“იქ ხეებსაც ფული ასხია, ფოთლების ნაცვლად...”

“იქ ხეებსაც ფული ასხია, ფოთლების ნაცვლად...”

[ნინო მიქიაშვილი]

უცხოეთიდან ყოველთვიურად, საკუთარი ოჯახების სარჩენად გადმორიცხულ მილიონობით ევროზე, თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკებში მყოფ ათასობით ჩვენს თანამემამულეზე, რეადმისიის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების დადებით და უარყოფით მხარეებზე, თურქეთში ფაქტიურად მონებად მომუშავე ქალბატონებზე და  მობრუნებულ და შემდეგ გაბრუნებულ ემიგრანტებზე ორსაათნახევარი მსჯელობდნენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უფლებადამცველები, ჟურნალისტები და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები.

დისკუსია სახელწოდებით - რთული გზა სამშობლოსკენ, მოეწყო  არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველი ემიგრანტების" და ჟურნალისტ ნინო ცხოიძის ინიციატივით, რომელიც ამავდროულად ”სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის” ომბუდსმენია, ემიგრაციის საკითხებში.

დისკუსიაზე ითქვა, რომ არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, რამდენი მოქალაქე ტოვებს ყოველდღიურად სამშობლოს, მაგრამ იმის მიხვედრა ძნელი არ არის, საქართველოდან უფრო მეტი ადამიანი გადის, თუ ბრუნდება უკან.

ნინო ცხოიძე: ”თუმცა, სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიასპორების საკითხებში სრულიად განსხვავებულ სურათს გვიხატავს - მათი ინფორმაციით, ემიგრაციის დადებითი სალდოს ტენდენცია 2007 წლიდან იწყება და უკან დაბრუნებულ ქართველთა რიცხვი ყოველწლიურად საგრძნობლად იზრდება; კერძოდ, 2007-ში საქართველოში ჩამოსულთა რაოდენობა 10 000-ით აჭარბებდა გასულთა რიცხვს; 2008 წელს ეს რიცხვი 20 000-მდე გაიზარდა, ხოლო 2009 წელს 34 000 ქართველით მეტი დაბრუნებულა სამშობლოში”.

ა/ო. ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც მისივე განმარტებით ბანკების მონაცემებს ეყრდნობა, საქართველოდან წასულები ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში ცხოვრობენ; ამ მხრივ მეორე ადგილს კი საბერძნეთი იკავებს.

ნანა კაკაბაძე: ”შევეცადეთ ბანკებიდან მიგვეღო მონაცემები, რამდენი ქართველი რიცხავს ფულს ყოველდღიურად. აქ არის 5-6 ბანკი, საიდანაც რუსეთიდან ფული ირიცხება და ყოველდღიურად 700 გადახდა ხორციელდება. საბერძნეთიდან ყოველთვიურად საშუალოდ 10 მილიონი ევრო ირიცხება. ანუ  400 გადმომრიცხველია და ყოველდღიურად 100-150 ევროს აგზავნიან. საქართველოდან მოსახლეობის დიდი ოდენობით გადინებას გარკვეულწილად ხელს უწყობს ქვეყანაში გამოცხადებული პოლიტიკა - ”ყველანი ციხეში”. ადამიანებმა არ იციან ვინ რისთვის და როდის მოინდომებს მათ დაპატიმრებას. პატიმართა რაოდენობით ამერიკის შემდეგ მსოფლიოში პირველი ადგილი გვიკავია. ჩვენს შემდეგ მოდის რუსეთი. თუნდაც ეს ტენდენცია აჩვენებს რა მდგომარეობაშია და საით მიდის ჩვენი ქვეყანა.

ჩვენი დათვლით საქართველოს მოსახლეობის რიცხვი 3 მილიონამდეა და 100 000 მოსახლეზე მოდის 602 პატიმარი. სახელმწიფო გადატრიალებამდე, ანუ 2004 წლამდე საქართველოში იყო 6 654 პატიმარი. 2007-ში ამ რიცხვმა 21 000-სს მიაღწია. მაგალითად, შვეიცარიაში ყოველ 100 000 მოსახლეზე ჰყავთ 79 პატიმარი და მათგან 72% უცხოელია. როდესაც ჩემი უახლოესი მეგობარი, ვახტანგ კომახიძე შვეიცარიაში იყო თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკში, აღმოჩნდა, რომ იქ მასთან ერთად 2 000-მდე ქართველი იმყოფებოდა”.

ევროკავშირმა და საქართველომ გასული წლის 22 ნოემბერს წელი მოაწერეს   შეთანხმებას ”უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ”. ოფიციალური ინფორმაციით, ამ შეთანხმების საფუძველზე მოხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება; შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას, შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე.

ასოციაცია ”კანონი ხალხისთვის” თავმჯდომარემ, ზაქარია ქუცნაშვილმა რეადმისიის შესახებ გაფორმებული შეთანხმების დადებით და უარყოფით მხარეებზე და თბილისის ქუჩებში მომრავლებულ უცხოელებზე, განსაკუთრებით ინდოელებზე ვრცლად ისაუბრა, რაც მისივე განმარტებით, ჩვენი სახელმწიფოს მიერ წარმოებულ ღია სავიზო პოლიტიკას უკავშირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით შეიძლება საზღვრის გადმოკვეთა, თუ ადამიანს ჯიბეში პასპორტი უდევს.

ის რომ საქართველოში სამუშაო ადგილები აქაური მოქალაქეებისთვისაც არ არის საკმარისი, უდაო, მაგრამ ბევრი თბილისელისთვის გამოცანაა რა იზიდავთ უცხოელებს ჩვენს ქვეყანაში, სადაც ადამიანებს შიმშილით სული ხდებათ. ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, უცხოელებს (იმათ, ვის სამშობლოშიც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა) სავიზო პოლიტიკა უბიძგებთ იმისკენ, რომ საქართველოში კანონიერად შემოაღწიონ, ხოლო აქედან არალეგალურად გადავიდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

ქუცნაშვილის განმარტებით, რეადმისიის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყანაში არალეგალურად გადასული უცხოელის დეპორტაცია ისევ საქართველოში მოხდება და არა მის სამშობლოში; 1 მარტიდან ამოქმედდება რეადმისიის შეთანხმება, რომელიც გვავალდებულებს გავხსნათ მიგრანტთა ბანაკები, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დეპორტირებულების კვება, ცხოვრება, ტანსაცმლით უზრუნველყოფა და ა.შ...

რაც შეეხება რეადმისიის დადებით მხარეებს, ქუცნაშვილის თქმით, 1 მარტის შემდეგ საქართველოს მოქალაქეს ექნება უფლება ამა თუ იმ საკონსულოს მოსთხოვოს იმის წერილობითი განმარტება, თუ რატომ უთხრა უარი ვიზის გაცემაზე. ამასთან, სხვადასხვა საკონსულო საქართველოს მოქალაქეებისგან სხვადასხვა სახის ინფორმაციას ითხოვს; 1 მარტიდან კი მოსათხოვ დოკუმენტაციათა რაოდენობა შეიზღუდება.

ზაქარია ქუცნაშვილის ორგანიზებით, სპეციალიზირებული საადვოკატო ბიურო შეიქმნა, რომელშიც გაერთიანებულები არიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც შესაბამისი იურიდიული განათლება და ადვოკატობის შესაბამისი უფლება აქვთ მიღებული. სპეციალიზირებული საადვოკატო ბიური ემიგრანტებს სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

ზაქარია ქუცნაშვილი: ”მილიონ რვაასი ათასი მოქალაქეა ემიგრაციაში. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მილიონ შვიდასი ათასს აღიარებს. ჩვენს მიერ შექმნილი საადვოკატო ბიურო ემიგრანტებს სთავაზობს სამართლებრივ დახმარებას და საქართველოში კონკრეტული ხასიათის დოკუმენტაციის მომზადებასა და მიწოდებას”.

კინოს სახლში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა სკაიპის საშუალებით ორმა ქართველმა ემიგრანტმა  მიიღო - ბელგიიდან მერაბ ბლადაძემ და თურქეთიდან ნათია შარაშენიძემ. დისკუსია ერთი საათის დაწყებული იყო, როცა ნინო ცხოიძის ინიციატივით, სპეციალურად ემიგრანტებისთვის, გიტარის თანხლებით ორი სიმღერა შეასრულა ქალაქური სიმღერების ტრიომ. ამ სასიამოვნო სიურპრიზის შემდეგ უშუალოდ ემიგრანტებისგან მოვისმინეთ ის პრობლემები, რასაც ჩვენი თანამემამულეები აწყდებიან.

თურქეთში მცხოვრებმა ნათია შარაშენიძემ იქ მყოფი ქართველების მძიმე ყოფის კონკრეტული მაგალითები წარმოადგინა:

”სამკერვალო ატელიე ვნახე, სადაც ჩვენი ქალები ცხოვრობენ, ჭამენ და წვანან. ამ ატელიეს მზის სხივი არ ეცემა და გამომდინარე აქედან, წარმოდგენა არა აქვთ გარეთ რა ხდება. ორი დღის წინ სამეგრელოდან ჩამოსული გოგონა გამომეხმაურა - ”2 თვეა სამკერვალოში დილის შვიდიდან საღამოს ათამდე ვმუშაობ, მაგრამ ხელფასს არ მიხდიან”-ო. როცა სამკერვალოს მეპატრონის ტელეფონი ვთხოვე, უარი მითხრა, სამსახურის დაკარგვის შეეშინდა. ამავე მდგომარეობაშია 4 ქართველი ქალი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არის მოთხოვნა ჩვენს თანამემამულეებზე, რადგან მათ ძალიან დაბალ ხელფასზე ამუშავებენ და ზოგჯერ იმასაც არ უხდიან”.

მერაბ ბლადაძემ, რომელიც ბელგიაში ”ობიექტივის” წარმომადგენელი და ამავდროულად ”სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის” ომბუდსმენია, პოლიტპატიმრების საკითხებში, ბელგიაში ქართველების მძიმე ყოფაზე და იმაზე ისაუბრა, თუ რა წარმოდგენები აქვთ აქედან წასულებს უცხოეთზე - ”აქ დღეში 5-6 ქართველი შეიძლება ნახო ქუჩაში. სამშობლოში ფულს სესხულობენ, ვალებს იღებენ და მოდიან აქეთ. რატომღაც იმედი აქვთ, რომ აქ ხეებსაც ფული ასხია, ფოთლების ნაცვლად და სინამდვილეში ხვდებათ მძიმე რეალობა...”

ა/ო. ”ქართველი ემიგრანტების” ხელმძღვანელი ზვიად ყუშიტაშვილი ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელიც სამშობლოში უცხოეთიდან მიხეილ სააკაშვილის მოწოდების შემდეგ დაბრუნდა და როგორც თავად აღნიშნა, გაწბილებული და მოტყუებული დარჩა.

ზვიად ყუშიტაშვილი: ”ჩვენი ორგანიზაცია 2010 წლის 3 მარტს ჩამოყალიბდა, მობრუნებული ემიგრანტების მიერ, რომლებმაც დადებითად მივიღეთ სააკაშვილის მოწოდება, მაგრამ მოტყუებულები და დაუსაქმებლები დავრჩით. აღმოჩნდა რომ გარეთ გასული ქართველები ამ ხელისუფლებას არ აინტერესებს. ჩვენს ორგანიზაციაში 1 800 მობრუნებული ემიგრანტი გაწევრიანდა, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში 1 200 მათგანი ისევ უცხოეთში წავიდა”.

ის მიზეზები, რაც აიძულებთ ადამიანებს დატოვონ სამშობლო, საკუთარი ოჯახები და უმძიმესი შრომისა, თუ ქუჩაში ცხოვრებისთვის გაიმეტონ თავი, ნინო ცხოიძის განმარტებით, საქმეში ჩახედული ადამიანისთვის  უცხო არ არის. ”თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქედან წასულთა უმეტესობა კრიმინალურ ცხოვრებას ეწეოდა და მხოლოდ ამიტომ მიდის საქართველოდან, ან დაბალი ხელფასის გამო გადაწყვიტა საზღვარგარეთ გაიუმჯობესოს სიტუაცია, მას მთლად სწორი წარმოდგენა არა აქვს თანამედროვე ემიგრაციაზე”, - აცხადებს ცხოიძე და იქვე დასძენს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ემიგრაციას პოლიტიკისგან მიჯნავენ, მაგრამ ფაქტია, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უმუშევრად დარჩენის გამო ყოველგვარი სარჩო-საბადებელი მოესპოთ  და ასეთთა რიცხვში, ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც სამსახური სწორედ მიტინგებზე დგომის გამო დაკარგა.

”უცხო ქვეყანაში ჩასული კი, რომელიც დიდხანს სამსახურს ვერ შოულობს და ოჯახის რჩენის მაგივრად, თავად ხდება დასახმარებელი, ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი, სხვადასხვა გზას ეძებს თავის გამოსაკვებად და გადასარჩენად, რადგან უსახსრობისგან თავის დასაღწევად გარკვეული გასამრჯელოს გადახდის ფასად ემიგრაციაში წასული ადამიანები, უკან ისევ უსახსროდ დაბრუნებას ვერ კადრულობენ. ასე გაჩნდნენ ემიგრაციაში ახალი კატეგორიის - ”მომპარავის” სახელით ცნობილი ემიგრანტები. თუმცა, უკვე ეს ”ხელობაც” ძალზე გაჭირდა, რადგან მაღაზიებში კონტროლი გამკაცრდა”, - ამბობს ნინო ცხოიძე და იქვე გვახსენებს იმასაც, რომ ემიგრაცია მხოლოდ ერთი კატეგორიის არ არის.

ემიგრაციის საკითხებში სახალხო ომბუდსმენის მონაცემებით, ემიგრანტთა ძირითად ნაწილს წარმოადგენენ საშოვარზე წასული მძიმე სამუშაოს შემსრულებელი მანდილოსნები, ხოლო ბოლო წლებში იზრდება მამაკაც ემიგრანტთა რიცხვი, რამაც ცხოიძის განმარტებით, წარმოშვა შვილებისა და მშობლების გაუცხოვების, ასევე ოჯახების დანგრევის შემთხვევები.

ნინო ცხოიძე: ”ის ახალგაზრდა და მოზარდი თაობა კი, რომელიც მცირეწლოვნობისას წაიყვანეს მშობლებმა საქართველოდან, ან ემიგრაციაში დაიბადნენ, ხშირად ენის დავიწყების საშიშროების წინაშე დგანან. სამწუხაროდ, ყველა ქვეყანაში არ არის ქართული საკვირაო სკოლა და ქართული მრევლი. თუმცა, ბოლო დროს სულ უფრო იზრდება დასავლეთ-ევროპის ეპარქია და ქართველი მოძღვრები ბევრ ქვეყანაში აღავლენენ წირვა-ლოცვას, რაც ჩვენი ემიგრანტების უდიდესი ნაწილისთვის დიდი სულიერი შვების მომგვრელია.

არანაკლებ სავალალო მდგომარეობაა ქართველ ემიგრანტთა არალეგალური მიგრაციის ახალი მარშრუტების თვალსაზრისით. ევროპისკენ მიმავალი ჩვენი თანამემამულეები უსახსრობის გამო იძულებულნი ხდებიან იაფიანი გზით, ბელორუსიის გავლით მოხვდნენ პოლონეთში, რომ შემდეგ მათთვის სასურველ ქვეყნებამდე ჩააღწიონ, ხოლო ისრაელისკენ მიმავალ ქართველებს რამდენიმე თვის განმავლობაში, გაუსაძლის პირობებში, ადგილობრივი ბედუინების ტყვეობაშიც უწევთ ცხოვრება.

სავალალო და შემაშფოთებელი კი ჩემი აზრით არის ის ფაქტიც, რომ ამ იაფიანი გზით უკვე ახალგაზრდა ოჯახები, ბავშვებით ტოვებენ ქვეყანას და დიდი წვალების შემდეგ, უცხო ქვეყანაში სამოწყალოდ რჩებიან და ქუჩაშიც კი უხდებათ ღამის გათენება. ამის მაგალითები მე თავად ვნახე საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქ ღენში (ანუ რენნეს-ში).

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ არსად უცხოელ ემიგრანტებს ისე არ ექცევიან, როგორც ჩვენს ქვეყანაში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ ოჯახებს, მოხუცებსა და ბავშვებს. სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს იმ მწარე რეალობას, რომ არამც თუ არ წყდება საქართველოს მოსახლეობის გადინება ქვეყნიდან, არამედ იზრდება და მათ ადგილს საქართველოში სულ უფრო მეტი რაოდენობით ჩამოსული უცხოელი ემიგრანტები იკავებენ”.