ასოცირების ხელშეკრულების გამო, საქართველოში სტუმრად მყოფი ევროპელი დიდმოხელეები განმარტებას განმარტებაზე აკეთებენ. პირველ რიგში, ეს ეკონომიკურ მიმართულებას ეხება. საქმე ისაა, რომ ევროპიდან მიღებული სარგებლის თაობაზე გარკვეული ეჭვები უკვე გაჩნდა.
საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკომისარი შტეფან ფულეს განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების გარშემო ბევრი არასწორი მითი არსებობს. ამიტომ, იგი ამ მოსაზრებების გაბათილებას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას შეეცადა.
მისი თქმით, მითია ის, რომ საქართველოში იქნება იმპორტის შემოდინება ევროკავშირიდან. ეს სწორი არ არის, რადგან ხელშეკრულება ორმხრივია, რაც ნიშნავს, რომ არის შესაძლებლობები ქართული ბიზნესისთვის ევროკავშირის ბაზარზე და ასევე ევროკავშირის კომპანიებისთვის - ქართულ ბაზარზე.
„გარდამავალი პერიოდი საქართველოს ეკონომიკას უეცარი ცვლილებისგან დაიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველო ინარჩუნებს დროებითი უსაფრთხოების მექანიზმების შესაძლებლობას. შიშები არსებობს, რომ ასოცირების ხელშეკრულება გაანადგურებს ქართული ეკონომიკის მთელ სექტორებს, რაც ასე არ არის. ხელშეკრულება ქართულ ეკონომიკას საშუალებას აძლევს ევროკავშირს დაეწიოს კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით და სარგებელი ნახოს მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე გასვლით“, – განაცხადა ფულემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
თუ როგორ შეიძლება ეკონომიკამ სარგებელი ნახოს ევროკავშირში გაწევრიანებით, ამის საილუსტრაციოდ ფულეს უკრაინასა და პოლონეთის შედარება დასჭირდა. 1990 წელს პოლონეთისა და უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის იდენტური იყო. ხუთი წლის შემდეგ, ევროკავშირ-პოლონეთის ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ, პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტი უკრაინასთან შედარებით ოთხჯერ გაიზარდა. მთლიანი უცხოური ინვესტირება უკრაინაში 42%-ით შემცირდა, პოლონეთის 66%-ით გაიზარდა.
„არასწორია, მითი იმის შესახებ, თითქოს ევროპულ ბაზარზე ქართული ბიზნესისთვის შესაძლებლობები არ არსებობს. ევროკავშირს 500-მილიონი მომხმარებელი ჰყავს – 100-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა. ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი 2011 წელს 11.3 ტრილიონი იყო. არ არის გასაკვირი, რომ დამოუკიდებელი კვლევების მიხედვით, თავისუფალმა და ყოვლისმომცველმა სავაჭრო ხელშეკრულებამ შეიძლება მოიტანოს ექსპორტის გაორმაგება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისგან ევროკავშირში“, – განმარტა შტეფან ფულემ.
ევროკომისარმა ის მოსაზრებაც უარყო, რომლის მიხედვით, ასოცირების ხელშეკრულებით მხოლოდ დიდი სოფლის მეურნეობები და ინდუსტრიული მწარმოებლები ისარგებლებენ.
„ქართული კანონები, ევროკავშირთან შესაბამისობაში მოსვლის შემდეგ, პატარა და საშუალო მწარმოებლებს ევროპის დიდ ბაზარზე კონკურენციაში დაეხმარება“, – აღნიშნა მან.
მთელი ეს თავის მართლება და არგუმენტები ფულეს იმიტომ დაჭირდა, რომ საქართველოში უკვე ეჭვის თვალით დაუწყეს ევროინტეგრაციიდან მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს. ასეთი მოსაზრება არა მარტო უბრალო მოქალაქეებში გაჩნდა, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილშიც.
მრეწველები და მისი ლიდერი გოგი თოფაძე ევროხელშეკრულების პირობების კარგად გაანალიზებას და სხვა ქვეყნების მაგალითების გათვალისწინებას ითხოვენ.
„ძალიან ხშირად ისმის შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ევროკაშვირის წინააღმდეგ გამოვდივართ. ასე ნადვილად არ არის. პირიქით, ჩვენ მხოლოდ ერთი მოთხოვნა გვაქვს - კარგად გავეცნოთ 1135-გვერდიან ტექსტს და მასზე ხელი ბრმად არ მოვაწეროთ. ვევაჭროთ ევროკავშირს, ჩვენც წავიდეთ დათმობაზე და მათაც დავათმობინოთ. ამ დოკუმენტზე ხელი გაუზარებლად არ უნდა მოვაწეროთ“, - აცხადებს თოფაძე.
საქართველომ კარგად უნდა გადახედოს იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებსაც ევროკავშირში შესვლის შემდეგ პრობლემები შეექმნათ. დეპუტატს უნგრეთის, რუმინეთის და ბულგარეთის მაგალითები მოჰყავს. მას შემდეგ, რაც რუმინეთი ევროკავშირში შევიდა, ქარხნების ნაწილი საწყობებად გადაკეთდა, ხოლო ხელფასებმა 10-15%-ით დაიკლო. უნგრეთში კი ფერმერების რაოდენობა 9-ჯერ შემცირდა და დემპინგური ფასების გამოისობით მთლიანად გაკოტრდა ადგილობივი წარმოება.
როგორც გოგი თოფაძე აცხადებს, პრობლემები ევროკავშირში მრავალი წლის წინათ გაერთიანებულ ქვეყნებსაც შეექმნათ, მათ შორის, ესპანეთსა და საბერძნეთს.
„პოლონეთმა ძალიან ბევრი დაათმობინა ევროკავშირს და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. მე ახლა ვეცნობი დოკუმენტს და ვხედავ, რომ მას დეტალური შესწავლა სჭირდება“, - აცხადებს თოფაძე.
„მრეწველები“ არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ევროპის ასოცირების ხელშეკრულებამ ადგილობრივი მეწარმეების ინტერესები შეზღუდოს.