რაჭის ახალი გზა... ვის შეჰყავს შეცდომაში ბატონი დავით ნარმანია?

რაჭის ახალი გზა... ვის შეჰყავს შეცდომაში ბატონი დავით ნარმანია?

2011 წლის ზაფხულში რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი დიდი ხნის ოცნებაა ზემო იმერეთი და რაჭა ერთმანეთს დაუკავშირდეს ახალი საავტომობილო გზით (რიკოთის უღელტეხილის გვერდის ავლით). ამ განცხადებას დიდი ინტერესით შეხვდა როგორც რაჭის, ასევე ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობაც, ვინაიდან ამ გზის აშენებას უდიდესი მნშვნელობა აქვს დემოგრაფიული და ეკონომიკური კოლაფსის წინაშე მდგომი საქართველოს მთიანეთის გადასარჩენად.

თუმცა ერთია ხელისუფალის მიერ დანაპირების შესრულება და მეორეა თუ როგორ ეფექტურად იქნება მიმართული შესრულებული დანაპირები ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან მოკლე დროში ვებ-გვერდებზე დაიდო გზის განვითარების 4 ვარიანტი:

- საჩხერე-მოხვა-შხივანა-ხოტევი-ამბროლაური -  ასაშენებელი გზის საერთო სიგრძე 36 კმ გადასასვლელი უღელტეხილის სიმაღლე ზ_დ - 1730 მ. მიმინოსწყალი-ყორეს 4 კმ-იანი გვირაბის აშენების შემთხვევაში ზ_დ 1500 მ  სავარაუდო ღირებულება - 25-26 მილიონი ლარი;

- საჩხერე-ჭიათურა-ხრეითი-თლუღი-ამბროლაური - ასაშენებელი გზა - 43 კმ, გადასასვლელი უღელტეხილი ზ_დ 1907 მ, ღირებულება - 25 მილიონი ლარი;

- საჩხერე-მოხვა-ფუტიეთი-ამბროლაური - ასაშენებელი გზა - 50 კმ, გადასასვლელი უღელტეხილი - ზ_დ 1900 მეტრი, ღირებულება - 30 მლნი ლარი.

- საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ონი - ასაშენებელი გზის სიგრძე - 52 კმ, გადასასვლელი უღელტეხილი - ზ_დ - 1898 მ, სავარაუდო ღირებულება - 30 მილიონი ლარი;

აღნიშნული გზის მშენებლობის მთავარ მიზანს წარმოადგენს ჩვენს რეგიონსა და დედაქალაქს შორის მგზავრობის ხანგრძლივი და მომქანცველი დროის 2-2,5 საათით შემცირება, თუმცა მარტო გზის ხანგრძლივობა ხომ არ არის? რამდენი ლიტრი ბენზინით ნაკლები დაიხარჯება, რამდენი კაცი შეძლებს შეავსოს ოჯახის მარაგი მამაპაპისეულ კარმიდამოში მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით, მიიღოს მონაწილეობა სოფლის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაში, რამდენი საერთოდ დაუბრუნდება მშობლიურ კერას.

თუმცა გზის ჩამოთვლილი ვარიანტების ყველა შემთხვევაში ერთმანეთისაგან განსხვავებულ სურათს ვიღებთ. ასე მაგალითად: როგორც შქმერის, ისე ხრეითის ვარიანტით გზის აშენების შემთხვევაში, ამ გზებით არ ისარგებლებს ქვემო რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობა. ამ კუთხეებიდან თბილისში მიმავალმა მგზავრებმა იმისათვის, რომ ამბროლაურიდან საჩხერეში მოხვდნენ, შქმერის მარშრუტით უნდა გაიარონ 80 კმ, ხოლო ხრეითის მარშრუტით - 61 კმ და ალპურ ზონაში, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში გადაიარონ პირველ შემთხვევაში ზღვის დონიდან 1898 მ, ხოლო მეორე შემთხვევაში - 1907 მ. ამის შემდეგ ყველა მათგანი ამბროლაურიდან ისევ ძველი მიმართულებით - 45 კილომეტრში მდებარე ტყიბულისაკენ ზღვის დონიდან 1420 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ნაქერალას უღელტეხილით გააგრძელებს გზას და წინ კვლავ 5-6-საათიანი მომქანცველი მგზავრობა ელოდება.

რაც შეეხება ფუტიეთის ვარიანტს, ამ შემთხვევაში ახლადასაშენებელი გზის სიგრძე 50 კილომეტრია, უღელტეხილი - ზღვის დონიდან 1900 მეტრი, რომელზეც ფიზიკურ რუკაზე გაკეთებულია აღნიშვნა (IV - X), რაც იმას ნიშნავს, რომ ნოემბრიდან მარტის ჩათვლით, ამ უღელტეხილით სარგებლობა არც ისე ადვილი იქნება.  მდგომარეობას ართულებს ასევე ფუტიეთი-ამბროლაურის ციცაბო გრძივი ქანობიც (12%-ზე მეტი).

შხივანა-მოხვის ვარიანტის შემთხვევაში კი გადასასვლელი (კვეშლევის) უღელტეხილის სიმაღლე ზ_დ 1730 მეტრია და დანარჩენი სამი ვარიანტის უღელტეხილზე 170-177 მეტრით ნაკლებია. ეს ის ტეხილია, კორბოულის ზეგანიდან რაჭის მთებისკენ რომ გაიხედავთ და საწალიკის მთიდან ხიხათის მთამდე ქამარივით შემორტყმულ 100-120 მეტრის სიმაღლის კლდოვანი მასივის შუაწელში კლდეების ძირებამდე დადაბლებული მწვანედ აბიბინებული და ტყის ფოთლოვან მასივებში გამომზირალე რომ იპყრობს მზერას. ვინ წარმოიდგენს თუ საჩხერე-ჭიათურის დასავლეთ ფერდობებზე გადმომდგარი ამ უნაგირა გადასასვლელიდან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ადმინისტრაციულ ცენტრამდე - ქ. ამბროლაურამდე მხოლოდ და მხოლოდ 20 კილომეტრია, ხოლო საჩხერიდან ხოტევამდე ახლადასაშენებელი გზის სიგრძე (არსებული მოხრეშილი მე-5 კატეგორიის გზის ჩათვლით) 36 კილომეტრს შეადგენს. 4 კილომეტრამდე სიგრძის მიმინოსწყალი-ყორეს საავტომობილო გვირაბის აშენების შემთხვევაში კი, გადასასვლელი სიმაღლე 1500 მეტრამდე მცირდება და საქართველოს მთიანეთში იშვიათი იქნება ასეთი პრაქტიკულად მისაღები და ბუნებრივი სილამაზის მქონე საავტომობილო ტრასა.

როგორც ვხედავთ, გეოგრაფიული, მეტეოროლოგიური და ტექნიკური თვალსაზრისით, სხვა ვარიანტებთან შედარებით, ხოტევი-შხივანა-მოხვა-საჩხერის ვარიანტის უპირატესობა თვალნათლივ გამოკვეთილია.

სათანადო შეთანხმებების საფუძველზე გადაწყდა, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სააქტო დარბაზში საგზაო სპეციალისტებისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობით მოგვეწყო ამ საკითხის საჯარო განხილვა და მიღებული ერთობლივი მოსაზრება წარგვედგინა საქართველოს მთავრობისათვის.

სამართლიანი იყო ჩვენი გაოცება, როცა საჯარო განხილვამდე რამოდენიმე დღით ადრე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბატონმა დავით ნარმანიამ მასმედიის საშუალებით განაცხადა სამინისტროს 2014 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საჩხერე-შქმერი-ონის საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ (IV ვარიანტი).

ბუნებრივია, ყოველივე ზემოთქმულმა ქვემო რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობის შესაბამისი რეაქცია გამოიწვია და 2013 წლის 3 დეკემბერს კვეშლევის უღელტეხილის მიმართულებით გზის მშენებლობის მომხრე ამბროლაურის რაიონის სოფ. შხივანის მოსახლეობამ კოლექტიური განცხადებით მიმართა რაჭის გადარჩენისა და განვითარების ფონდს. არ დააყოვნა არც ცაგერისა და ლენტეხის მოსახლეობის რეაგირებამ. საქართველოს პრემიერმინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე 2014 წლის 23 იანვარს მთავრობის კანცელარიაში შევიდა მათი ერთობლივი განცხადება ასევე კვეშლევის უღელტეხილის მიმართულებით ამ გზის მშენებლობის შესახებ.

სრულიად სამართლიანად გვიჩნდება ეჭვი, რომ ჩვენთვის დაუდგენელმა გავლენიანმა პიროვნებებმა, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, შეცდომაში შეიყვანეს დავით ნარმანია. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, უკვე აპირებენ ტენდერის გამოცხადებას უზუნთა-შქმერის მიმართულებით საპროექტო სამუშაოებზე.

შექმნილ სიტუაციაში აუცილებელია ასაშენებელი გზის ეკონომიკური და სოციალური შედეგების წინასწარი გაანალიზებაც. სპეციალისტების მიერ შედგენილი გრაფიკული რუკიდან ნათლად ჩანს, შხივანა-მოხვის ვარიანტი ყველაზე ოპტიმალურია და არ შეიძლება ამ გლობალური პროექტიდან ქვემო რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ჩამოცილება; ან, ზემო იმერეთის მოსახლეობას რას ვეტყვით, განა მათთვის მნიშვნელოვანი არ არის საჩხერის რაიონის სატრანზიტო-სატრანსპორტო კვანძად გადაქცევა და ბაზრის გაჯერება ჩვენი რეგიონის პროდუქციითა და სახალხო მოხმარების სხვა საქონლით?

ზოგიერთმა შეიძლება მიკერძოებასა და ზემო რაჭის პრობლემების იგნორირებაში დამადანაშაულოს, მაგრამ არა ბატონებო, ჩვენთვის ზემო და ქვემო რაჭა ერთი და იგივე სატკივარია. ბიბლიაში წერია “ვაი, მას, ვინც თვალთმაქცობს!” სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ ზოგიერთებს: ბატონებო, ნუ თვალთმაქცობთ და ნუ შეგყავთ შეცდომაში ნურავინ. გამოდით კულუარებიდან, დაგვენახვეთ, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ და ერთად მივიდეთ ჭეშმარიტებამდე.

ძვირფასო რაჭველებო, მოდით ერთად მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, ვაღიაროთ, რომ როდესაც ქვეყანა, რომლის დღევანდელი სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, ხარჯების ეწევა ეფექტურობა გარანტირებული უნდა იყოს. ნუ გავატანთ ქარს ჩვენთვის მთავრობის მიერ გამოყოფილ ამხელა სიკეთეს, რამეთუ თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ შქმერის მარშრუტით გაკეთებული გზა ყველაზე უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ ონის რაიონის ნაწილს მოემსახურება. 

დადგება დრო, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ერწოს უღელტეხილზე საავტომობილო მიმოსვლა განახლდება. ონი-საჩხერის გზას, რომელიც, მკაცრი ალპური პირობების გამო, 1-ლი ნოემბრიდან 1-ელ აპრილამდე თითქმის სულ დაკეტილი იქნება, მხოლოდ ადგილობრივი მიმოსვლის დანიშნულება დარჩება. გარდა ამისა, ვიფიქროთ იმაზეც, რომ ამ გზის პირობებში რეგიონის დანარჩენი მოსახლეობა კვლავ არსებული საავტომობილო გზით ისარგებლებს და ამას შედეგად ზემო და ქვემო რაჭის, ფაქტობრივად, ერთმანეთისაგან გათიშვა მოჰყვება.

განა 50 წლის განმავლობაში მთელი ქვემო რაჭა, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი ზემო რაჭის გავლით არ დავდიოდით აღმოსავლეთისაკენ? რამდენი პატივისცემა გვახსოვს თქვენგან ზამთრის რთული გზის პირობებში. ჰოდა, გარკვეულ ხანს თქვენც იარეთ დედაქალაქისაკენ კვეშლევზე გამავალი შემოკლებული გზის პირობებში და მოგვეცით საშუალება დაგიბრუნოთ თქვენი კაცური ვალი. ჩვენს ძმებს, ლეჩხუმელებსა და ქვემო სვანებსაც ნუ წავართმევთ შესაძლებლობას 2-2,5 საათით შეიმოკლონ გრძელი და მომქანცველი გზა, მით უმეტეს, რომ კვეშლევის უღელტეხილით გზის გაყვანა ხომ ზემო რაჭასაც იგივე სიკეთეს მოუტანს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თხოვნით მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მისთვის ჩვეული ობიექტურობით გაგვიწიოს დახმარება. საგზაო სპეციალისტების, რაჭის ინტელიგენციის წარმომადგენლებისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში შედგეს ამ პრობლემის საჯარო განხილვა, შესაბამისი ოპტიმალური წინადადების მიღება და მხოლოდ ამის შემგედ გამოცხადდეს ტენდერი გზის დაპროექტებაზე.

კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ, მოუხმოთ სახელმწიფოებრივ აზროვნებას და გონივრულად მოვიხმაროთ ამ გაჭირვებაში რაჭისათვის გამოყოფილი მილიონები.