მედიკამენტების ფასი საგრძნობლად გაიზარდა - რამ გამოიწვია ცვლილება?

მედიკამენტების ფასი საგრძნობლად გაიზარდა - რამ გამოიწვია ცვლილება?

საქართველოში ჯანდაცვა ისევ ძვირდება. აპრილში ფასები ამ ჯგუფში შემავალ პროდუქციასა და მომსახურებაზე წლიურად 9.2%-ით იყო გაზრდილი. მათ შორის გაძვირებულია ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება და რიგი მედიკამენტები. ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაძვირება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორისაა ევროს გამყარება და არარეფერენტული ჯგუფის წამლებზე ფასის ზრდა.

საქსტატის მონაცემებით, აპრილში წამლების ჯგუფის ნაწილზე ფასები საგრძნობლად გაზრდილი იყო. სტატისტიკის თანახმად, გასულ თვეს სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები წლიურად თითქმის 12%-ით გაძვირდა, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები თითქმის 22%-ით, ხოლო ვიტამინები - 11%-ით.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი აცხადებს, რომ ფასები, სავარაუდოდ, იმ ცალკეულ მედიკამენტებზეა გაზრდილი, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეფერენტული ფასები არ ეხება. ირაკლი მარგველაშვილი ვარაუდობს, რომ მედიკამენტების გაძვირების ძირითადი მიზეზი ევროსთან მიმართებაში ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა, რამაც საქართველოში ევროპიდან იმპორტირებული რიგი წამლები გააძვირა.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მედიკამენტების ჯგუფის ფასის ცვლილებაზე, ზოგჯერ, სტატისტიკური მონაცემები შესაძლოა, არაერთგვაროვანი იყოს, ვინაიდან 1-2 პროდუქციის გაძვირებამ შესაძლოა, საშუალო ციფრის ცვლილება მოახდინოს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასები მთელ ჯგუფში გაიზარდა.

თუ ვსაუბრობთ იმ მედიკამენტებზე, რომლებიც რეფერენტულ ფასწარმოქმნაშია შესული, იქ ფასი ფიზიკურად ვერ შეიცვლება, რადგან ის ეროვნულ ვალუტაშია ფიქსირებული და ის მხოლოდ იმ შემთხვევაში იცვლება, თუკი მას სპეციალური კომისია შეცვლის.

თუკი ჩვენ ვსაუბრობთ იმ მედიკამენტებზე, რომლებიც რეფერენტული ფასწარმოქმნით არ რეგულირდება, ეს ყველაფერი იმპორტიორის და რეალიზატორის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. უმეტეს შემთხვევაში, რეალიზატორები ცდილობენ, რომ ფასები არ შეცვალონ.

ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობას ევროს მიმართ, ამ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი კომპონენტი, ევროპიდან როდესაც შემოდის მედიკამენტი, იქ ევროშია ანგარიშსწორება, როდესაც იცვლება [შემოტანის] ფასი, იცვლება სარეალიზაციო ფასიც. თუმცა აქ საუბარია იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები არ ვრცელდება“, - აღნიშნა ბიზნეს მედიასთან საუბრისას ირაკლი მარგველაშვილმა.

ის, რომ მედიკამენტები მოულოდნელად და თვალში საცემად გაძვირდა, ცნობილია კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოსთვისაც. შესაბამისად, სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე 8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ მოკვლევას აწარმოებს. საქმე მედიკამენტების შესყიდვისა და გაყიდვის არასამართლიანი ფასის დადგენას ეხება.

აღნიშნულ თემაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ისაუბრა, სადაც ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის მიხედვით, საუბარია შემდეგ 14 მედიკამენტზე: ოფლაბ - ოზი, იორილი - 10, ჰაიზინი, ფლოქსაზოლი, ადაზალ ნეო, არიპრადა, ზინასენი, ლორნიკუსი, ერითრომიცინი, ლუტეინა, ბისეპტოლი, ტრეპარინი.

როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, საუბარია 200%-იან და მეტ ფასნამატზე. მისივე ინფორმაციით, მოკვლვის შედეგი სექტემბერში გახდება ცნობილი.