რა დონეა?! - თბილისი ევროპის აუტსაიდერია

რა დონეა?! - თბილისი ევროპის აუტსაიდერია

საქართველოში ცხოვრების დონე არ უმჯობესდება, თბილისი კი ამ კუთხით ბოლო 3 წელია ევროპის აუტსაიდერია. არადა, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრად გაუმჯობესებაა, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.

კონსალტინგური კომპანია „მერკერის“ რეიტინგით, თბილისი ცხოვრების დონის მიხედვით, ბოლო სამი წელია ევროპის ქალაქებს შორის, უკანასკნელ ადგილს იკავებს. ამ რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზე ავსტრიის დედაქალაქი ვენაა, თბილისი კი 191–ეა.

რეიტინგის ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ თბილისი აგრძელებს ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ძირითადად, სამომხმარებლო სიკეთეებთან წვდომის, ინფრასტრუქტურის განვითარებით და შიდა სტაბილურობის გაზრდით. თუმცა, რეიტინგში დასაწინაურებლად ეს საკმარისი არ არის. თბილისთან ერთად, ევროპაში ბოლო პოზიციებზეა ბელორუსის დედაქალაქი მინსკი - 189–ე, სომხეთის დედაქალაქი ერევანი - 180–ე და რუსეთის რანგით მეორე ქალაქი სანკტ-პეტერბურგი - 168–ე.

„მერკერის ცხოვრების დონის ინდექსი 39 ინდიკატორის მიხედვით დგება. კრიტერიუმებს შორისაა: პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ჯანდაცვა, განათლება, რეკრეაცია და გარემოს დაცვა.

სხვათა შორის, ქართველი ექსპერტებიც ადასტურებენ, რომ საქართველოში ცხოვრების დონე წლიდან წლამდე ვერაფრით უმჯობესდება. ამის მიზეზად მუდმივად მაღალი უმუშევრობა მიიჩნევა, რამაც დროთა განმავლობაში მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. სპეციალისტების შეფასებით, ჩვენი ქვეყნის ცხოვრების დონე მსოფლიოს საშუალო სტანდარტზე დაბალია.

ცხოვრების დონის საერთაშორისო შედარებისთვის ხშირად ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელს იყენებენ (მსყიდველობითი უნარის პარიტეტი). ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი საერთაშორისო სტანდარტით, აშშ დოლარებში იზომება. საქართველოს ეს მაჩვენებელი 6000 აშშ დოლარის ფარგლებშია, რაც ერთ სულ მოსახლეზე საერთაშორისო საშუალო მონაცემს ბევრად ჩამოუვარდება.

არადა, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრად გაუმჯობესებაა. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურისთვის მთავარი რეიტინგი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაა და საერთო კეთილდღეობის ამაღლებაა.

„ჩემთვის მთავარი რეიტინგი მოსახლეობის ცხოვრების დონე და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაა. ამ მხრივ საქართველო მოწინავე პოზიციებზე არ არის. ჩვენი ამოცანაა, სწორედ აქ ვიყოთ უფრო წარმატებულები“, – განაცხადა ხადურმა.

სხვათა შორის, საქართველოში ცხოვრების დონის აღმასვლას ევროკავშირი დააკვირდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ იმედი გამოთქვა, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოსთან ინსტიტუციონალური თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება. გამარტივებული სავაჭრო ურთიერთობები კი ქვეყნებს ხელს შეუწყობს ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობისათვის სხვადასხვა მიმართულებით - განათლება, უსაფრთხოება, ენერგეტიკა და ა.შ.

„ჩვენ თქვენთან ერთად ვართ. ეს ერთობლივი ძალისხმევა, ერთობლივი გადაწყვეტილებაა. ჩვენ დაინტერესებული ვართ თქვენი წარმატებით, ჩვენთვის სასარგებლოა თქვენი სტაბილურობა და სიამოვნებით ვუყურებთ, რომ თქვენი ძალისხმევა ფასდება. ჩვენ დავაკვირდებით საქართველოში ცხოვრების დონის აღმასვლას“, - აღნიშნა ბაროზომ.