როგორ დაისჯება არჩევნებზე ყალბი პირადობის მოწმობით მისული პირი?

როგორ დაისჯება არჩევნებზე ყალბი პირადობის მოწმობით მისული პირი?

"საარჩევნო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, არჩევნებისას, ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტისა და საარჩევნო სიაში მისი ფოტოსურათის შეუსაბამობის შემთხვევაში, პირს შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს. დეტალების დასაზუსტებლად "ალია" იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს დაუკავშირდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით როგორ დაისჯება არჩევნებზე ყალბი პირადობის მოწმობით მისული პირი?

"ჩემი აზრით, ეს ნორმა იქნება ძალიან სერიოზული პრევენცია იმისა, რომ ვერავინ გამოიყენოს სხვისი საბუთი, ან გააყალბონ დოკუმენტები. ამის გამკეთებელს დაეკისრება 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. დღესაც არის ასეთი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში, ოღონდ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საკმაოდ ადვილად ხდება შესაძლებელი დამრღვევის გამოვლენა. ამის საფუძველი არის ის, რომ ამომრჩეველთა სიაში, რომელიც უბანში იქნება, ყოველი ამომრჩეველის გვარის წინ იქნება ამ ამომრჩევლის ის ფოტოსურათი, რომელიც არის სამოქალაქო რეესტრში. რაც შეეხება გარეგნობის შეცვლას, ამაზე ასე მოგახსენებთ: დღეს თქვენ ბანკშიც მიდიხართ, ან სასტუმროში, სადაც თქვენი პირადობის მოწმობა წარგიდგენიათ ხო? შავ-თეთრ სურათს რომ უყურებთ, ვერ ცნობთ ადამიანს შავ-თეთრი სურათით? როცა ადამიანი იცვლის გარეგნობას და ამის გამო მას ექმნება პრობლემა, მაგალითად, ბანკში არ მისცემენ რაღაცას, ან საზღვარს ვერ გადაკვეთავს, ამ შემთხვევაში ხომ მიდის ის ადამიანი და იღებს ახალ პირადობის მოწმობას? სიაში კი ის სურათი იქნება, რომელიც ბოლოს დაიდო სამოქალაქო რეესტრში. ასეთი სია იქნება იქ. როდესაც ადამიანი მიდის, საბუთს წარადგენს, იქაც ხომ ჩაკრულია ფოტოსურათი? კომისიის წევრი, ვინც ი ზის, რეგისტრატორი, დამკვირვებლები, ვინც იქ არიან, ისინი შეადარებენ ამ ადამიანის სახეს ამომრჩეველთა სიაში არსებულ სურათს", - აცხადებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე.

"თუ თქვენ არ გინდათ გაკონტროლება და უბანზე ხართ, მაშინ არ გააკონტროლებთ, მაგრამ ვინც დაინტერესებულია იმაში, რომ "კარუსელები" არ დატრიალდეს, ისინი ხომ მიაქცევენ ყურადღებას. საარჩევნო უბანში, კომისიის წევრებს რომ დავანებოთ თავი, ყოფნის უფლება აქვს ყველა პარტიის მიერ დანიშნულ თითო დამკვირვებელს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და როგორ ფიქრობთ, მათ შორის ერთი-ორი მაინც არ აღმოჩნდება ისეთი, ვინც იქნება დაინტერესებული, რომ სხვამ თავის სასარგებლოდ არ გააყალბოს არჩევნები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

"გარწმუნებთ, ეს სია უკვე მაისისთვის იქნება გაწმენდილი გაორებისგან. ამის მერე რა მოხდება, აგიხსნით. თუკი რომელიმე პირმა ეჭვი შეიტანა, რომ ეს ის კაცი არ არის, რომელიც სიაშია, მაშინ ის მოიწვევს საუბნო კომისიის თავმჯდომარეს, ისიც შეამოწმებს ამას და თუკი თავმჯდომარეც მიიჩნევს, რომ ეს მართლაც სხვა ადამიანია, მაშინ გამოიძახებენ პოლიციას და ამ პირს გადასცემენ მათ ვინაობის დასადგენად. ხომ შეიძლება შეცდნენ უბანზე, ერთსაც შეეშალა, მეორესაც, მესამესაც, პოლიცია რომ შეამოწმებს ამ პირის ვინაობას, რაც საკმაოდ ადვილი დასადგენია", - დაშძენს რესპონდენტი.