თუ თბილისის ბიუჯეტის პროექტი რეალური იქნება, ჩვენ მხარს დავუჭერთ

თუ თბილისის ბიუჯეტის პროექტი რეალური იქნება, ჩვენ მხარს დავუჭერთ

თუ საკრებულოს მიერ შემუშავებული თბილისის ბიუჯეტის პროექტი რეალური იქნება, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა განუცხადა. ამ წუთებში ირაკლი შიხიაშვილი საკრებულოს მიერ შემუშავებულ ბიუჯეტის პროექტს პაპუნა პეტრიაშვილთან ერთად განიხილავს. შეხვედრა საკრებულოში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრაზე შესვლამდე თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

პაპუნა პეტრიაშვილის განცხადებით, მერია მიესალმება საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საკრებულოს უმრავლესობამ პოზიცია შეიცვალა და ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას აპირებენ.

"იმედია, დღეს ჩვენ მოგვეცემა საშუალება საკრებულოს დაუღალავი შრომის შედეგად, შიხიაშვილის შედგენილ ბიუჯეტს გავეცნოთ. თუ ეს ბიუჯეტის პროექტი რეალური იქნება, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ", - აღნიშნა პაპუნა პეტრიაშვილმა.

მისივე განცხადებით, რეგულაციები კანონმდებლობით გაწერილია, თუ საკრებულოს მიერ შემუშავებული ბიუჯეტის ხარჯვის რეგულაციები მოქმედ კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგა, მერია ამ ბიუჯეტს მხარს დაუჭერს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულომ ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვერსია შეიმუშავა, რომელიც დედაქალაქის მერიას რეგულაციებს უწესებს.

"მე მინდა, მივმართო თბილისელებს და შევახსენო, რომ ქალაქ თბილისის მერიამ საკრებულოში შემოიტანა ოთხი ბიუჯეტი და ოთხივე უვარგისი, რის გამოც ის ჩავარდა. ქალაქ თბილისის საკრებულო ყოველთვის იჩენდა პრინციპულობას და იყო შეუვალი იმ საკითხში, რომ ქალაქს არ შეიძლებოდა ჰქონოდა ისეთი ბიუჯეტი, რომელიც არ იქნებოდა თბილისელების ინტერესზე ორიენტირებული. ჩვენ არ დავუშვით და არ მივიღეთ ისეთი ბიუჯეტი, რომელიც დასახარჯად სჭირდებოდა ბრალდებულ, ყოფილ მერს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ბიუჯეტი ყოფილიყო გამჭვირვალე, ბუნდოვანებისგან თავისუფალი. ყოველთვის საკრებულო იდგა მყარ პოზიციაზე, მაგრამ სამწუხაროდ, მის მიმართ ხორციელდებოდა არაერთგზის საბოტაჟური ქმედება, შავი პიარ-კამპანია, რომ ჩვენ მიგვეღო ისეთი ბიუჯეტი, როგორიც აწყობდა თბილისის ყოფილ და ბრალდებულ მერს დასახარჯად", - განაცხადა შიხიაშვილმა.