ეროვნული ბანკმა სავალუტო რეზერვების შევსება აქტიურად დაიწყო. მარტში სავალუტო ბაზრიდან ამოღებული თანხა სოლიდურია, მაგრამ კიდევ უფრო შთამბეჭდავი შედეგი იქნება აპრილში. საბოლოო ჯამში შემოდგომამდე სებ-ი რეზერვების შევსებას სწრაფად გააგრძელებს, რადგან ლარის კურსი მომდევნო რამდენი თვის განმავლობაში ამის საშუალებას ცენტრალურ ბანკს ნამდვილად მისცემს.
ეროვნულმა ბანკმა მარტში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 101.7 მლნ აშშ დოლარით შეივსო. იანვარ-თებერვალში Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა, ხოლო მარტში Bmatch პლატფორმით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი დოლარი იყო. როგორც სებ-ში აღნიშნავენ, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საერთაშორისო რეზერვების შევსებას განაგრძობენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, მარტის მონაცემებთან შედარებით, აპრილში საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მონაცემები გაცილებით შთამბეჭდავი იქნება.
თურნავას პროგნოზით, ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად, სავალუტო შემოდინებები გაიზრდება, რაც სებ-ს კიდევ უფრო მეტი სავალუტო რეზერვის შეძენის საშუალებას მისცემს.
„სებ-ის პრიორიტეტი არის რეზერვების აკუმულირება და რომ ჩვენი ეკონომიკა ამის საშუალებას იძლევა. ლარის ბოლოდროინდელი გამყარების ტენდენციები ბაზარზე ძლიერ სავალუტო შემოდინებას ემყარება. ტურისტული სეზონი იწყება და ეს ტენდენციები კიდევ უფრო გაგრძელდება და ეს არის ჩვენთვის საშუალება, რომ მეტი რეზერვები ვიყიდოთ და შევავსოთ და შევინახოთ იმ დრომდე, ვიდრე ბაზრისთვის მიწოდება გახდება საჭირო.
მარტის მონაცემები გამოვაქვეყნეთ და 102 მილიონ დოლარამდეა შეძენილი, მაგრამ მინდა გავამხილო, რომ აპრილის მონაცემები, რომელიც გამოქვეყნდება მაისის ბოლოს, გაცილებით შთამბეჭდავია. უფრო მეტი დოლარის აკუმულირება შევძელით აპრილში“, - განაცხადა თურნავამ.
„გალტ ენდ თაგარტის“ ეკონომისტი ლაშა ქავთარაძეც მიიჩნევს, რომ ლარის კურსის არსებული ტრენდის გათვალისწინებით, ეროვნულ ბანკს მარტის მსგავსად, აპრილშიც ექნება შესყიდვები რეზერვების შესავსებად.
როგორც ეკონომისტმა „საქმიან დილაში“ განაცხდა, მარტში დეპოზიცების დოლარიზაციის კლება გაგრძელდა, რაც ნიშნავს, რომ კონვერტაციები კვლავ ხორციელდება. ლაშა ქავთარაძის თქმით, დეპოზიტების დოლარიდან ლარში კონვერტაციებთან ერთად, გარე ფაქტორმა - დოლარის დასუსტებამ იქონია პოზიტიური გავლენა ლარის კურსზე, რამაც სებ-ს რეზერვის შევსების შესაძლებლობა მისცა.
„დეპოზიტები 11.3%-ითაა გაზრდილი, ოდნავ შენელებაა წინა თვესთან შედარებით და აქ აღსანიშნავია, რომ მარტში ისევ გაგრძელდა დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირება, 0.35 პროცენტული პუნქტით შემცირდა 52.8%-მდე. ეს ფაქტობრივად იმას მიანიშნებს, რომ კონვერტაციები კიდევ განხორციელდა და სწორედ კონვერტაცეიბის შედეგია ის, რომ ლარის კურსი მყარდება და ამაზე მეორე მხრივ გლობალური ფაქტორი მოქმედებს - როდესაც დოლარი დასუსტებულია გლობალურად, ეს პოზიტიურია ლარის კურსისთვის.
სწორედ ამ ტრენდების გათვალისიწნებით იყო ის, რომ ლარის კურსი მყარდებოდა, რამაც შესაძლებლობა მისცა ეროვნულ ბანკს, რომ მარტში დაახლოებით 102 მლნ დოლარი შეესყიდა რეზერვების შესავსებად. ვფიქრობთ, რომ აპრილში მარტზე არანაკლები შესყიდვები იქნება. ამას 25 მაისისთვის გავიგებთ, თუ რა ტრანზაქციები განხორციელდა. მთლიანობაში, ის რაც არის მიმდინარედ ლარის კურსზე, პოზიტიურია იმისთვის, რომ რეზერვები შეივსოს“, - აღნიშნა ქავთარაძემ.
ამჟამად აშშ დოლარის გლობალური დასუსტებიდან გამომდინარე საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცა მეტი შესაძლებლობა შეავსოს ქვეყნის სავალუტო რეზერვები. „თიბისი კაპიტალის“ მაკროეკონომიკურ განახლებაში ნათქვამია, რომ გლობალურად გაურკვევლობა კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ამიტომ ფრთხილი მოქმედებაა საჭირო.
„წმინდა სავალუტო შემოდინებები მარტში მხოლოდ მცირედით გაუარესდა იმპორტის აღდგენის გამო, ხოლო დეპოზიტების სავალუტო კონვერტაციების დინამიკა ბოლო პერიოდში მეტ-ნაკლებად ლარისთვის პოზიტიური გახდა. შესაბამისად, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან შეფასებებზე დაყრდნობით, ლარი, წონასწორულ ნიშნულებთან შედარებით, უფრო სუსტია.
ზემოხსენებულმა ფაქტორებმა, აშშ დოლარის გლობალურ დასუსტებასთან ერთად, რეზერვების შესავსებად უფრო მოცულობითი ინტერვენციების განხორციელების შესაძლებლობა მისცა ეროვნულ ბანკს, რომელმაც მარტში სავალუტო ბაზარზე დაახლოებით 102 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, ხოლო აპრილში განხორციელებული შესყიდვების მოცულობა, ჩვენი შეფასებით, კიდევ უფრო დიდი იქნება.
ამ ფონზე, თუკი სამომავლოდ აშშ დოლარი კიდევ უფრო მკვეთრად არ გაუფასურდება, ჩვენ კვლავ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ გაუმჯობესებული სავალუტო ნაკადები სებ-ის საერთაშორისო რეზერვების შევსებას უფრო გამოიწვევს, ვიდრე ლარის მნიშვნელოვან გამყარებას“, - ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში.