ქადაგიძეს უზღუდავენ, ხადურს უზრდიან

ქადაგიძეს უზღუდავენ, ხადურს უზრდიან

საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლებამოსილების არეალი ეზღუდება. ეროვნულ ბანკს ფინანსური მონიტორინგის სამსახური გამოეყოფა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.

ყოველ შემთხვევაში, აღნიშნულ სიახლეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს, რომლის თანახმად, კანონის მიღებიდან არაუგვიანეს ორი თვის განმავლობაში, ფინანსური მონიტორინგის სამსახური რეორგანიზებული უნდა იქნეს და ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად უნდა ჩამოყალიბდეს.

ცვლილებებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელს პოსტზე ოთხი წლის ვადით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ამას გარდა, ინიციატივით, ყველა ის ნორმა, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ეხება, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონიდან ამოდის.

დავით ონოფრიშვილის განმარტებით, რეორგანიზაციის მიზეზი ამ ორგანოს ფუნქციონირების ქმედითობის გაზრდაა.

„ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ფუნქციების განხორციელება უკავშირდება სწორედ უკანონო შემოსავლების აღმოჩენას, მისი ლეგალიზების პრევენციას და შესაბამის ქმედებებს. აღნიშნული საქმიანობა მეტწილად სწორედ ფინანსთა სამინისტროს ძირითად ფუნქციებთან არის დაკავშირებული. სამსახურის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ინტეგრირება სამსახურის ეფექტურ მუშაობასა და მოქნილობას გაზრდის“, - აცხადებს ონოფრიშვილი, რომლისგან განხვავებით ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და „ნაციონალური მოძრაობა“.

გიორგი ქადაგიძის მოსაზრებით, ცვლილება არასასურველი შედეგის მომტანი იქნება.

„ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას სწორ გადაწყვეტილებად არ მივიჩნევ. ეს იმ შედეგების მომტანი არ იქნება, რომელიც ზოგადად ეკონომიკის და სახელდობრ, საბანკო სექტორის განვითარებას დაეხმარება“, - აცხადებს ქადაგიძე, რომელიც იმედს გამოვთქვამს, რომ პარლამენტის დაარწმუნებს, რომ ცვლილებას არასასურველი შედეგები მოჰყვება.

გიორგი ქადაგიძის მსგავსად არასასურველ შედეგებზე აპელირებს ოპოზიციონერი დეპუტატი ზურა ჯაფარიძე, რომელიც for.geს-თან საუბარში აღნიშნავს, რომ ცვლილების წინაღმდეგია.

„საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ორგანოა. ფინანსური მონიტორინგის სამსახური დამოუკიდებელი უწყება უნდა იყოს და აქედან გამომდინარე, სჯობს, ეს სტრუქტურა ეროვნული ბანკის ქვეშ დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო ნორმებთან წინააღმდეგობაში მოვალთ და საყვედურებსაც მივიღებთ“, - აცხადებს ჯაფარიძე, რომელიც კანონპროექტში არსებულ „ნაღმებზე“ საუბრობს.

კანონმდებელის განმარტებით, აღნიშნული სამსახური იღებს ინფორმაციას ნებისმიერი პირის გადარიცხვების თაობაზე, რომელიც 10 ათას ლარს აღემატება.

„როგორც ჩანს, ფინანსთა სამინისტროს ამ ინფორმაციის გაკონტროლება სურს. ალბათ, უწყებას უნდა ინფორმაცია გააკონტროლოს - ვინ რა თანხების გადარიცხვას აწარმოებს. ეს დაუშვებელია, შესაბამისად, წინადადება უკან უნდა იქნეს გაწვეული“, - აღნიშნავს ჯაფარიძე, რომლის მსგავად ცვლილებებს მთავრობაც ეხმაურება.

ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ წინადადებას კარგი განხილვა სჭირდება.

ნოდარ ხადურის განცხადებით, მთავრობა ინიციატივასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკთან კონსულტაციებს გამართავს და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

„ბატონი დავითის ეს წინადადება კარგად უნდა განვიხილოთ, რადგან ეროვნულ ბანკს აქვს მონეტარული პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები და საქართველოს მთავრობას აქვს ვალდებულებები, მათ შორის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით და ა.შ“, - აღნიშნავს ხადური.

წინადადებასთან დაკავშირებით, დაინტერესებული პირების არგუმენტების მოსმენას აპირებს პარლამენტი და როგორც for.ge-ს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ განუცხადა, ცვლილებების განხილვები უახლოეს მომავალში დაიწყება.

„ცვლილებები რეორგანიზაციის მიზნით ხორციელდება. კანონპროექტზე მსჯელობა იწყება და არგუმენტების მოსმენას ვაპირებთ, მაგრამ უწყების ფინანსთა სამინისტროში გადასვლა, მისი ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფას და ოპერატიულობას გამოიწვევს. ეს კი ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან გამომდინარე ძნელად მიღწევადია“, - აცხადებს ებანოიძე.

დავით ონოფრიშვილის მიერ მომზადებულ საკანონმებლო ინიციატივაში შევა თუ არა შესწორებები, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული წინადადებებით, ცოტა ხნის წინ, ეროვნულ ბანკს სადაზღვევო კომპანიებზე ზედამხედველობის უფლება ჩამოერთვა და „ფასიან ქაღალდებზე“ ხელმისაწვდომობა შეეზღუდა.