ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა, თუმცა ოპოზიციას ყველგან კრიზისი ელანდება

ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა, თუმცა ოპოზიციას ყველგან კრიზისი ელანდება

ქვეყანაში ახალი თემის აგორების მცდელობაა. საქმე ეხება .. საბიუჯეტო კრიზისის გამოგონილ აჟიოტაჟს. 2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

2025 წლის იანვარ-მარტში დღგ-ის, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. ხაზინის მონაცემებით, აქედან ყველაზე დიდი ჩამორჩენა აქციზის ნაწილშია. ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშზე დაყრდნობით ოპოზიური მედიის ნაწილმა გაავრცელა.

ანგარიშის თანახმად, გადასახადების პირველი კვარტალის საპროგნოზო მოცულობა 5.3 მლრდ ლარი იყო, ხოლო მიღებულმა თანხამ 5.4 მლრდ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 102.3% შეადგინა.

პირველ კვარტალში კი გადასახადების მიხედვით შესრულება ასეთი იყო:

- საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 1.85 მლრდ ლარი, მიღებულია 1.87 მლრდ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 101.3%;

- მოგების გადასახადის სახით მიღებული შემოსავლების მოცულობამ 821 მლნ ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მოცულობის 850 მლნ ლარის 96.6%-ია.

- დამატებული ღირებულების გადასახადი საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 1.88 მლრდ ლარი, ფაქტიურად მიღებულია 1.87 მლრდ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 99.4%.

- აქციზის სახით მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 490.5 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის 560 მლნ ლარის, 87.6%–ია.

- იმპორტის გადასახადი საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 35 მლნ ლარი, მიღებულმა შემოსავალმა კი 31.3 მლნ ლარი, რაც გეგმის 89.5%–ია.

- სხვა გადასახადების სახით მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-მარტში შეადგინა 339.5 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის, 130 მლნ ლარის 261.2%-ია.

გავრცელებულ ინფორმაციას სწრაფად გამოეხმაურა ფინანსთა სამინისტრო. ლაშა ხუციშვილის უწყებაში მიანიშნებენ, რომ იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი მაჩვენებლების შესახებ მიზანმიმართულ სპეკულაციებს აქვს ადგილი.

გვსურს, გამოვეხმაუროთ მიზანმიმართულ სპეკულაციებს იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი მაჩვენებლების შესახებ, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მთლიანობაში, როგორც სახელმწიფო, ისე ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებისა და გადასახადების ფაქტობრივი მაჩვენებლები გადაჭარბებით შესრულდა, გადასახადების ზოგიერთ სახეობაში, ფაქტობრივი მაჩვენებლის საპროგნოზო მაჩვენებელთან ჩამორჩენის მიუხედავად.

2025 წლის პირველ კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა 6.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 102.1% იყო. მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები 6.1 მილიარდი ლარია, რაც საპროგნოზო მაჩვენებელზე (6.0 მილიარდი ლარი) 118 მილიონი ლარით მეტია და 102.0%- შეადგენს.

გადაჭარბებით შესრულდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა. კერძოდ, იანვარ-მარტში მიღებულმა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინა პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის (5.6 მილიარდი ლარი) 102.1% – 5.7 მილიარდი ლარი. მათ შორის, გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენდა 5.3 მილიარდ ლარს, ხოლო ფაქტი 5.4 მილიარდი ლარია, რაც გეგმის 102.3%- შეადგენს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამური შემოსულობების ფაქტიურმა მაჩვენებელმა 6.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მოცულობის 100.5%-ია. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი ბიუჯეტების ნაშთებზე განთავსებული იყო შესაბამისად, 1.7 მილიარდი და 0.7 მილიარდი ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ არა თუ ბიუჯეტის დაგეგმილი მაჩვენებლის შესრულებას არ აქვს არავითარი პრობლემა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სრულდება გადაჭარბებით და საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული ვარაუდები არის მორიგი სიცრუე და სპეკულაცია, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამთავრობო უწყების პოზიციას იზიარეებს ეკონომისტი ოთარ ანგურიძეც. მისი შეფასებით, მთლიანობაში ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებმა 102%- გადააჭარბა, რაზეც, ყურადღება არ გამახვილებულა, არც სტატიაში და არც ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა შეფასებებში.

ცოტა ცინიზმია, ან/და სხვა შეგნებული დეზინფორმაცია, როცა მოგების გადასახადის შემცირებაზე ვსაუბრობთ და მიზეზებს არ ვიკვლევთ. მაშინ, როდესაც ჯერ არ ვიცით რეინვესტირების მაჩვენებელი როგორი იყო პირველ კვარტალში. იქნებ დაგვეცადა და გვენახა ხომ არ არის რეინვესტირების მაჩვენებელი გაზრდილი? ჩვენი კანონმდებლობით მოგების გადასახადით არ იბეგრება რეინვესტირებული მოგება. შესაბამისად, პოლიტიკოსების მოტივი არა სიმართლის და მიზეზის გარკვევა, არამედ აჟიოტაჟი და ცრუ განგაშის ატეხაა. ასეთი ხომ წარსულშიც არაერთი ყოფილა.

ასევე, საუბარია აქციზიდან მიღებული შემოსავლების შემცირებაზე და ამ დროს ეს ის ხალხია, რომელიც მუდმივად აქციზის გადასახადის შემცირებაზე საუბრობენ და დღეს აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ გადასახადის გადახდა გახდა ეკონომიკური პრობლემების პარადიგმა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მთლიანობაში ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებმა 102%- გადააჭარბა, რაზეც რა თქმა უნდა ყურადღება არ გამახვილებულა, არც სტატიაში და არც პოლიტიკოსთა შეფასებებში. რადგან მათი წარმატების იმედი მოსახლეობაში შიშისა და სახელმწიფოს მიმართ უნდობლობაზე გადის, - დაწერა ოთარ ანგურიძემ.

საერთოდ ბიუჯეტი ფასდება მთლიანი საშემოსავლო მუხლებით. ამ მხრივ კი, როგორც პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ აღნიშნა, მთლიანი შემოსავლები, ისე საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო პარამეტრები გადაჭარბებით შესრულდა.

საყურადღებოა ისიც, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი უარყოფითი სალდო დაგეგმილზე 4.1-ჯერ ნაკლები იყო, რაც რაიმე კრიზისულ ბაზისს მთლიანად აქარწყლებს და საბიუჯეტო სახსრების მაღალ ეფექტიანობასა და სამობილიზაციო შესაძლებლობაზე მიუთითებს, ხოლო ოპოზიციის კატასტროფულად დაბალი რეიტინგები მიუთითებს, რომ მათ მიერ ტყუილების ტირაჟირება მათთვისვეა უარყოფითი შედეგის მომტანი.

"ზოგადად ქართული ოპოსპექტრის მთავარი მახასიათებელი არის ნეგატივის პროპაგანდა. მათთვის მნიშვნელობა არა აქვს თუ რაიმე უარყოფითი მოვლენა მოსახლეობის რა სოციალურ ფენას შეეხება.

ერთი ამბავი აქვთ ატეხილი საბიუჯეტო კრიზისზე 2025 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკეული პარამეტრების შეუსრულებლობის გამო. ამ დროს ბიუჯეტი ფასდება მთლიანი საშემოსავლო მუხლებით, როგორც მთლიანი შემოსავლები, ისე საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო პარამეტრები გადაჭარბებით შესრულდა შესაბამისად, 102.1% და 102.3%, რაც საპროგნოზო პარამეტრებზე 119.2 მლნ ლარით და 120.5 მლნ ლარით მეტია.

მართალია, ამ პერიოდში საპროგნოზო პარამეტრებზე ვერ გავიდა ისეთი გადასახადების ამოღება, როგორებიცაა დამატებული ღირებულების გადასახადი (შესრულდა 99.4%-ით), მოგების გადასახადი (96.6%), იმპორტის გადასახადი (89.5%) და აქციზი (87.6%), თუმცა საპროგნოზო პარამეტრებს საგრძნობლად გადააჭარბა საშემოსავლო გადასახადებმა (+1.3%), რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტის ყულაბაში დამატებით 74.5 მლნ. ლარი შეიტანა.

სენსაციური თემის აგორება გასაგებია, მაგრამრომელ ეკონომიკის ჩამოშლაზე ან საბიუჯეტო კრიზისზეა საუბარი, როდესაც საშემოსავლო გადასახადების ხაზით საპროგნოზო მაჩვენებლები გადაჭარბებით არის შესრულებული და ამ სახის გადასახადებზე მოდის ქვეყნის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ერთი მესამედი, ხოლო მისი მოცულობა წინა წლის საშუალო კვარტალურ მაჩვენებელს დაახლოებით 18 პროცენტით აღემატება!

რაც მთავარია, 2025 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი უარყოფითი სალდო დაგეგმილზე 4.1-ჯერ ნაკლები იყო (-155.8 მლნ ლარი, ნაცვლად 641.7 მლნ ლარის), რაც რაიმე კრიზისულ ბაზისს მთლიანად აქარწყლებს და საბიუჯეტო სახსრების მაღალ ეფექტიანობასა და სამობილიზაციო შესაძლებლობაზე მიუთითებს.

ან როგორ არ დაიღალნენ ამდენი ტყუილების ტირაჟირებით, მათი კატასტროფულად დავარდნილი რეიტინგებიც ხომ ამ სტრატეგიის გამოძახილია! - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.