კეზერაშვილს 7 400 000 დაუყადაღეს

კეზერაშვილს 7 400 000 დაუყადაღეს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს მონაკოში არსებული ანგარიში 7 400 000 დოლარი დაუყადაღეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ზეპირი მოსმენით მიიღო და მონაკოს რესპუბლიკამ ყადაღის დადების ოქმი უკვე გადმოგზავნა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით კეზერაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულების საქმეზე, რომელიც კონტრაბანდული გზით სპირტის რეალიზაციის თემის მფარველობას ეხება, პროკურატურამ წინა პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის მონაკოში არსებულ ქონებაზე – 7 400 000 დოლარზე ყადაღის დადებას ითხოვდა, თუმცა დღევანდელ პროცესზე პროკურორმა აღნიშნული შუამდგომლობა მოხსნა, რაც იმით განმარტა, რომ მონაკოში არსებულ ანგარიშზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენით უკვე მიიღო.

პროკურორის განმარტებით, აღნიშნულ ანგარიშზე ფრანგული მხარე პირდაპირ უთითებდა, რომ ეს წარმოადგენდა კორუფციული გზით მიღებულ თანხას. „მონაკოს რესპუბლიკამ გადმოგზავნა ყადაღის დადების ოქმი, ამიტომ მიგვაჩნია, რომ დღევანდელ პროცესზე აღნიშნული შუამდგომლობის განხილვა უნდა მოიხსნას“, - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა დავით კეზერაშვილის ადვოკატებისთვის. როგორც ადვოკატმა შოთა მინდელმა განაცხადა, მან მხოლოდ მედიისგან გაიგო სასამართლოს გადაწყვეტილება.

„გამოდის, რომ ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და მე ამას დღეს სიურპრიზად ვიგებ. ეს არის დასტური იმისა, თუ რა არის ბრალდების ტაქტიკა. ეს ნონსესია. მაშინ რისთვის მიმდინარეობს დღევანდელი პროცესი, თუ საკითხი გვერდით წყდება, მაშინ რისთვის სჭირდება ადვოკატები კეზერაშვილს?

ეს არის სრულიად გაუგებარი და უპატივცემულობა იმ პროცესის მიმართ, სადაც ვსხედვართ. გამოდის, რომ პროკურატურა ყველა გზას და მეთოდს იყენებს კეზერაშვილის წინააღმდეგ და ფარსია ჩვენი აქ ჯდომა, რადგან საკითხები სხვაგან წყდება“, - განაცხადა მინდელმა.

ადვოკატის განმარტებით, ყადაღის დადებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ადვოკატებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ექნებათ. ამასთან, როგორც შოთა მინდელმა განმარტა, ეს არა დავით კეზერაშვილის პირადი ანგარიში, არამედ იურიდიული პირის ანგარიში იყო.

„მისი განმკარგველი არის ფიზიკური პირი, მაგრამ ფიზიკური პირი საქმიანობის გამო დააყადაღო იურიდიული პირის ანგარიში, ეს წარმოუდგენელია. ეს არის უკანონო დაყადაღება. თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება ორი სისხლის სამართლის საქმე კეზერაშვილის წინააღმდეგ, რომელშიც კეზერაშვილია ბრალდებული. არც ერთ ამ სისხლის სამართლის საქმეებზე არ მომხდარა ქონების და ანგარიშების დაყადაღება. დაყადაღება მოხდა აბსოლუტურად სხვა საქმიდან, სადაც კეზერაშვილი ბრალდებულადაც კი არაა ცნობილი.

საქმე, რომელიც აღძრული იყო საქართველოში და რომელიც ე.წ. სპირტის სახელწოდებით არის ცნობილი, გამოეყო სხვა ძირითად საქმეს და გაიყო ორ ნაწილად. ერთ ნაწილში მიმდინარეობდა კეზერაშვილთან და სხვა ბრალდებულებთან მიმართებაში საქმე, ხოლო დარჩენილი ნაწილი წარიმართა სხვა პირების მიმართ, რომელშიც კეზერაშვილი საერთოდ არ ფიგურირებდა. სწორედ, რომელში არ ფიგურირებდა კეზერაშვილი, აი იმ ნაწილში მოხდა ყადაღის დადება“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას შოთა მინდელმა.

თავის მხრივ, პროკურორმა აღნიშნა, რომ საპროცესო კანონმდებლობა ყადაღის მოთხოვნის შესაძლებლობას იძლეოდა და დაყადაღება სასამართლოს განჩინების შესაბამისად მოხდა. გარდა ამისა, პროკურორის თქმით, მასალებიდან ირკვევა, რომ 2012 წლის 20 იანვრიდან აღნიშნული ფირმის ბენეფიციარი მესაკუთრე დავით კეზერაშვილია. მის მიერ მოხდა ანგარიშის გახსნა და ანგარიშზე თანხები მას შემდეგ შედის, რაც ბენეფიციარი მესაკუთრე კეზერაშვილია.

როგორც ცნობილია დავით კეზერაშვილს 7 პირთან ერთად ბრალი კონტრაბანდული გზით სპირტის რეალიზაციის სქემის მფარველობაში ედება. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი სსკ-ის 338-ე მუხლით (ქრთამის აღება) და სსკ-ის 214-ე მუხლით (დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში) აქვს წაყენებული.