ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებმა ქართველ სპორტსმენ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარის გელა ომანიძის მიერ ინიცირებულ ღონისძიებას ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ქალბატონები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა სტუმრებს ქვეყნისათვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და სასაჩუქრე კალათები და თაიგულები გადასცეს.
საზეიმო შეხვედრა საკრებულოს ისტორიულ დარბაზში გაიმართა.
"დღეს ჩვენ საკრებულოს ძველ შენობაში ვმასპინძლობთ ცნობილ ქართველ ქალბატონებს, რომლებმაც თავისი სპორტული მიღწევებით ასახელეს საქართველო მსოფლიოსა და ევროპის ყველა დონეზე. გვინდოდა გამოგვეხატა ჩვენი მადლიერება მათ მიმართ და მიღება ისტორიულ დარბაზში მოვუწყვეთ“,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯაბა სამუშიამ.
"ყველა ქალბატონს ვულოცავ 8 მარტს და განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს სტუმრებს. ყველამ კარგად ვიცით მათი ღვაწლი და ვუსურვებ წარმატებებს მათ საქმიანობაში. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ამაყობდა ასეთი ადამიანებით და მჯერა რომ საქართველოს მომავალშიც ეყოლება წარმატებული სპორტსმენი ქალბატონები“,- განაცხადა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ გაჩეჩილაძემ.
ახალგაზრდა ქალბატონებთან ერთად დღევანდელ ღონისძიებას ვეტერანი სპორტსმენებიც ესწრებოდნენ.
"მადლობას ვუხდი საკრებულოს დეპუტატებს ჩვენი დაფასებისთვის. სასიამოვნოა, როდესაც ახსოვთ და აფასებენ ჩვენს შრომას. ვუერთდები მათ და მეც ყველა ქალბატონს ვულოცავ დღევანდელ დღეს“,- განაცხადა მშვილდოსანმა ქეთევან ლოსაბერიძემ.
"ჩვენ ხშირად არ გვიწევს ასეთ შეხვედრებზე შეკრება და მიხარია, რომ საკრებულომ ეს შეძლო. პირადად ჩემთვის დიდი პატივია ასეთი ადამიანების გვერდით ყოფნა. მადლობას ვუხდი სპორტის კომისიას ყურადღებისთვის და ასეთი ლამაზი დღისმოწყობისთვის“,- განაცხადა მოციგურავე ელენე გედევანიშვილმა.
საკრებულოს ისტორიულ დარბაზში გამართული ღონისძიების შემდეგ დეპუტატები 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონს ტანვარჯიშში გალინა მინაიჩევა-შარაბიძეს ეწვივნენ, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.