ქართველი ავტოდილერები, უცხო ქვეყნის იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, რეგულაციის შემოღებას ითხოვენ. საუბარია, ძირითადად, შუა აზიელ იმპორტიორებზე. ადგილობრივების მტკიცებით, უცხოელები მეტი უპირატესობით სარგებლობენ, რის გამოც არაჯანსაღი კონკურენცია იქმნება.
როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრების მეორე ეტაპი უკვე დასრულდა, რა დროსაც დარგის წარმომდგენლებთან ერთად, პირველ რიგში, გადასადგმელი ნაბიჯები გამოიკვეთა.
„ამ შეხვედრების პირველი ეტაპი უკვე ჩატარდა. ახლა დღე-დღეზე ველოდებით მესამე შეხვედრის თარიღს. დარგის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ბევრი სექტორია მასში ჩართული, საჭირო იყო ყველასთან საკითხის შეჯერება.
ვიმსჯელეთ პრობლემებზე, გამოსავალზე, მიზნებზე და გადასადგმელ ნაბიჯებზე. შემდეგი შეხვედრა უკვე იქნება ფინანსთა სამინისტროში, რომ ჩვენი შეხედულებები გავაცნოთ. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რას გადაწყვეტს სახელმწიფო, რომ დარგს დაეხმაროს“, - განაცხადა ნონიაძემ.
„ბიზნესპრესნიუსის“ კითხვაზე, საწყის ეტაპზე რა კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, ნონიაძემ აღნიშნა, რომ გამოსავალი საკანონმდებლო დონეზე უნდა მოიძებნოს.
„როგორც ირკვევა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირები, რომლებიც აქ ბიზნესით არიან დაკავებული, უფრო მეტი უპირატესობით სარგებლობენ, მაგალითად, გარკვეულ გადასახადებს არ იხდიან. ჩვენს მოქალაქეს თუ აქვს ვალდებულება, რომ მინიმუმ ინდმეწარმედ გაფორმდეს, იგივე ვალდებულება უნდა გაუჩნდეთ მათაც. როგორღაც უნდა გათანაბრდეს პირობები. რაც შეეხება დემპინგურ ფასს, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო. ამიტომ, კონკრეტულ ნაბიჯებზე ჯერ არ შევთანხმებულვართ“, - განაცხადა ნონიაძემ.
მისი თქმით, პრობლემა დაიწყო პანდემიის შემდეგ და აღნიშნული ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოში უკვე დაფუძნდნენ, ავტოსფეროში მომსახურების მთლიანი ჯაჭვი აითვისეს და მეტიც, რუსთავში უკვე საკუთარი ავტობაზრობაც კი გახსნეს. დღესდღეობით ავტობიზნესში ვითარება ასეთია. მოთხოვნის შემცირების პარალელურად იკლო ფასმაც. ავტოიმპორტიორი ჯაბა გოგინაშვილი არსებულ პრობლემებს ადასტურებს.
„რეექსპორტის სტატისტიკა შესაძლოა, არ იყოს დიდად შემცირებული, მაგრამ მოთხოვნა შემცირებულია. ფასებიც დაკლებულია იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარი გაჯერებულია, მაგრამ გარდა ჭარბი მიწოდებისა, ფასს ადგენს მყიდველი“, - აღნიშნა გოგინაშვილმა.
იმპორტიორები დიდი ხანია საუბრობენ დარგში კონკურენციის კუთხით არსებულ პრობლემებზე და ყურადღებას ამახვილებენ ყაზახი და ყირგიზი ავტოდილერების ფაქტორზე. კონკურენციის გამოწვევასთან დაკავშირებით შეხვედრა უკვე გაიმართა ფინანსთა სამინისტროსა და ბიზნესომბუდსმენთან.
„შეიძლება არსებობდეს ასეთი შეხედულება, რომ ვაჭრობაა და ვინც იაფად იყიდის ამერიკაში ან ევროპაში, ის იაფად გაყიდის, მაგრამ ჩვენ კონკურენციაში ვერ შევდივართ მათთან. ჩვენ ავტომობილებს ვყიდულობთ იმ გათვლით, რომ 80-90% რეექსპორტზე გავა და რა ფასსაც იხდიდნენ, იმ ფასში ვყიდულობდით.
ახლა მოხდა ასეთი რაღაც, რომ ყაზახი და ყირგიზი დილერები ჩამოვიდნენ ძალიან ბევრნი, აქ გახსნეს ოფისები, აუქციონზე ყიდულობენ მანქანებს, აკეთებენ და გაჰყავთ თავად. ამ ჯაჭვიდან ქართველი დილერი ამოვარდა. პლუს, მათ შეუძლიათ, რომ აუქციონზე ქართული დროშით ჩვენზე დიდი ფასი გადაიხადონ, შემდეგ აქ დადიან ბაზრობაზე, იყიდიან იაფად ან თავის ფასში, ან საღამოს ისევ აუქციონზე ყიდულობენ.
კონკურენციაში დიდად ვეღარ მივყვებით. ერთი სიტყვით, ჩვენ უნდა გაგვიმართლოს და ძალიან იაფად უნდა ვიყიდოთ აუქციონზე, რომ რაღაც თანხა გამოვუმუშაოთ, რაც აუქციონის სისტემიდან გამომდინარე შეუძლებელია, იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად, სტანდარტულ ან სტანდარტულზე ძვირ ფასებში იყიდება ავტომობილები“, - განუცხადა „ბიპიენს“ ჯაბა გოგინაშვილმა.
ბოლო პერიოდში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი მართლაც შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ორ თვეში ექსპორტზე გავიდა 12 238 ერთეული ავტომობილი, 2024 წლის იმავე პერიოდში კი 12 373 ერთეული.
ერთად ერთი ქმედითი რეგულაცია შეიძლება იყოს, სადილერეო კომპანიებისათვის არარეზიდენს პირებზე, სავაჭრო კოდების გაცემის აკრძალვა, რადგან ისინი აუქციონზე საქართველოს დროშით ვაჭრობენ, რას კანონიერი არ არის.
უცხო ქვეყნების სადილერო კომპანიების მიერ გაცემული კოდებით ნაყიდი მანქანებისათვის კი დაწესდეს საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთის გონივრული ვადა. პორტიდან გამოყვანიდან, მაგალითად ორი, მაქსიმუმ სამი კალენდარული დღე. ყოველ შემდგომ დღეზე დაწესდეს გადასახადი, მინ 100 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით.