სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, მისმა ქვეყანამ, შესაძლოა, ნატო დატოვოს და ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსით უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ფიცოსთვის აშშ-ის მიერ თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდის მოთხოვნაა.
როგორც ფიცომ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, სლოვაკეთისთვის მშპ-ის 5% 7 მილიარდი ევროა, რაც ბიუჯეტის თითქმის მეხუთედია.
თუ ეს ასე მოხდება, როგორც ფიცო ირწმუნება, სლოვაკეთს ჯანდაცვის, განათლების და სოციალური დაცვის რიგ პროგრამებზე უარის თქმა მოუწევს.
„აშშ-მა საწევროს მშპ-ის 5%-მდე გაზრდა გადაწყვიტა. ჩვენ მარტივი გადაწყვეტილება გვაქვს. ან ჩვენ ვიხდით ახალ საწევროს (შვიდ მილიარდ დოლარზე მეტს!) იმ პირობით, რომ აღნიშნულ ფულს ჩვენ ვხარჯავთ თავდაცვაზე ჩვენი შეხედულებისამებრ, განსაკუთრებით ორმაგი დანიშნულების პროექტებზე, ისეთებზე, როგორიცაა საავადმყოფოები და გზები, ან ნატოს ვტოვებთ. სრულიად აბსურდულია ბიუჯეტის თითქმის მეხუთედის ხარჯვა თავდაცვაზე. ჩვენ ამის ფული არ გვაქვს“, - დაწერა ფიცომ.