უცხოელი გიდებს კიდევ ერთხელ დააფარებენ ხელს - რატომ ცდილობს მთავრობა მათ ხელშეწყობას?

უცხოელი გიდებს კიდევ ერთხელ დააფარებენ ხელს - რატომ ცდილობს მთავრობა მათ ხელშეწყობას?

უცხოელი გიდების სავალდებულო რეგისტრაცია შესაძლოა, გადავადდეს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის თანახმად, იგეგმება რეგისტრაციის ერთი წლით, 2026 წლის 1-ელ ივნისამდე გადავადება. ეს ისედაც მწვავე პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს. ადგილობრივი გიდები წლებია საკითხის დარეგულირებას ითხოვენ, მაგრამ მთავრობა მუდმივად ფეხ ითრევს. ახლაც უკვე მიღებული კანონის ამოქმედების შეჩერებაზეა საუბარი.

ტურიზმის შესახებკანონის მიხედვით, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ტურისტული საქმიანობის სუბიექტები არიან: ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი), ასევე ტურისტული გიდი და .. თუმცა, უცხოელ გიდებზე რეგისტრაციის ვალდებულების ამოქმედება მიმდინარე წლის ივნისიდან იგეგმებოდა, რომლის დროც უკვე მოახლოვდა. ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი მათ რეგისტრაციის გავლა მომავალი წლის ზაფხულიდან მოუწევთ.

როგორც ცვლილებების ავტორები განმარტავენ, სარეგისტრაციო პროცესი დიდ დროსთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით დარჩენილი არაერთი სუბიექტი, რომელთაც რეგისტრაცია არ დაუსრულებიათ, რის გამოც ჯარიმის ამოქმედება სექტორს პრობლემას შეუქმნის.

ამის ფონზე საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის განხორციელებისთვის დაწესებული ჯარიმების ამოქმედება ერთი წლით 2026 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა გადაიდოს.

ცნობისთვის, ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ საქმიანობის განხორციელება რეგისტრაციის გარეშე კანონის მიხედვით 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირისთავმჯდომარე გიორგი თეთრაძე დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, უცხოელ გიდებს რეგისტრაციის ვალდებულება შესაძლოა, ერთი წლით გაუხანგრძლივდეთ, უარყოფითად აფასებს.

მაინ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების გამო ადგილობრივ გიდებს შეექმნებათ. დღესდღეობით უცხოელი გიდები დემპინგური ფასებით მუშაობენ, რაც ქართველი გიდებისთვის გამოწვევაა.

კატეგორიულად უარყოფითად ვაფასებ ამ გადაწყვეტილებას. უამრავი უცხოელი გიდი კვლავაც ყოველგვარი შეფერხების გარეშე იმუშავებს ისე, რომ არსად იქნება დარეგისტრირებული და არ გადაიხდის გადასახადს, რაც უამრავ პრობლემას უქმნის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გიდებს, რომლებიც, პრაქტიკულად, რჩებიან უმუშევრები.

კვალიფიკაციის თვალსაზრისით არანაირი კონკურენცია არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენი გიდები გაცილებით მაღალი დონის ცოდნის მატარებლები არიან. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უცხოელი გიდები დემპინგურად და თავისივე უცხოელი კომპანიებისთვის მუშაობენ, იმ ტურისტს, რომელსაც ქართველი გიდის მომსახურებით უნდა ესარგებლა, ემსახურება უცხოელი გიდი. შედეგად მთელი სახსრები გაედინება ქვეყნიდან, საქართველოში კი რჩება ნამცეცები იმ მთლიანი თანხიდან, რაც სხვა სიტუაციაში უნდა დარჩენილიყო“, - განაცხადა ბიზნესპრესნიუსთან საუბრისას გიორგი თეთრაძემ.

უცხოელი გიდებისა და კონსულტანტების გამო ქვეყნის ბიუჯეტი ათასობით ლარს კარგავს. ქართველი გიდების ნაწილი წლებია უცხოელი გიდების საქმიანობის აკრძალვას ითხოვს. მათ რიგებშია სერტიფიცირებული გიდი ქეთი ბურნაძეც, რომელიც პრობლემის სიმწვავეზე მიუთითებს.

ქვეყანას გააჩნია ბიუჯეტი, რომელშიც ჩვენი შემოსავლებიდან რაღაც უნდა აისახებოდეს. უცხოელი ინსტრუქტორის მომსახურება ერთი საათი ჯდება 60-70 ევრომდე. საკუთარი თვალით დავრწმუნდით და ამის ვიდეოც არის ერთი ინსტრუქტორი როგორ ატრენინგებს 16-18 ტურისტს. ამ შემთხვევაში გუდაურზე მაქვს საუბარი. თვეში ერთი ინსტრუქტორი იღებს 40 ათასი ევროს, ეს თანხა ხაზინის გვერდის ავლით გადის ქვეყნიდან. ანუ აქ არ რჩება.

ამას გარდა, ამ ხალხს არ აქვთ სამუშაო ვიზა, ჩვენ ხომ ვისწრაფვით ცივილიზებული სამყაროსკენ. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ტურისტი დაუგდიათ და წასულან, ვის იმიჯზე მოქმედებს ეს? რა თქმა უნდა, ქვეყანა ზარალდება“, - გააცხადა ქეთი ბურნაძემ.

ფაქტია, რომ ქვეყანაში უცხოელი ინსტრუქტორების და გიდების შემოსევაა, რომლებიც აბსოლუტურად არაკომპეტენტურები არიან საქართველოს ისტორიაში და კულტურაში. ისინი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ატარებენ ტურებს, ექსკურსიებს და სხვა ნებისმიერ აქტივობებს.