში ვერ ჩასვა, მაგრამ პატივი საზოგადოებას მაინც სცენ და აღარ „დააბოლონ“.თუ სამართლიანობა არ აღდგა, ეს ქვეყანა წელში ვერასოდეს გაიმართება!.. ჩემი დაჭერა არ იკმარეს და ჩემი ოჯახის ყველა წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს. წარმოიდგინეთ, ფსიქოლოგიურად როგორი გადასატანია, როცა პროკურატურაში დაკითხვაზე მიდიხარ და საქმეს ის ადამიანები იძიებენ, რომლებიც ადრე „გაკაჩავებდნენ“ და ამ დროს ჩემი ოჯახის წევრები ისევ უმუშევრები არიან. რატომ და რისთვის? - ამაზე ვინმე პასუხს გამცემს? ამის მერე როგორი განწყობა უნდა მქონდეს? რომ არა ხალხის პროტესტი, ჩვენ ისევ ციხეში ვიჯდებოდით და განადგურებულები ვიქნებოდით.
თავიდან ვფიქრობდი, რომ თავს შევაკლავდი და ჩემგან აღიარებით ჩვენებას ვერ მიიღებდნენ, მაგრამ ბოლოს, მივხვდი, ჩემს გამო სხვა ადამიანები გაუბედურდებოდნენ და სხვა გზა აღარ მქონდა.
-გიორგი, როგორ ფიქრობ, სამართლიანობის აღდგენა, უბრალოდ, იწელება თუ “ნაციონალების” მიმართ ლოიალური დამოკიდებულება საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნაა?
- ორი ვარიანტია: ან უცებ უნდა აღდგეს სამართლიანობა, ან მოთმინება გვმართებს. დღემდე ველოდებიარა მხოლოდ ჩემი, არამედ, სხვა გახმაურებული საქმეების გამოძიებას. რაღაცა საქმეები ბოლომდეა მიყვანილი, თუმცა არაადექვატური სასჯელია გამოტანილი. 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდა, მაგრამხალხი გაურკვევლობაშია - რატომ მისცეს ვანო მერაბიშვილს 4 წელი და 8 თვე? 26 მაისი შეიძლება, რამდენიმე თემად დაიყოს. ის კიდევ ცალკე გამოსაძიებელია, მაშინ ადამიანების გვამები მაღაზიის სახურავზე რომ იპოვეს... მართალია, ველოდებით სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ ხალხი სულ მოლოდინის რეჟიმში ვერ იქნება.
- ფოტოგრაფები მართლა 26 მაისს გადაღებული საშინელი კადრების გამო დაგიჭირეს?
-მსოფლიო ისტორიაში ჩემს მიერ გადაღებული კადრები შევიდა, როგორც ყველაზე სასტიკი დარბევა. პოლიციელს ყველაფრის უფლება აქვს, მაგრამ როცასიტუაციას გაანეიტრალებს,ვალდებულია, დაზარალებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინოს. 26 მაისს გადავიღე ხელფეხშეკრული, დასისხლიანებული და ქუჩაში დაყრილი ხალხი, რომელსაც პოლიციელები ფეხებს ურტყამდნენ, აფურთხებდნენ და აგინებდნენ. ჩვენს მიერ გადაღებული კადრებით მსოფლიომ აგვისტოს ომის საშინელებაც ნახა, მერე კი, - 26 მაისის დარბევა. როგორც მერე გავიგე, უცხოეთში, ერთ-ერთ შეხვედრაზე გიორგი ბარამიძისთვის ეს სურათები დაუდიათ და უკითხავთ, ესაა თქვენი დემოკრატიაო? ბარამიძეს ეს სააკაშვილისთვის უთქვამს. სააკაშვილს უკითხავს, ფოტოები ვინ გადაიღოო და რომ უპასუხიათ, ერთ-ერთი, ირაკლი გედენიძე შენი თანამშრომელიაო, იქვე გაუცია ბრძანება, ყველა ციხეში ამოალპეთო. მე რეპორტიორი ვარ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, წავიდე ავღანეთში და ჩვენი გმირი ბიჭები ბრძოლის დროს გადავიღო, მერე კი გამოფენა გავაკეთო. ვნახოთ, რამდენად შევძლებ ამ სურვილის ასრულებას.
რაც შეეხება დაპატიმრების რეალურ მიზეზს, 26 მაისისფოტოებიჩემი ვარაუდი იყო, მაგრამ საქმესგრიფი რომ აეხდება, უამრავი რამ გამოჩნდება. ვიცი, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ბოკერია, ადეიშვილი და უტიაშვილი პირადად იყვნენ ჩვენი საქმის „შეკერვაში“ ჩართულები, თუმცა მერე, როცა ჩვენი გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები დაიწყო, სასოწარკვეთილი ბოკერია დარბოდა და თანამზრახველებს ეხვეწებოდა, ვერ ხედავთ, რომ ვიღუპებით, ჩქარა გამოუშვით ფოტოგრაფები ციხიდანო.
-გამორიცხული არც ისაა, რომ მათ შორის შიდა დაპირისპირება ყოფილიყო და თქვენ განტევების ვაცად გამოგიყენეს, არა?
- “ნაციონალ” მაღალჩინოსნებს შორის შიდა დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა. სააკაშვილი რომ გამოვიდა და თქვა, გაბრაზებული ვარო, იმიტომ კი არ იყო ცუდ ხასიათზე, ამდენი ხალხი ციხეში რომ ჩაყარა, არამედ, შიდა დაპირისპირების გამო ბევრი საქმე გამჟღავნდა. მათ ერთმანეთი დაჭამეს, რადგან თანამდებობები ვერ გაიყვეს. აი, მაგალითად, უკრაინაში უახლოეს მომავალში იანუკოვიჩის პარტიის გაუქმება აქვთ გადაწყვეტილი. ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართაც, რომელიც ჯერ უნდა გასამართლდეს, როგორც დამნაშავე ელემენტი და მერე გაუქმდეს. “ნაციონალების” გუნდი ყოველთვის “ნაცისტებსა” და კომუნისტურ პარტიასთან გაიგივებული მეყოლება, როგორც 1937 წელს ექცეოდნენ ხალხს, ისეთივე მეთოდებით მოქმედებდა „ნაცმოძრაობა“.
-როგორც ვიცი, ციხეში ფიზიკურად არ გისწორდებოდნენ, მაგრამ საშინელი კადრების თვითმხილველი გახდით...
-პირადად მე, ნამდვილად არავის ვუცემივარ, მაგრამ ძალიან ხშირად,გვერდით კორპუსიდან ყვირილის, წივილის, კვნესისა და ცემა-ტყეპის ხმა საათობით ისმოდა. ცემაში კლავდნენ პატიმრებს. საჭმელში ჩაუფურთხებდნენ და აჭმევდნენ. ცივი წყლის ქვეშ შეაგდებდნენ და საათობით არ უშვებდნენ. დააბამდნენ, დააგდებდნენ და ასე, შეიძლება, 2-3 დღე ჰყოლოდათ. საკუთარ განავალში მჯდარი პატიმარიც მინახავს, რადგანდაოსებული ვერ ინძრეოდა. წყალს გამოურთავდნენ და ასე ამყოფებდნენ დღეების განმავლობაში. შეუვარდებოდნენ საკანში, გახდიდნენ, შეყრიდნენ ხუთ-ექვს კაცს საწოლის ქვეშ და საათობით წიხლებითა და “დუბინკებით” სცემდნენ...
-ცივილურ ქვეყანაში უკანონოდ დაპატიმრებულს სახელმწიფო, მატერიალური და მორალური ზიანისთვის, კომპენსაციას აძლევს. თქვენს შემთხვევაში როგორაა?
- კარგი, რა?! რა ანაზღაურებაზეა საუბარი? ერთი შეღავათი ის მაქვს, რომ თვითდასაქმებული ვარ - ჩემი პროფესიით ისევე ვმუშაობ, როგორც ზურა ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე. როცა რეპორტაჟზე მივდივარ, იმ ნაძირლების გადაღებაც მიწევს, რომლებმაც თავი ციხეში გვიკრეს, მაგრამ რა ვქნა? - ეს ჩემიპროფესიული მოვალეობაა. ყველა ჩემს ემოციას და განცდას გულში ვიტოვებ, რადგან იმ მომენტში ვარ რეპორტიორი და მეტი არაფერი.
ისე, მგონია, რომ ვანო მერაბიშვილს, ხელისუფლებაზე მეტად, თავისი ხალხის ეშინია, რადგან ხელისუფლება მას ციხეში ინახავს, თანამზრახველები კი, პირი რომ დააღონ, გაანადგურებ!განა, სხვა რამ ხდება საკრებულოსა და მერიაში? - ერთი გუნდი იყო, მაგრამ როცა გაიგეს, რომ უგულავამ 50 მილიონი შეჭამა ბიუჯეტიდან და ეს სხვებმავერ მოახერხეს, ერთმანეთს დაერივნენ და დაპირისპირებების სერია დაიწყო. ისე, საღამოს რესტორნებში შეიარეთ და ნახავთ, “ნაციონალები” როგორ “გრიალებენ”- ფეხზე ჰკიდით, ახალაიასა და მერაბიშვილს რამდენი წლით მოუწევთ ციხის ხეხვა.
- მოკლედ, გიორგი, ფოტოგრაფების საქმის ხელახალიგ ამოძიება არ დაწყებულა, არა?
-ჩვენისაქმეც, სხვა გაუხსნელი საქმეების მსგავსად, თაროზეა შემოდებული, მაგრამ ადრე იქნება თუ გვიან, ფარდა აეხდება, დრო ყველაფერს დაალაგებს და შეკითხვებზეც პასუხს გასცემს. ყველა დარწმუნდა, რომ ჯაშუშები არ ვიყავით, მაგრამ ამის დამტკიცება სამართლებრივად უნდა მოხდეს.