ლარის მცოცავი გამყარება მომავალი თვეების განმავლობაშიც გაგრძლედება. ყოველ შემთხვევაში ასეთი ტენდენცია შენარჩუნდება ზაფხულის განმავლობაში. დადებითი ტრენდის შესახებ თამამად საუბრობენ როგორც ფინანსისტები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც.
2025 წელს ეროვნული ვალუტა ნელი ტემპით მყარდება. პირველი ოთხ თვეში კურსი 6 თეთრით გამყარდა. თუკი 2025 წლის დასაწყისში 1 ლარი 2.81 დოლარი ღირდა, მიმდინარე ეტაპზე 2.7480 ლარი ღირს.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ლარის მეტად გამყარების შესაძლებლობა შეიქმნა. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცახდა, სავალუტო ბაზარი სტაბილურია, ლარი ტრადიციულად, როგორც ზაფხულში ახასიათებს, მყარდება.
„საინვესტიციო ფონდები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას, როდესაც ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვება იქნება. ძირითადად ეს არის პორტფელური ინვესტიციები, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აქტიურობენ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ მეტი სავალუტო შემოდინება იქნება ქვეყანაში. ჩვენ ვაკვირდებით რამდენად არის ამ კუთხით გაუმჯობესებული ვითარება.
სტაბილურია ჩვენი სავალუტო ბაზარი, ლარი ტრადიციულად, როგორც ზაფხულში ახასიათებს, მყარდება და ერთ-ერთი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ინვესტიციებია. ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მიუხედავად კოვიდ-პანდემიისა, მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომისა, მიუხედავად სხვა გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და სხვა ფაქტორებისა საქართველოში ნარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია“, - განაცხადა თურნავამ.
ფინასისტებიც ადასტურებენ, რომ ძირითადი ფაქტორები არ შეცვლილა და ლარი ზაფხულობით ყოველთვის მყარდება ხოლმე, წელსაც ასეთივე მოცემულობას უნდა ველოდოთ. პროფესორ გიორგი ცუცქირიძის თქმით, ლარის ფასი სტაბილურია და ეს კარგია, რადგან არც ძალიან გამყარებული ვალუტა ვარგა, ეს ექსპორტზე აისახება.
„იცით, რომ შარშან ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, წინა წლებთან შედარებით, საერთოდ სარეკორდო იყო. ლარის გამყარებას კვებავს ის, როცა ქვეყანაში უფრო მეტი დოლარი რჩება, ვიდრე - გადის. ინვესტიციებზე ამბობდნენ, რომ აღარ შემოდისო, მაგრამ გასული წლის ბოლოს, მე-4 კვარტალში, წინა წელთან შედარებით, 24%-ით მეტი ინვესტიცია განხორციელდა. გაზრდილია ექსპორტიც.
არასწორი შეფასებებია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია. ვიცით, რომ გასულ წელს 9.4%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, წლევანდელ პირველ კვარტალშიც ამდენივე. ეს ფაქტორები კი ეროვნულ ვალუტაზე მხოლოდ და მხოლოდ დადებითად მოქმედებს“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.
უნდა ითქვას ისიც, რომ ლარის გამყარება საერთაშორისო ბირჟებზე ამერიკული დოლარის შესუსტებითაა გამოწვეული, რაც ამერიკის ახალ ადმინისტრაციასა და მის მიერ გამოცხადებულ სატარიფო პოლიტიკას უკავშირდება.
როგორც ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ „კომერსანტთან“ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გადაწყვეტილება ჯერ ძალაში არ შესულა, გლობალური ბაზრები უკვე რეაგირებენ: ამერიკაში საფონდო კაპიტალიზაცია 6 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა, კომპანიების მოლოდინი კი რეცესიის ნიშნებზე მიუთითებს.
„ლარის გამყარება გამოწვეულია იმით, რომ ამერიკული დოლარი სავალუტო წყვილებთან მნიშვნელოვნად შესუსტდა. აღნიშნული პროცესი ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის ნაწილია, ვერ ვიტყვი, რომ ამას სპეციალურად აკეთებენ, მაგრამ გამოცხადებული სატარიფო ომის შედეგი ეს არის, ჯერჯერობით მხოლოდ გამოცხადებულია, რადგან ბევრი გადაწყვეტილება ძალაში არა არის შესული. ცვლილებებს მინიმუმ 3-6 თვიანი პერიოდი სჭირდება, რომ გლობალურ ბაზრებზე აისახოს, რაც აუცილებლად ნეგატიური ასახვა იქნება. დაახლოებით 6 ტრილიონამდეა ბაზრები დაკორექტირებული მხოლოდ ამერიკაში და მათი უმსხვილესი კომპანიების მმართველებსაც მოლოდინები აქვთ, რომ შესაძლოა, ამერიკაში რეცესია დაიწყოს, რაც გლობალური ეკონომიკისთვის, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ, ძალიან ცუდია.
გლობალურ ეკონომიკაში ასეთმა რყევებმა ადგილობრივ ეკონომიკაზე რომ არ მოახდინოს გავლენა, ძალიან რთულია. მთავარია, დროის რა ჭრილში მოხდება. ჩვენ პატარა ეკონომიკა გვაქვს და ადვილად მანევრირებადი, თუ სწორად მოხდება მართვა“, - განაცხადა ალავიძემ.