ალექსანდრე ჭიკაიძე: „უკანონო მოსმენები არ ხორციელდება“

ალექსანდრე ჭიკაიძე: „უკანონო მოსმენები არ ხორციელდება“

„ეს შენ გეხება!“ „ისევ გვისმენენ!“ - არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფი,უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კამპანია იწყებს. ორგანიზატორების თქმით, კამპანიის მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა და უკანონო მოსმენების, მიყურადების წინააღმდეგ მოქმედება. მათივე განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიციას ამ მიმართულებით არანაირი სისტემური ცვლილება არ განუხორციელებია და სამართალდამცავ ორგანოებს კვლავ აქვთ შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან, მოქალაქეთა შორის ყველა სახის კომუნიკაციასთან. 

კამპანიის ორგანიზატორების განცხადებით, თუ ხელისუფლება ინიცირებული ცვლილებების განხორციელებაზე მზაობას განაცხადებს, მაშინ ისინი პარლამენტთან ერთად კანონმდებლობის დახვეწაზე იმუშავებენ. კამპანიის ფარგლებში იგეგემება აქციების, დისკუსიების და კონფერენციების მოწყობა. როგორც ა-ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, აქტივობები იქნება რამოდენიმე მიმართულებით.

„ერთი მხრივ, სოციალური ქსელის საშუალებით გვინდა ჩავრთოთ მოქალაქეები. მოვაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა იყო ის მანკიერი პრაქტიკა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ განხორციელდეს სისტემური ცვლილება. მეორე გახლავთ ის, რომ ჩვენ შევხვდებით როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ავუხსნით რას ვითხოვთ. იქნება დისკუსია, ჩვენ მოვიწვევთ აბსოლუტურად ყველას, მათ შორის შსს-ს წარმომადგენლებს და სხვა პირებს, რომლებიც ჩართულები არიან ამ საქმიანობაში, რომლებმაც იციან როგორი უნდა იყოს სისტემა. ჯერჯერობით, ამით შემოვიფარგლებით, ვნახავთ რა რეაგირება იქნება. ამის მერე დავგეგმავთ ჩვენს ღონისძიებებს“, - ამბობს ეკა გიგაური.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთი გზა პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებაა, რომელიც უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ამ კუთხით არსებული სტანდარტების დაცვას.

„ეს ეხება თითოეულ მოქალაქეს საქართველოში. ეხება ძალიან ცუდად და პრობლემურად, ამიტომ, ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიქნებით ერთი დიდი თვალის ქვეშ. ნამდვილად არ მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულობის პრეტენზია აქვს და ამ ქვეყანაში ვიღაცეებს, ვიღაცეები უთვალთვალებენ. ეს არანორმალური და არაჯანსაღია. გვჭირდება სერიოზული სამართლებრივი და პოლიტიკური ხასიათის რეფორმების გატარება.

ჩვენ გვაქვს მოქმდი დრაკონული კანონები, რომელიც არანაირად არ შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს. დღეს ჩვენი კანონმდებლობა ყველანაირ საშუალებას იძლევა, რომ აღადგინო ის სისტემები, რომელიც არსებობდა. ამიტომ, ძალიან პრინციპულია, რომ განვახორციელოთ სისტემური ცვლილებები, შევქმნათ სისტემური გარანტიები. რა თქმა უნდა, სიტყვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება საქმე, საქმე არის სამართლებრივი ცვლილებები, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. სამწუხაროდ, ძველი სისტემა ამ ცვლილებების მომხრე არაა, ისინი ძალინ ხისტად უყურებენ, უნდათ შეინარჩუნონ ის კანონდებლობა“, - აცხადებს for.ge-სთან გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში.

როგორც ტუღუში აცხადებს, საჭიროა არსებობდეს საზოგადოებრივი აზრი. აქედან გამომდინარე მისი თქმით, ამ მოძრაობას ძალინ მკაფიო და კონკრეტული ამოცანები აქვს.

ა-ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური აცხადებს, რომ გასული წლების განმავლობაში დამკვიდრდა ძალიან ცუდი პრაქტიკა შსს-ს მხრიდან:

„გასული წლების განმავლობაში დამკვიდრდა ძალიან ცუდი პრაქტიკა შს სამინისტროს მხრიდან, როდესაც დაამონტაჟეს ე.წ. შავი ყუთები მობილური ოპერატორების ოფისებში. ადრე ვფიქრობდით, ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ არ არსებობდა პოლიტიკური ნება. არჩევნების შემდეგ გვქონდა მოლოდინი, რომ ხელისუფლება გადახედავდა ამ პრაქტიკას და შეცვლიდა იმას, რასაც ქვია მიყურადება და თვალთვალი.

ამასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ვერ ვნახეთ ვერანაირი წინგადადგმული ნაბიჯი. სურვილის შემთხვევაში მათ შეუძლიათ მოუსმინონ 21 ათას ადამიანს და ამის არანაირი მონიტორინგის მექანიზმი და რეგულაცია არ არსებობს. კანონმდებლობა არ არის დახვეწილი. თუ არაფერი პრობლემა არაა იმ რეგულაციების შემოტანა, მაშინ შემოიტანონ. დაიწყონ პარლამენტში ცვლილებების განხილვა. ნუ ეწინააღმდეგებიან იმ ცვლილებებს, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს პარლამენტს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ეკა გიგაური. 

ა-ო განცხადებას გამოეხმაურა შს მინისტრი. ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, რომ უკანონო მოსმენები არ ხორციელდება.

„მე მინდა გითხრათ, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მინდა დაგარწმუნოთ, უკანონოდ არაფერი ხდება. მე მგონია, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძნობს ამას - არ იზღუდება და არ ირღვევა მათი უფლებები, პირიქით შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხშირ შემთხვევაში, არის ადამიანის უფლებათადამცველი და მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დამცველი.

მე აღარ ჩავუღმავდები, მაგრამ როდესაც იყო რეალურად საფუძვლები, რატომღაც მაშინ დუმდნენ გარკვეული ადამიანები, რომლებიც დღეს მოსმენების თემაზე აქტიურად მუსირებენ. მიმდინარეობს კონსულტაციები, ჩემთვისაც, რა თქმა უნდა, მისაღები იქნება და შევჯერდებით იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვისაც და საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.

კომისიის მუშაობის პერიოდში, როდესაც მოხდა ამ ვიდეოფირების და აუდიოჩანაწერების განადგურება, მაშინაც იყო მსჯელობა, რაღაც რეკომენდაციები იყო, მაგრამ ამ ეტაპზე თავი შევიკავეთ. ოპტიმალურ საკანონმდებლო ცვლილებაზე რომ ჩამოვყალიბდებით, შემდეგ განვიხილავთ და აუცილებლად შევა საკანონმდებლო ცვლილება ჩვენს სამინისტროში“, - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი განმარტვას, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნებაა, დასჯილ იქნას ყველა ის ადამიანი, რომელიც უკანონო მოსმენებს ახორციელებს.

„ამ საკითზე მსჯელობა ისტორიას უნდა ჩაბარდეს. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს და სამუდამოდ მოიხსნას დღის წესრიგიდან. სწორედ ამიტომ ვითხოვდით ჩვენ ყველა ჩანაწერის განადგურებას.

თუ ვინმე ბედავს თანამედროვე, „ქართული ოცნების“ საზოგადოებაში მსგავს ქმედებას, აუცილებლად იქნება მკაცრად დასჯილი. ვიმედოვნებ, რომ უკანონო მოსმენების საქმეები ისტორიას ჩაბარდა“, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები არიან „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „საია“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ადამიანის უფლებების სწავლებებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „ფონდი ლიბერალური აკადებია“, „საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“.

რაც შეეხება კამპანიის ბიუჯეტს, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ამ კამპანიას გაწერილი ბიუჯეტი ჯერჯერობით არ აქვს. „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“-მ თავისი ბიუჯეტიდან უკვე დახარჯა 2 400 აშშ დოლარი. როგორც, ადგილობრივი დემოკრატიის განვითრების პროგრამის მენეჯერი, თინიკო ბოლქვაძე აცხადებს, ეს არის წმინდა სარეკლამო მასალის მომზადება.

„სოროსის ფონდს აქვს თავისი ბიუჯეტი, აქედან ჩვენ დავხარჯეთ 2400 დოლარი, ეს არის წმინდა სარეკლამო მასალის მომზადება. იმისდა მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ გვაქვს საბჭო და საბჭოს ვთხოვთ ნებართვას, რომ დავხარჯოთ ფული. შევხედავთ, კიდევ თუ საჭირო იქნება რამე მასალის მომზადება, კიდევ მოვითხოვთ თანხას და გავაკეთებთ რაც იქნება საჭირო, იმის შესაბამისად, როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თინიკო ბოლქვაძემ.

ლაშა ტუღუშის განცხადებით, ბევრი რამ აბსოლუტურად უფასოდა და ყოველგვარი დანახარჯების გარეშე გაკეთდა. „რაც შეეხება ბიუჯეტს, ჩვენ ბევრჯერ გვქონდა ამაზე საუბარი, ძალინ ბევრი შრომა ჩაიდო. ძალინ ბევრი რამ გაკეთდა ენთუზიაზმე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ გეტყვით, მაგრამ რაც აქამდე მოვიტანეთ, მოვიტანეთ სწორედ უფულოდ“, - აცხადებს ლაშა ტუღუში.

ეკა გიგაურის განცხადებით, გაწერილი ბიუჯეტი არ არსებობს. მისი თქმით, კამპანიაში მონაწილე ორგანიზაციები საკუთარი რესურსით გამოდიან.

„ამის ჩვენ არანაირი პროექტი არ გაგვაჩნია. ჩვენი იურისტები დაჯდნენ და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავეს საკანონმდებლო ცვლილებები. მათ, ასევე შეისწავლეს საერთაშორისო პრაქტიკა და ამის მიხედვით შეიმუშავეს ეს საკანონმდებლო ინიციატივა. შესაბამისად, აქ ყველანი გამოვდივართ ჩვენი რესურსით, იმისათვის, რომ მოქალაქეების პირადი ინფორმაცია იყოს დაცული, ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი“, - აცხადებს ეკა გიგაური.