სულ ახლახანს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიას შორის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შსს-ს ცნობით, მემორანდუმი მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ტრეფიკინგის საკითხებში გადამზადებას და მათი უნარ-ჩვევების განმტკიცებას ემსახურება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ.
მემორანდუმის საფუძველზე, აჭარის რეგიონში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, პროკურორებისა და შსს-ს თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფი (Task Force) შეიქმნება, რომელთა სპეცმომზადებას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია უზრუნველყოფს.
თუ რატომ იქმნება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სპეციალური ჯგუფი სწორედ აჭარაში, ამას თავისი ახსნა აქვს.
თავის დროზე ყველაზე მეტად ეს კრიმინალური ბიზნესი ტრაპიზონში იყო გავრცელებული. მას შემდეგ, რაც თურქეთის პოლიციამ მასობრივი ბრძოლა გამოუცხადა პროსტიტუციას და ქალაქის პოლიციის ახლადდანიშნულმა უფროსმა კანონი მთელი სიმკაცრით აამოქმედა, ტრეფიკინგმა და პროსტიტუციამ გეოგრაფიული არეალი შეიცვალა. აჭარა ამისთვის საუკეთესო ადგილად იქცა.
ბათუმის და გონიოს მკვიდრნი წუხდნენ იმაზე, რომ ნაციონალების დროს ამ საეჭვო ფაქტების შესახებ არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას, თუმცა მათ მიმართვას შედეგი არ მოჰყოლია. როგორც წესი, ე. წ. ლოკანტებში (თურქულ სასადილოებში) საღამოს 10 საათის შემდეგ ქართველ მამაკაცებს არ უშვებდნენ და იქ დილამდე დისკოთეკა იყო გამართული. რეალური პრობლემა დისკოთეკაში არ ყოფილა, როგორც იქაურები ამბობდნენ, ერთი ასეთი ღამის გასართობი-ჰარამხანა - ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ცნობილი რესტორანი „აფსაროსი“ იყო, ქუთაისის ქუჩაზე კი ათეულობით ღამის გასართობი მდებარეობდა, რომელთა სტუმრებიც მხოლოდ თურქი ეროვნების მამაკაცები იყვნენ.
მას შემდეგ, რაც შსს-მ ტრეფიკინგთან ბრძოლა გაამკაცრა, რა მდგომარეობაა ამ მხრივ აჭარაში?! ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ბათუმში ლელა ბჟალავა გვესაუბრება.
ადვოკატის თქმით, აჭარაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სპეციალური ჯგუფის შექმნა აუცილებელი იყო, რადგან ეს ტერიტორია საბაჟოს საზღვართან ახლოს მდებარეობს და გონიო-სარფში ე.წ. ბორდელები სკოლასთან ახლოს იყო გახსნილი. ამის გამო ადგილობრივი მოსახლეობა შეძრწუნებას ვერ მალავდა და არაერთი საპროტესტო აქციაც გამართეს. ასეთი რამ კი მარტო გონიო-სარფში კი არა, აჭარაში ბევრგან იყო. თითქმის ყველა ქალაქში უზბეკეთის და სხვა ქვეყნის მოქალაქეები ჩამოჰყავდათ, რომლებსაც თურქეთი დეპორტაციას აძლევდა და ისინი თავშესაფარს ნახულობდნენ აჭარაში. ამდენად, აჭარა ყველაზე დიდ პროსტიტუციის თავშესაფრად იქცა.
ლელა ბჟალავას განმარტებით, ბოლო პერიოდში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ისეთი მასშტაბის ბრძოლა მიმდინარეობს, რომ შემცირდა ასეთი ფაქტები, იქაური პოლიციაც ადასტურებს, რომ სიტუაციას აკონტროლებენ, მაგრამ ბრძოლა მაინც ბოლომდეა მისაყვანი. მით უფრო, რომ აჭარის რეგიონი თურქეთის საზღვართან ახლოსაა და ეს ბრძოლა იოლი არ იქნება.
უფრო მეტიც, ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე უზბეკები და სხვებიც დაშინებულნი არიან, რომ პოლიციამ ტრეფიკინგის გამო არ დაიჭიროს, ტელევიზიითაც გაშუქდა მათი აყვანის ფაქტები, ამდენად, დღეის მდგომარეობით, შედარებითი სიწყნარეა.
„თუმცა მაინც გასაკონტროლებელია ყველაფერი. ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ არიან ტაჯიკი, უზბეკი, ყაზახი, დაღესტნელი, უკრაინელი და დაღესტნელი გოგონები. ისინი ჩამოჰყავთ და ეს პრაქტიკა დღემდე გრძელდება. მათ ქუჩებში ვხედავ და საეჭვო ღამის დისკო კლუბები ისევ მოქმედებს ბათუმში. არის ასეთი ცნობილი ე.წ. ლოკანტა ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს, ასევე, ქუთაისის ქუჩაზე გვიან ღამით ფუნქციონირებს ბარები, სადაც ასეთი საეჭვო ფაქტები ხდება. პუშკინის ქუჩაზეც არ დახურულა ღამის კლუბი. ისინი მხოლოდ ღამით გამოდიან ქალაქში და ტაქსისტებსაც რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ უზბეკეთისა და უკრაინის მოქალაქე ქალბატონები მუშაობენ ამ ადგილებში. იმდენი აღარ არის, როგორც იყო, მაგრამ ვერ ვიტყვით, ეს ფაქტები საერთოდ აღიკვეთა. მოსახლეობა სარფსა და გონიოში კმაყოფილია, დიდი სამუშაო ჩაატარა ამ ხელისუფლებამ. თუმცა ამ მხრივ გახმაურებული თურქული რესტორანი არის „აფსაროსი“, ის დღემდე ფუნქციონირებს. ზაფხულში კი ასეთი ფაქტები უფრო მეტად შეიმჩნეოდა“, - გვითხრა ლელა ბჟალავამ.
მისი თქმით, საქართველოში ტრეფიკინგის ფაქტები სწორედ იმით არის განპირობებული, რომ ხალხს ეკონომიკურად უჭირს. ამიტომაც გადმოინაცვლა ე.წ. „სმაილინგ ტრეფიკინგმა“ თურქეთიდან საქართველოში. სამწუხაროდ, ქართველი გოგონებიც ეხვევიან ამ საქმეში.
„რამდენჯერ შემიმჩნევია ქალაქში 60 წლის მამაკაცს გვერდით მიჰყვება 25 წლის გოგო. სოციალურმა სიდუხჭირემ გამოიწვია, რომ ფულზე იყვნენ დამოკიდებულნი გოგონები, ფულის მიზნით თავშესაფარი თურქეთში იპოვონ, ან არადა, აქ ჰყავდეთ ასაკოვანი „პარტნიორები“. ვერ ვიტყვი, რომ ისინი იმყოფებიან ბორდელებში, მაგრამ ნაქირავებ ბინებს იყენებენ, რომელთა გაკონტროლებაც რთულია. სხვათა შორის, გონიოში ბევრი დაიჭირეს, მათ შორის, ქართველებიც, რომლებიც თურქების დახმარებით ტრეფიკინგის საქმიანობას ეწეოდნენ. მას შემდეგ, რაც ე.წ. ლოკანტის მეპატრონეების დაპატიმრება მოხდა, რომლის ხელშემწყობნი ქართველებიც იყვნენ, ბოლო ორი თვის განმავლობაში ასეთი ფაქტები ნაკლებად შეიმჩნევა“, - აცხადებს ლელა ბჟალავა.