კაზრეთის საბადოს გაფიცულმა მუშებმა თბილისში გადმოინაცვლეს და მთავრობის ადმინისტრაციასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. მუშები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მსვლელობით მივიდნენ. შედეგად კი მთავრობის ყურადღება და სამმხრივი კომისია მიიღეს.
RMG-ის თანამშრომლები 14 თებერვლიდან არიან გაფიცულები, აქვთ კონკრეტული მოთხოვნები, თუმცა ამ დრომდე მათ მოთხოვნებს არავინ ითვალისიწნებს. მუშების მტკიცებით, ამ დრომდე მონურ პირობებში უწევდათ მუშაობა და როდესაც ეს გააპროტესტეს, 180-ზე მეტი ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ გაფიცულებს სოლიდარობა სხვა მუშებმაც გამოუცხადეს.
კაზრეთელთა აქცია უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურიაც მივიდნენ, მაგრამ აქციაზე მათ გამოჩენას მუშების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. მუშები აცხადებდნენ, რომ არ აქვთ არანაირი პოლიტიკური მოთხოვნა, ეს არის შრომითი დავა და არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკას. აქციის მონაწილეებმა ბაღათურიას მოთხოვეს აქცია დაეტოვებინა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკებაც მოჰყვა. საბოლოოდ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქცია მაინც არ დატოვეს.
გაფიცულებთან დაპირისპირება კატეგორიულად უარყო ბაღათურიამ. პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ინფორმაცია, თითქოს მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე საპროტეტსო აქციაზე მოხდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და „ქართული დასის“ ლიდერს ჯონდი ბაღათურიასა და უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძეს შორის, სინამდვილეს არ შეესაბამება. რეალურად დაპირისპირება მოხდა მთავრობის მიერ დაქირავებულ ე.წ. „ზონდერების“ შვიდკაციან ჯგუფთან.
ანალოგიური პროვოკაციის მოწყობა სცადეს ზონდერებმა ხუთშაბათს ჭიათურაში მიმდინარე საპროტეტსო აქციაზეც. ჭიათურაშიც და მთავრობის კანცელარიასთანაც პროვოკოტორების მოთხოვნა იყო იდენტური, რასაც ამჯერად ჯონდი ბაღათურიასგან და დიმიტრი ლორთქიფანიძისგან ითხოვდნენ - არ გაეკრიტიკებინათ მთავრობა და დაშორებოდნენ არსებულ რეალობას“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
კომპანიის თანამშრომლების განცხადებით, ადგილი აქვს, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ადმინისტრაციის მხრიდან მუქარას და ზეგანაკვეთურ საათებს. სწორედ არადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს კაზრეთის საწარმოს მემანქანე მიხეილ ყაფლანიშვილი. მისი თქმით, ადმინისტრაციის მხრიდან არაერთხელ ჰქონია როგორც ფიზიკურ ისე სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი. ყაფლანიშვილის განცხადებით, ისინი ვინც სამსახურიდან ჯერ კიდევ არ გაუთავისუფლებიათ და აქციის მონაწილეებს მხარს უჭერენ, ადმინისტრაცია მათ ოჯახებს ემუქრება.
ყაფლანიშვილი ამბობს, რომ გათავისუფლებული 184 მოქალაქიდან 90%-ს ბანკების კრედიტები აქვთ, რომელსაც ვერ ფარავენ, რადგან მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო სწორედ კაზრეთის საწარმოა.
პრობლემაა ხანგრძლივი სამუშაო საათებიც, რადგან დასაქმებულებს საწარმოში 10-12 საათი ამუშავებენ შეუსაბამო ანზღაურების ფონზე.
კაზრეთის საწარმოში დასაქმებულების საშულო ხელფასი 400-500 ლარია, თუმცა ადმინისტრაცია ხელფასების ზრდას არ გეგმავს და მათთან კონტაქტზე არ გამოდის. ამ დროს, გაფიცულთა ინფორმაციით, ხელმძღვანელობის ხელფასები მათ ანაზღაურებას 20-ჯერ აჭარბებს, საწარმოში დასაქმებულებს კი მიზერულ თანხას უნაზღაურებენ.
გაფიცული მუშების პრობლემას კომპანიის ყოფილი მფლობელი კობა ნაყოფიაც ეხმაურება. მისი განცხადებით, დღეს მხარეებს შორის კონსესუსი უნდა შედგეს, ვინაიდან კომპანია ისედაც მძიმე მდგომარეობაშია და როგორც მენეჯმენტის, ასევე მუშების ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ საწარმომ მუშაობა გააგრძლოს.
„მსოფლიო ბირჟაზე ოქროს ფასი ეცემა, მადანი მცირდება. ახლა საპროტესტოს აქციების დრო არ არის. დამიჯერეთ, საწარმოს გაჩერების შემდეგ მისი „დაქოქვა“ უფრო რთული იქნება, ვიდრე ახლა ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთად მოძებნა“, - აცხადებს ნაყოფია.
კაცელარიასთან მუშების საპროტესტო აქცია მას შემდეგ დასრულდა, რაც საინიციატივო ჯგუფისა და პრემიერ-მინისტრის აპარატის წევრებთან შეხვედრის დეტალები გახდა ცნობილი.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა გიორგი აზარაშვილმა განაცხადა, პრემიერის აპარატის წარმომადგენლები დაპირდნენ, რომ ორშაბათს კაზრეთში სამმხრივი კომისია შეიკრიბება. ამ კომისიაში შევლენ როგორც მთავრობის, ისე კომპანია RMG-ს და გაფიცული მუშების საინციატივო ჯგუფის წარმოადგენლები.
აზარაშვილის თქმით, მათი სამი მოთხოვნა უპირობოა: ისინი კომპანიის ადგილობრივი ადმინისტრაციის შეცვლას, სამუშაოდან გათავისუფლებული მუშების სამუშაოზე აღდგენას და მათთან კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, ასევე ხელფასების გაზრდას ითხოვენ.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი უშუალოდაა დაინტერესებული პრობლემის გადაჭრით. ამ მიზნით მთავრობის ადმინისტრაციამ, როგორც დასაქმებულ, ისე დამსაქმებელ მხარესთან შეთანხმებით, შეარჩია მედიატორი, რომელიც ორშაბათიდან აქტიურად ჩაერთვება პროცესებში და შეისწავლის პრობლემის მიზეზებს.