ხადურის საბიუჯეტო ოპტიმიზმი

ხადურის საბიუჯეტო ოპტიმიზმი

სახელმწიფო ბიუჯეტის 2 თვის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, მაგრამ რა იქნება წლის ბოლოს, შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, ძნელი სათქმელია. ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ წელს ყველაფერი უპრობლემოდ წარიმართება, მაგრამ ყველას კარგად ახსოვს, რომ ნოდარ ხადური შარშან ამ დროსაც იგივეს ამბობდა.

2014 წლის იანვარ-თებერვალში საგადასახადო შემოსავლების გეგმა დაახლოებით 37 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა. ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ამის შესახებ ჯერ პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს უპატაკა.

„საგადასახადო შემოსავლები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 100 მილიონზე მეტი ლარითაა გაზრდილი. ბიუჯეტში 1 მილიარდ 188,8 მილიონი ლარია მობილიზებული. დასკვნა ისაა, რომ ეკონომიკური აქტივობის მერყეობიდან და სეზონურობიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტს მიმდინარე წელს არანაირი პრობლემა არ შეექმნება“, - განაცხადა ხადურმა.

სხვათა შორის, ფინანსთა მინისტრი შარშან ამ დროსაც იგივე შემართებით გაიძახოდა, ბიუჯეტში ყველაფერი რიგზეაო. ასე გრძელდებოდა სექტემბრამდე, შემდეგ ოპტიმიზმმა და ენთუზიაზმა იკლო, ბოლოს სულ გაქრა და წლის ბოლოს ბიუჯეტი 564 მილიონი ლარით გაირღვა.

ამიტომაც სპეციალისტებს ნოდარ ხადურის რიხიანი განცხადებების მაინცდამაინც არც ახლა სჯერათ. რამდენადაც წიწილების დათვლის პერიოდი - შემოდგომაა, ბიუჯეტის ავკარგიანობაც იმ დროისთვის გამოჩნდება. ჯერჯერობით კი ამ საკითხით მანიპულირება ნაადრევია.

ყოველ შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრი ჯერჯერობით ყოჩაღადაა და გამართულ სტატისტიკურ მონაცმებსაც იშველიებს. ამ დროისათვის ბიუჯეტში მობილიზებულია 1 მილიარდ 188,8 მილიონი ლარი, რაც შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 233 მილიონი ლარით მეტია. პირველ ორ თვეში მობილიზებული თანხები პირველი კვარტლის გეგმის - 56,6%, ხოლო წლიური გეგმის 13,1%-ია. როგორც ხადურმა განმარტავს, 2014 წლის პირველ ორ თვეში, 2013 წელთან შედარებით, საგადასახადო შემოსავლების სახით დაახლოებით 110 მილიონი ლარით მეტია მობილიზებული.

„საგადასახადო შემოსავლების ფაქტობრივმა მაჩვენებელმა 954 მილიონი ლარი შეადგინა. ეს არის წლიური გეგმის 14%, ეს არის 100 მილიონით არის გადაჭარბება და 40 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე წლევანდელი გეგმა პირველი ორი თვისთვის. დაახლოებით 35 მილიონით არის გაზრდილი თებერვლის შემოსავლები შარშანდელ თებერვალთან შედარებით.

ასევე გაზრდილია სახაზინო ვალდებულებების გამოშვება და ჩვენ უკვე დავიწყეთ ე.წ. იაფი კრედიტის პროგრამა ბანკებისთვის. დღევანდელი მდგომარეობით დაახლოებით 88 მილიონი ლარია გამოშვებული. იანვარ-თებერვალში ეს იყო 44 მილიონი ლარი. პირველ ორ თვეში გაწეული ხარჯი შეადგენს 1 მილიარდ 145 მილიონ ლარს, რაც გასული წლის მაჩვენებელს 154 მილიონი ლარით აღემატება.

შარშანდელთან შედარებით, ყველაზე მეტი მოცულობით გაზრდილია სოციალური ხარჯები, რაც გამოწვეულია იმით, რომ წელი გაზრდილი პენსიებით და გაზრდილი სოციალური ვალდებულებებით დავიწყეთ. გარდა ამისა, მიმდინარეობს დაღუპული მეომრების ოჯახებისთის 500-ლარიანი დახმარების გაცემა და ეს ყველაფერი ბიუჯეტის ხარჯებზე აისახა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ მცირე შეფერხება დაფიქსირდა კაპიტალურ ხარჯებში (ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტები), რაც უამინდობით იყო გამოწვეული, თუმცა შარშანდელთან შედარებით ეს მიმართულებაც გაზრდილია.