დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე საბავშვო ბაღებში თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ კორუფციულ თემაზე საუბრობს.
როგორც გულიკო ზუმბაძემ For.ge-სთან საუბრისას განაცხადა, 2008 წელს თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსის, დავით ხოსრუაშვილის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სპეციალურად თბილისის საბავშვო ბაღების აუდიტორული მომსახურებისთვის შეიქმნა კომპანია „დაუ პლიუსი“. დავით ხოსრუაშვილმა „დაუ პლიუსი“ ჯერ სხვისი სახელით ჩამოაყალიბა, შემდეგ უკვე გახდა ამ კომპანიის 100 %-იანი წილის მფლობელი.
გულიკო ზუმბაძის თქმით, ყველასთვის ცნობილია, როგორც ხდებოდა ტენდერები და აუქციონები. ასე რომ, „დაუ პლიუსი“ გახდა მონოპოლი თბილისის საბავშვო ბაღების ბუღალტრული მომსახურების ბაზარზე. უფრო მეტიც, „დაუ“-მ დაიწყო ახალი ხელშეკრულების გაფორმება თბილისის საბავშვო ბაღების დირექტორებთან და მომსახურების ჩამონათვალს დაემატა იურიდიული მომსახურებაც. ამიტომ, ნაცვლად 250-300 ლარისა, საბავშვო ბაღი მათ 400 ლარს უხდიდა, რაც ძალზე გაზრდილი თანხაა. მაშინ, როცა ჩვეულებრივ ბაზარზე ერთი ობიექტის, ერთი შპს-ს საბუღალტრო მომსახურება 150 ლარს არ აღმატება.
„ეს ხელშეკრულება 2019 წლამდეა დადებული. როგორც ჩანს, „დაუ“ ასწრებს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ვითარება. მათ შორის, ცდილობს, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე მოასწროს. ხუთი წელი ამ მომსახურებით სარგებლობა კი საბოლოოდ ნიშნავს 3 მილიონ 792 ათას ლარს. სწორედ ამდენი თანხა დაგვიჯდება თბილისის საბავშვო ბაღების ბუღალტრული მომსახურეობა. ეს მაშინ, როცა საბავშვო ბაღები დამოუკიდებელი იურიუდიული პირები არიან და მათ უფლება აქვთ, სხვადასხვა მომსახურებაზე ნებისმიერ იურიდიულ პირს გაუფორმონ ხელშეკრულება. ამიტომაც მივმართე ბაგა-ბაღების დირექტორებს, გამოიყენონ ეს უფლება, დაზოგონ ბიუჯეტის თანხები და თვითონ გადაწყვიტონ, რომელ იურიდიულ პირს გაუფორმებენ ხელშეკრულებას“, - გვითხრა გულიკო ზუმბაძემ.
მისი თქმით, თანხები, რომელსაც ხარჯავს საბავშვო ბაღი, ეს იქნება სარემონტო სამუშაო, ბავშვთა კვება, ხელფასები, იხარჯება ბიუჯეტიდან. შარშანდლამდე, გარკვეულწილად, ამაში ბაღის აღსაზრდელთა მშობლების გადასახადიც იხარჯებოდა.
ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული კავშირის“ ხელმძღვანელს, გიორგი ბურჯანაძეს. მან აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღებთან მიმართებით მერიის კორუფციული სქემა აშკარაა. კონკრეტულად, „ფუდსერვისი“ ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. კერძოდ, „ფუდსერვისმა“ მოიგო ე.წ. ტენდერი, რაც კითხვებს ბადებს, თუ რატომ იგებს მაინცდამაინც გეგენავების კომპანია ტენდერებს და როგორ წესდება „ფუდსერვისის“ გაზრდილი ფასები.
კერძოდ, 20-30 %-ით არის გაზრდილი ფასნამატი ჩვეულებრივ საკოლმეურნეო ფასებთან მიმართებით. მაშინ, როცა ნებისმიერ უბანში ბაღის გამგე კალათით რომ გავიდეს, გაცილებთ იაფად იყიდის იმ დღის მოსახმარ პროდუქტს, ვიდრე „ფუდსერვისს“ შეაქვს. „ფუდსერვისის“ ხორცი 14.80 ლარი ჯდება, არადა, ხორცის საბაზრო ღირებულება 12-13 ლარია. კომბოსტო და სხვა პროდუქტი გაცილებით ძვირია, ვიდრე საკოლმეურნეო ბაზარზე. კიდევ მეორე მიმართულება, რითაც ფული კეთდებოდა, ეს იყო ჭურჭლის სარეცხი ფხვნილები და სითხეები, რომლებიც კომპანიებს ბაგა-ბაღებში შეჰქონდათ. ბაგების სააგენტო ბაღებს აიძულებდა, მხოლოდ ოთხი კომპანიის მომარაგებით ესარგებლათ.
„რატომ ოთხი და არა - რვა?! კიდევ კარგი, შევძელით, რომ „ფუდსერვისის“ ნაცვლად ბაღების მომარაგებაში უკვე ჩაერთნენ სხვა შპს-ები, რომლებმაც უკეთესი პირობები გაცილებით დაბალ ფასად შესთავაზეს ბაღებს. სამსახურის დაკარგვის შიშით ბაგა-ბაღის გამგე დამოუკიდებლად ვერ წყვეტს საკითხს. ამას ემატება სარემონტო სამუშაოების ჩატარება ბაგა-ბაღებში, რომლითაც უფრო დიდ თანხებს იტაცებდნენ. არის ბაღი, სადაც 300 ათასი გაიხარჯა რამდენიმე წლის განმავლობაში და ბაღი ისევ სარემონტოა. მაშინ, როცა ზოგიერთ ბაღში 16 ათასი ლარი გაიხარჯა და მაინც უკეთესად გამოიყურება. მარტივ მაგალითს გეტყვით, შეიძლება საღებავი კედელზე სამ და ოთხპირად იყოს წასმული, ესენი კი ერთ პირს უსვამდნენ. ნაცვლად 500 ლიტრი საღებავისა, იხარჯებოდა 15 ლიტრი. ამიტომაც შენობები ყოველწლიურად საჭიროებდა კოსმეტიკურ სამუშაოებს. ყოველ წელს გაგიათ კაპიტალური რემონტის გაკეთება? მერიის მაღალჩინოსნები დგანან ამ კომპანიების უკან და მათ ჯიბეებში მიდიოდა ეს თანხები“, - გვითხრა გიორგი ბურჯანაძემ.
მანვე განმარტა, რომ ამ საკითხების შესასწავლად შემოსავალების სამსახურის საგამოძიებო სამსახურს მიმართა და ახლო მომავალში საქმეები აღიძრება იმ ფირმების წინააღმდეგ, რომლებიც ამ საქმიანობას აწარმოებდნენ.
ჩვენ დავუკავშირდით თბილისის ბაღების სააგენტოს დირექტორს რამაზ სულამანიძეს. მან აღნიშნა, რომ ბაღები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, ვისთან დადონ ხელშეკრულება და ამ მხრივ ისინი შეზღუდულნი არ არიან.
„გეგენავას „ფუდსერვისის“ გარდა, ბაღებში ბევრ ფირმას შეაქვს პროდუქცია. ერთი წელია, რაც ამ თანამდებობაზე დანიშნული ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, წინა წლებშიც კეთილსინდისიერად ხდებოდა ეს ყველაფერი. მით უმეტეს, „ფუდსერვისი“ არა მარტო თბილისის მერიაში მუშაობს, არამედ სხვა სახელმწიფო უწყებებშიც. ჩემი ინფორმაციით, მათ ჯარშიც შეაქვთ პროდუქცია. ამიტომ ეს ბრალდებები არასერიოზულია. რაც შეეხება კომპანია „დაუ პლიუსს“, დღესაც ბაღებს შეუძლიათ გაუწყვიტონ ხელშეკრულება ნებისმიერ კომპანიას და დაუდონ ხელშეკრულება სხვა კომპანიებს. ჩემი ინფორმაციით, ბაღები კმაყოფილნი არიან მათი მომსახურებით და ამიტომაც აგრძელებენ მათთან ხელშეკრულებებს. ეს საქმეში ჩაუხედავი ადამიანების დემაგოგიური გამოხტომებია“, - გვითხრა რამაზ სულამანიძემ.