რუსულმა ვერტმფრენმა დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვია. დღის პირველ ნახევარში რუსული სამხედრო ვერტმფრენი გორის რაიონის სოფელ არბოში ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოვიდა. საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს კიდევ რამდენიმე სოფელში ჰქონდა ადგილი. საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ადასტურებს.
6 მარტს, დაახლოებით 12:20 საათზე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებული „MI-8“ ტიპის რუსული სამხედრო ვერტმფრენი შემოიჭრა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში და გადაუფრინა გორისა და კასპის რაიონების სოფლებს - არბოს, მერეთის, დიცის, კოშკას, ქერეს, ფლავის, ფლავისმანის, ქვეშის, მეჯვრისხევის, ზერტის, კირბალის, ბერშუეთის, წითელუბნის, ხურვალეთის, ზადიაანთკარის, საკორინთლოს, ქვემო ჭალას, პანტიანისა და ვეკეს ტერიტორიაზე განლაგებულ საქართველოს შსს-ს საგუშაგოებსა და პოლიციის შენობებს.
დღესვე, 6 მარტს, დაახლოებით 18:22 საათზე, ოკუპირებული აფხაზეთში უკანონოდ განლაგებულმა რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მიმართულებიდან შემოიჭრა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში და გადაუფრინა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში განლაგებულ შსს-ს საგუშაგოებს.
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, გოჩა რატიანის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერია. მისი თქმით, ქართული მხარე ამჟამად მუშაობს ფაქტების დადგენაზე, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია ეს ქმედება.
„საგანგაშო არაფერია. ამჟამად ჩვენი ყველა რესურსი მობილიზებულია. ცხელი ხაზი მუშაობს და ვარკვევთ, თუ რამ გამოიწვია ეს ფაქტი. როგორც კი მივიღებთ რაიმე გადაწყვეტილებას ან დამატებით ინფორმაციას, აუცილებლად გაგიზიარებთ“, - აღნიშნა გოჩა რატიანმა.
რუსეთის სამხედრო ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთ სამინისტრომ. საგარეო უწყება შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევის მორიგი ფაქტის გამო.
საგრეო საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე, რათა აღკვეთილ იქნას რუსეთის მხრიდან პროვოკაციული ქმედებები და ვითარების დაძაბვის მცდელობები.
იმ ფონზე რაც ცენტრალური ევროპის უკრაინის 50 მილიონიან ქვეყანაში ხდება, არაფერი გამორიცხული არაა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადეობის ყურადღება საქართველოსკენ მაქსიმალურად იქნას მიმართული.
„ყველაფერს უნდა ველოდოთ. არ გვქონია არავის ილუზია იმისა, რომ არაფერი არ მოხდებოდა. პირიქით, უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად. დღეს პრემიერ-მინისტრმა წერილი გაუგზავნა ევროკავშირის სახლემწიფო მეთაურებს, რომ მაქსიმალური პედალირება მოხდეს ჩვენი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესების. ახლა, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება მხარდაჭერა. 21-ე საუკუნეში პუტინის რეჟიმი რასაც აკეთებს, როგორც იქცევა, ეს არის მე-20 საუკუნის დასაწყისის მოქმედებები. ამიტომ, უნდა ვიყოთ ფხიზლად და მაქსიმალურ კავშირში ჩვენს პარტიორებთან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვიქტორ დოლიძე.