„შეიძლება, ყოველ წელს ასეთი შეცდომები დაუშვას „ერისიონმა“?

„შეიძლება, ყოველ წელს ასეთი შეცდომები დაუშვას „ერისიონმა“?

„მოსკოვის სცენაზე ქართული ცეკვების შესრულება აგვისტოს ომში დაღუპულთა საფლავებზე ცეკვის ტოლფასია“, - ასეთი შეფასება გაკეთდა ზუსტად ერთი წლის წინ „ერისიონის“ მიერ კრემლის სასახლეში გამართული კონცერტის გამო. დღეს კი უკრაინის მოვლენებმა გადაფარა ყველაფერი და „ერისიონისგან“ ამჯერადაც კრემლში გამოსვლისგან თავშეკავებას მოითხოვენ.

16 აპრილს მოსკოვში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით ინტერნეტით მოქალაქეების პეტიციაც გავრცელდა, რომლებიც „ერისიონისთვის“ სახელმწიფო ანსამბლის სტატუსის და დაფინანსების მოხსნას ითხოვენ:

„გვსურს, მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტსა და კულტურის სამინისტროს, მოუხსნათ ანსამბლ „ერისიონს“ სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი და შეუწყვიტოთ დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან ჩვენთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი, ჩვენი გადახდილი გადასახადებით შევსებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები ხმარდებოდეს „ერისიონის“ კრემლში გასტროლებს“, - ნათქვამია მოქალაქეების მიერ შედგენილ პეტიციაში, სადაც, ასევე, მავთულხლართების თემაც არის განხილული.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, „ერისიონმა“ რუსეთში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა.

როგორც For.ge-სთან საუბარში ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა აღნიშნა, კონცერტის გაუქმების (და არა გადადების) გადაწყვეტილება საპროდიუსერო კომპანიასთან შეთანხმებით პირადად მიიღო. უფრო მეტიც, მისი თქმით, ეს კონცერტი უშუალოდ მას არ დაუგეგმავს.

„ერისიონი“ ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება. ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებები და პასუხისმგებლობა გვაქვს და ვცდილობთ, ზედმეტად არ გავაღიზიანოთ ჩვენი პარტნიორები. ისინი ძალზე კარგი ადამიანები არიან. ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ყურადღებით უნდა მოვეპყროთ და სახელი არ გავიტეხოთ. არ უნდა დაგვწამონ, თითქოს, ჩვენ უპასუხისმგებლო ადამიანები ვართ“, - გვითხრა ჯემალ ჭკუასელმა.

დაეკისრება თუ არა „ერისიონს“ გარკვეული ჯარიმა ამ კონცერტის გაუქმების გამო, ჯემალ ჭკუასელი აღნიშნავს, რომ ამის შესახებ მომავალში განაცხადებს. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ კრემლში ამ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდებოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსული აგრესია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან მიმართებით პერიოდულად შეგვახსენებს ხოლმე თავს, საინტერესოა, როგორ უნდა მოიქცნენ ქართული ანსამბლები მსგავს სიტუაციებში?!

მომღერალი თამარ ჭოხონელიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ რუსები შეიძლება ყველაფერზე წავიდნენ და ანსამბლი „ერისიონი“ კრემლში წაუსვლელობის გამო დააჯარიმონ. თუმცა მომღერალი მაინც მიიჩნევს, რომ მსგავს სიტუაციებში რუსეთში წასვლა გაუმართლებელია, რადგან ქართული კულტურისგან სიამოვნების მიღება რუსებს ძალზე ზედმეტად მოუვათ.

„მაპატიოს ყველამ, თუკი ვაწყენინებ, მაგრამ არა მგონია, რომ იქ წასვლა ღირდეს. მეტისმეტია, რასაც რუსეთი აკეთებს და ყველანაირი ზნეობის იგნორირებას ახდენს. თავის დროზე არც იმდროინდელ კულტურის მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს უნდა მიემართა რუსი კოლეგა, ავდეევისთვის ქართული ანსამბლებისა და თეატრალური დასების რუსეთში ჩასვლის თაობაზე. შეიძლება, ეს მაშინაც გარკვეული პოლიტიკური სვლა იყო, მაგრამ არ მიმაჩნდა საჭიროდ. ჩაუბრძანდე იქ და რუსებს კონცერტი ჩაუტარო, ჩემთვის დღესაც მიუღებელია. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, დღეს ისე არეულია ყველაფერი, რასაც ვხედავ ქართულ კულტურასთან მიმართებით, რომ სრულიად დაბნეული ვარ. ვერაფრით გავიგე, რას აპირებენ ქართულ კულტურასა და ნიჭიერ ახალგაზრდებთან მიმართებით“, - აცხადებს თამარ ჭოხონელიძე.

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი აცხადებს, რომ კრემლში კონცერტის ჩატარება ძალიან დიდი შეცდომაა. მას უკვირს, გამუდმებით რატომ მოსდის ასეთი შეცდომები „ერისიონს“ და არ გამორიცხავს, რომ მათ მენეჯმენტში გარკვეული პრობლემები აქვთ.

„რა ვალდებულება, ვის წინაშე აქვს პასუხისმგებლობა „ერისიონს“? რას ავალდებულებენ, ძალით ჩამოდით და იცეკვეთო?! ეს ხომ სირცხვილია. როგორ შეიძლება, დღეს ადამიანი თავს იმართლებდეს, რომ ის ვიღაცის წინაშე ვალდებულია. ეს კონცერტი არ უნდა შედგეს. მიკვირს, ანსამბლის წევრებს რატომ აყენებენ ასეთ მდგომარეობაში ის ორგანიზატორები, ვინც ეს კონცერტი დაგეგმა. მიმაჩნია, რომ არცერთმა ქართულმა ანსამბლმა კრემლის დარბაზში არ უნდა იცეკვოს და იმღეროს. ეს დარბაზი მაინც სხვა რამესთან ასოცირდება და არ შეიძლება, ქართველი ერის მიმართ ასეთი დამოკიდებულება. შეიძლება, ყოველ წელს ასეთი შეცდომები დაუშვას „ერისიონმა“? მათი წარმომადგენლები ჩემი მეგობრები არიან. მაპატიონ, ასეთ განცხადებას რომ ვაკეთებ, მაგრამ არასწორი ნაბიჯია გადადგმული. სხვათა შორის, რუსთაველის თეატრში უნდა ჩამოსულიყო რომელიღაც თეატრი რუსეთიდან და მოვილაპარაკეთ, რომ ეს სპექტაკლები მოხსნილია. დღეს ისეთი დაძაბული სიტუაციაა, არ შეიძლება კონცერტების გამართვა. მეც ვმუშაობ ამ მიმართულებით, მაგრამ ადამიანი სულელი უნდა იყოს, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. არასდროს ქართველ ერს არ მივაყენებ ასეთ შეურაცხყოფას და არასდროს საქართველოში არ ჩამოვა ისეთი ადამიანი, ვისაც არ უყვარს ჩემი სამშობლო“, - აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა For.ge-სთან საუბარში.

მანვე განმარტა, „ერისიონთან“ მიმართებით არანაირი ფინანსური ვალდებულება არ უნდა არსებობდეს და, სავარაუდოდ, კონცერტის ჩაშლის გამო, ანსამბლი არ დაჯარიმდება. ამის მიზეზი კი არსებული საომარი ვითარებაა.

უფრო მეტიც, იგი მიიჩნევს, რომ თანამედროვე მსოფლიო უკრაინელ ხალხს გმირებად აღიარებს და ამ დროს ჩვენ ჩავდივართ და კრემლში ვტინგიცობთ.

„ეს ტინგიცშოუა. ქართველი მაყურებელი ბრძენია და მესმის ამ ადამიანების, რომლებმაც პეტიცია შეადგინეს და „ერისიონისგან“ კრემლის დარბაზზე უარის თქმას მოითხოვენ. თავის დროზე, აგვისტის ომის დღეებში არც გრიგოლ ვაშაძეს არ უნდა მიემართა რუსებისთვის კონცერტების გამართვის თაობაზე. პირველად ვამბობ თქვენთან, საქართველოს კულტურის პალატა მაისის ბოლოს გეგმავდა გარკვეულ დათბობით ღონისძიებებს რუსეთთან, მაგრამ ჩვენ ეს ღონისძიებები გადავდეთ. განა არ მესმის, თუ დიალოგი არ გაიმართა რუსეთთან, აბა, ისე როგორ ველაპარაკოთ? კულტურა მაინც პოლიტიკასთან არის ასოცირებული, მაგრამ დღეს მე ეს ყველაფერი მოვხსენი.რა თანხაც არ უნდა გადამიხადონ, კრემლის დარბაზში ამას არ გავაკეთებ“, - აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა.