გონიერი დიქტატორები ინტერნეტს არ ახშობენ

გონიერი დიქტატორები ინტერნეტს არ ახშობენ

მუბარაქს წარმოდგენა არ ჰქონდა იმაზე, თუ როგორ უნდა გამკლავებოდა სოციალური მედიის ძალას. ჩინეთი, რუსეთი და ირანი ამ საკითხში უფრო ერკვევიან

28 წლის ჰალედ საიდის ტრაგიკული სიკვდილი, რომელიც 2010 წლის ივნისში ეგვიპტის პოლიციამ ალექსანდრიის ინტერნეტ–კაფედან ქუჩაში გამოიყვანა და სასტიკად სცემა, იმ მოვლენად იქცა, რომელმაც ახალგაზრდა ეგვიპტელები აღაშფოთა და Facebook–ის გვერდებზე საკუთარი აღშფოთების გამოხატვისკენ უბიძგა. ჯგუფში, რომელმაც საკუთარ თავს უწოდა „ჩვენ ყველანი – ჰალედ საიდები ვართ“, უმალ გააერთიანა ასობით ათასი მომხმარებელი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საპროტესტო მოძრაობის გავრცელებაში, რასაც თავის მხრივ საბოლოო ჯამში ჰოსნი მუბარაქის დამხობა მოჰყვა.

ეგვიპტის გამოცდილება ცხადყოფს, რომ სოციალურ ქსელებს ისედაც მომაკვდავი ავტორიტარული რეჟიმებისთვის ბოლოს მოღება შეუძლიათ. თუმცა, ეგვიპტის მოვლენებში ინტერნეტის როლის აღიარებასთან ერთად, არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ პროტესტანტებს გაუმართლათ, რადგან ისინი ებრძოდნენ მთავრობას, რომელიც tweet–ს ჩიტების ჭიკჭიკისგან ვერ ანსხვავებდა. ამას მომწმობდა ქვეყანაში ინტერნეტის გათიშვასთან დაკავშირებული სასოწარკვეთილი, მაგრამ დაგვიანებული გადაწყვეტილებაც. იმ მომაკვდინებელმა დარტყმამ, რომელიც მუბარაქის ხელისუფლებას ინტერნეტმა მიაყენა მისი კოლეგა–ტირანები უნდა დააფიქროს და აიძულოს ისინი ყურადღება მიაქციონ ამ სფეროში „სილიკონის ველის“ უახლეს მიღწევებს და უბიძგოს მათ ონლაინ–პროპაგანდის თავისებურებების ათვისებისკენ.

მაგალითისთვის ჰალედ საიდის შემთხვევა გამოდგება. მიუხედავად იმისა, რომ საიდის ცემაში ეჭვმიტანილი ორი პოლიციელი საბოლოოდ დააკავეს, ეგვიპტის მთავრობა ძალიან დიდხანს ახდენდა ინტერნეტის მომხმარებელთა აღშფოთების იგნორირებას. აღშოთება მინელდა, მაგრამ არ გამქრალა; ხოლო ტუნისის მოვლენებმა ის ხელახლა ააღორძინა.

შეადარეთ ეგვიპტის მოვლენები ანალოგიურ ფაქტს ჩინეთში, როდესაც 2009 წელს 24 წლის გლეხი ლი ციაომინი ტყის უკანონო ჭრისთვის დააკავეს. მალე გაჩნდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ. პოლიციელებმა ლის მშობლებს წარმოუდგენელი ისტორია უამბეს იმის შესახებ, რომ ლიმ თავი კედელს მიარტყა და სხვა პატიმრებთან „დახუჭობანას“ თამაშის დროს გარდაიცვალა. ამ შემთხვევას მოჰყვა ის, რომ ბლოგერების ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ ჩინურ ვებ–გვერდზე ლის სიკვდილის შესახებ ცნობას 100 000 კომენტარი მოჰყვა. და ხელისუფლებამ უმალ ირეაგირა.

ქსელში დისკუსიის ჩახშობის ნაცვლად მათ ინტერნეტის აღშფოთებულ მომხმარებლებს იმ კომისიის წევრობა შესთავაზეს, რომელიც ლის მკვლელობის გარემოებებს იძიებდა. შექმნილ კომისიას არაფრის გამოძიების შესაძლებლობა არ მისცეს, თუმცა იმ დროისთვის საზოგადოებაში აღშფოთება უკვე მინელდა.

და მაინც, წარსულს თუ გადავხედავთ, გასაოცარია ის, თუ რა ცოტა რამ გააკეთა მუბარაქის რეჟიმმა ინტერნეტზე კონტროლისთვის. ქვეყანაში ინფორმაცია არ იფილტრებოდა ჩინეთის მსგავსად და არც ონლაინ პროპაგანდა წარმოებდა დაფინანსებული ბლოგერებით კრემლის სტილში, ადგილი არ ჰქონია კიბერშეტევებს პოპულარულ ბლოგებზე და აქტიური საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებ–გვერდებზე. ერთადერთი, რაც მუბარაქმა ინტერნეტზე კონტროლისთვის გააკეთა, გასცა ბრძანება ბლოგერების ცემასა და დაპატიმრებაზე, რამაც მათი მიზნების მხოლოდ რეკლამირებას შეუწყო ხელი.

ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ პროტესტმა, რომელიც დიდწილად ქსელში განიხილებოდა და იგეგმებოდა, ეგვიპტის ხელისუფლება ფაქტის წინაშე დააყენა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ონლაინ მოძრაობამ ძალა მოიკრიბა, რაც ტაჰრირის მოედანზე მასშტაბურ დემონსტრაციებში გადაიზარდა, მუბარაქის მხარდამჭერებმა რამდენიმე დღით ინტერნტის გათიშვა გადაწყვიტეს, რითაც კიდევ ერთხელ მოახდინეს საკუთარი არაკომპეტენტურობის დემონსტრირება. საუბარი იმაზეც კი არ არის, რომ ეგვიპტური რეჟიმი ქსელში ბრძოლაში დამარცხდა – მან ამ ბრძოლის დაწყებაც კი ვერ მოასწრო. მუბარაქი ინტერნეტმა კი არ გაანადგურა, არამედ მუბარაქის მიერ ინტერნეტის არცოდნამ.

სხვა ავტორიტარულმა რეჟიმებმა ეგვიპტის მაგალითზე ინტერნეტზე კონტროლი გაამკაცრეს. თითქოს ოპოზიციური ორგანიზაციებისთვის დათმობის მიზნით სირიის მთავრობამ Facebook–ზე და YouTube–ზე შეზღუდვები მოხსნა. სინამდვილეში კი ეს სავარაუდოდ საზოგადოებაში განსხვავებული აზრის თვალთვალის მიზნით გაკეთდა. აკრძალვის დროს სირიელ დისიდენტებს ყოველთვის შეეძლოთ Facebook–ის გამოყენება ცენზურისთვის გვერდის ავლის უამრავი მეთოდისა და ანონიმურობის საშუალებით. ეს ქსელში მუშაობას ანელებდა და მას არაკომფორტულს ხდიდა, მაგრამ სირიის პოლიციის ზედმეტი ყურადღებისგან დაცვის დამატებითი შესაძლებლობა იყო. ახლა, როდესაც აკრძალვა მოხსნილია, მოსახლეობა აქტიურად ჩაერთვება სოციალურ ქსელში და ხელისუფლებას მათი თვალთვალი გაუადვილდება.

სუდანში, ომან ალ–ბაშირმა პირობა დადო, რომ ქვეყნის მოშოებულ კუთხეებშიც კი გაიყვანს ელექტროენერგიას იმისთვის, რომ მისმა მხარდამჭერებმა ინტერნეტით სარგებლობა და Facebook–ში მისი დაცვა შეძლონ. ამავდროულად, პოლიცია სოციალური ქსელის და ტექსტური გზავნილების საშუალებით საპროტესტო აქციებზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რომ გამოიტყუოს და შემდეგ დააპატიმროს ისინი, ვინც გამოცხადებულ ადგილზე გამოჩნდება.

ბაჰრეინში საპროტესტო აქციების დაწყებიდან ერთ კვირაში Twitter–ი პროსამთავრობო პროპაგანდამ წალეკა. ეს სხვა არაფერია, თუ არა ცუდად შენიღბული მცდელობა იმისა, რომ ეს ქსელი საპროტესტო აქციებზე ნაკლებად სანდო და დამაჯერებელ წყაროდ იქცეს. რაც შეეხება ირანის ხელისუფლებას, მათ 2009 წლის არეულობიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანეს, და ახლო აღმოსავლეთში ინტერნეტზე კონტროლის ყველაზე სრულყოფილი სტრატეგია შეიმუშავეს. „კიბერპოლიციის“ სპეციალური ქვედანაყოფების შექმნა და ინტერნეტში თვალთვალის მოწინავე მეთოდებით ექსპერიმენტების წარმოება მათ იმ დისიდენტების გამოვლენის შესაძლებლობასაც კი აძლევს, რომლებიც ცენზურისთვის გვერდის ავლის ინსტრუმენტებს იყენებენ.

ყველაზე არსებითი საკითხი, რაც დღეს ბევრი დიქტატორის წინაშე დადგა არის ის, თუ რა უნდა მოუხერხონ ისეთ სოციალურ ქსელებს, როგორიც არის Facebook. ბევრი მათგანი, როგორც ჩანს, რუსეთს და ჩინეთს მიბაძავს, რომლებიც საკუთარ ქვენებში ამ ქსელის მოთვინიერებული კონკურენტების შექმნას უწყობენ ხელს. ინტერნეტ–ჯგუფი, რომელიც რუსეთში ხელისუფლების დამხობის მოწოდებებს აკეთებს, უბრალოდ ვერ შეძლებდა დიდხანს არსებობას რუსულ ქსელში Vkontakte, რომელიც Facebook–ის ალტერნატივაა.

სოციალური ქსელის რუსული ვებ–გვერდები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობაში დომინირებენ და საეჭვოა ისინი დემოკრატიული დემონსტრანტების მხარეს დადგნენ. 2010 წლის დეკემბერში, როდესაც ბელორუსში ანტისამთავრობო საპროტეტო მოძრაობა მხოლოდ იწყებოდა სადაო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ერთ–ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერი ონლაინ ჯგუფი Vkontakte–ს ქსელში მოულოდნელად გაქრა და ოპოზიციური ორგანიზაციები მხარდამჭერთა მობილიზაციის სერიოზული ინსტრუმენტის გარეშე დატოვა.

ვიეტნამში მთავრობამ Facebook აკრძალა და საკუთარი ვებ–გვერდი შექმნა არამიმზიდველი სახელწოდებით goonline.vn იმ იმედით, რომ მას ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ სახელმწიფო სოციალურ ქსელად აქცევდა.

მოსკოვისა და ჩინეთის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დიქტატორები სწრაფად სწავლობენ და ინტერნეტის ათვისება მშვენივრად შეუძლიათ. ასეთი მეთოდების ეფექტურობის შემცირებას დემოკრატიის მხარდამჭერი ძალები დასავლეთში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუკი წინასწარ განჭვრეტენ მათ რეაქციას. მეტნაკლებად ყველა რეჟიმი სარგებლობს დიდწილად დასავლური კომპანიების მომსახურებით იმისთვის, რომ მიიღოს კონსულტაცია და ინფორმაცია რეპრესიების ახალ ტექნოლოგიებზე.

ახლო აღმოსავლეთის ბოლოდროინდელ მოვლენებზე ზეიმი ნაადრევია. ბრძოლა ახლა იწყება და დემოკრატიზაციის ახალი ტალღა ინტერნეტის ზემოქმედებით დროის გამოცდას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუძლებს, თუკი ჩვენ ვისწავლით იმ მეთოდებთან გამკლავებას, რომელსაც დღეს მისი ჩახშობის მიზნით ამუშავებენ.
[foreignpress.ge]