პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება თუ ვალდებულებების შეუსრულებლობა? - რეჟისორ დავით დოიაშვილის „ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებამ მსახიობების და დასის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. მათ აქვთ განცდა, რომ დოიაშვილი პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს, ამიტომ მის გაშვებას არ აპირებენ და ამტკიცებენ, რომ ის მუშაობას ისევ გააგრძელებს. თუმცა კულტურის სამინისტროზე დაყრდნობით, დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი ვალდებულებების შეუსრულებლობაა, რაზეც მან გაფრთხილება არაერთხელ მიიღო.
„სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“, - აცხადებენ სამინისტროში.
„ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი“ საპროტესტო ტალღაშია ჩართული თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დაკავების გამო - მსახიობი პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილეა, მას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება და მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.
დოიაშვილს სოლიდარობას ოპოზიციაშიც უცხადებენ. მის გათავისუფლებას ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ეხმიანება.
„სოლიდარობა ბრწყინვალე დათო დოიაშვილს და თეატრის უნიჭიერეს დასს. ეს თეატრი მაშინ დაჩაგრეს პირველად, როდესაც მათთვის განკუთვნილი შენობა რიყეზე არ მისცეს და საწყობად აქციეს და ახლა საბოლოოდ ანადგურებენ. ჩემი მხარდაჭერა მათ, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.
„ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის პოზიციიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების მიზეზს კი კულტურის მინისტრის მოადგილე განმარტავს. ბექა დავითულიანის თქმით, ნოემბრიდან თეატრში სპექტაკლები აღარ იდგმებოდა, რაც დაუშვებელია.
მისი განცხადებით, კულტურის სამინისტროს მრავალჯერადი მიმართვის მიუხედავად, არაფერი შეცვლილა, რის გამოც უწყება იძულებული გახდა, რომ შესაბამისად ემოქმედა.
„წარმოიდგინეთ, რომელიმე სასწავლო დაწესებულება - სკოლა, ინსტიტუტი იტყვის, რომ „მე ამ სკოლაში რაღაცას ვაპროტესტებ, თქვენ დაფინანსება, ხელფასები იხადეთ, ჩვენ სასწავლო პროცესს ჩავშლით თვეების განმავლობაში. ამას სახელმწიფო რეაგირების გარეშე ხომ ვერ დატოვებს? ისევე ვერ ტოვებს კულტურის სამინისტრო რეაგირების გარეშე მაგალითად, ამ კონკრეტული თეატრის უმოქმედობას ბოლო 5-6 თვის განმავლობაში. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, შემოქმედებითი პროცესი თეატრში არ აღმდგარა, ასევე მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან უწყვეტი დაფინანსება ჰქონდა, 1 200 000 აქვს სახელმწიფოსგან გამოყოფილი“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
დედაქალაქის მერმა კი მედიასთან საუბრისას, განაცხადა, რომ პოლიტიკურად განსხვავებული პოზიცია და პროტესტიც მისთვის მისაღებია, თუმცა სადაც ხარ, იქ უნდა იმუშაო და კონკრეტულ მიმართულებას მიხედო.
„განსხვავებული აზრი უამრავ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ჩემს უწყებაშიც არიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ. შეუძლებელია, რომ ყველას ერთნაირი აზრი გააჩნდეს. რაც შეეხება დოიაშვილის მოხსნას, ამის საფუძველი არ ვიცი რა იყო. თუმცა, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვუყურებ, ვიტყვი, რომ თუ დოიაშვილს პოლიტიკაში მოსვლა უნდა, შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება. თუ ხარ იქ, სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და იმ კონკრეტულ მიმართულებას მიხედო. პროტესტი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იმუშაო, არ გააკეთო შენი გასაკეთებელი.
წლების განმავლობაში დავით დოიაშვილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს სათავეში ედგა. შეიძლება ადამიანს განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს, ეს ჩემთვის იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მტრები ვართ, თქვენ ნუ უყურებთ იმ რადიკალურ დაჯგუფებებს, დღეს ქუჩაში რომ არიან წარმოდგენილნი აგენტურის სახით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან ამბობს, რომ დავით დოიაშვილი ყოველთვის მიხეილ სააკაშვილის კარის რეჟისორად მოიაზრებოდა. 2004 წელს ის სააკაშვილმა დანიშნა თეატრის დირექტორად და დღემდე ამ თანამდებობას იკავებდა.
„რატომ ჰგონიათ მის მხარდამჭერ მსახიობებს, პოლიტიკოსებს თუ სხვა გულშემატკივრებს, რომ თუ არ ასრულებდა თანამდებობაზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც 4 თვეზე მეტი გრძელდება, ამის გამო პასუხი არ უნდა ეგო?! დოიაშვილმა ამ ხნის განმავლობაში თეატრში არ დადგა სპექტაკლი და საერთოდ თეატრი ყველანაირ სამუშაო გარემოს მოწყვიტა. ამიტომ მაინტერესებს, რატომ არის დოიაშვილი უკანონოდ გათავისუფლებული? კერძო სექტორში რომელ თანამშრომელს, თუნდაც მენეჯერს, დირექტორს აპატიებენ მსგავს საქციელს? დოიაშვილი რამდენჯერმე გააფრთხილეს, მიუხედავად ამისა, მან გააგრძელა თეატრის პარალიზება და როგორ შეიძლება ეს პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებად ჩაითვალოს. რატომღაც ძველი თაობის მსახიობებისგან არ მახსენდება პროტესტი და ამგვარი გაფიცვა, როცა რუსთაველის თეატრს რობერტ სტურუა ჩამოაშორეს. მაშინ ზოგ-ზოგიერთებს პირში წყალი ჰქონდათ ჩაგუბებული, ახლა რომ ლაპარაკობენ ავტოკრატიაზე და ტელევიზიებიდან და ქუჩიდან თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, ეს როგორ ხდება? სად არის აქ ავტოკრატია და პოლიტიკური ნიშნით დევნა? დიქტატურასა და ავტოკრატიაზე გვესაუბრებიან და ამ დროს ქუჩაში ყოველ საღამოს რუსთაველზე დგანან; ყველა მედიასაშუალებაში არიან და ლაპარაკობენ იმას, რაც უნდათ. შესაბამისად, ეს ტყუილები ხალხისთვის უკვე დაუჯერებელია და თვალებში ნაცარს ვერავის ვეღარ შეაყრიან“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ეს მარგინალური პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები უნდა შეეჩვიონ, რომ უფლებები არსებობს და კანონით, კონტრაქტით გაწერილი მოვალეობები, რომლის არშესრულების შემთხვევაში დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.
„არავის აინტერესებს წარსულში ვინ რა ღვაწლმოსილი რეჟისორი იყო, დამსახურებული ექიმი თუ პედაგოგი. თუ ის არ ასრულებს მოვალეობებს, ამის გამო არაერთხელ გააფრთხილეს დამქირავებლებმა, მისმა ზემდგომებმა, მისი გათავისუფლება არის ლეგიტიმური. აქ ნებისმიერი ინსინუაცია არის მიუღებელი. ზოგადად, ხელოვნების წარმომადგენლები მთავრობებთან დაპირისპირებულები არიან და ეს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება.
თუმცა როცა მსახიობი, რეჟისორი, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი, ექსტრემიზმზე გადადის, თავს ესხმის პოლიციელს, პარლამენტის შენობას აზიანებს, არაკანონიერად იქცევა, ის კანონის წინაშე პასუხს აგებს. პატივს ვცემ ისეთ ხელოვანებს, რომლებიც საკუთარ პროტესტს საკუთარი ნამუშევრებით გამოხატავს. ასე აკეთებდა რობერტ სტურუა, რომელიც თავის პროტესტს ხელოვნებით გამოხატავდა. ის სწორედ ამიტომ დაისაჯა. ესენი კი იაფფასიანი პერფორმანსებით არიან დაკავებულები. ამიტომაც არის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისგან მათ მხარდაჭერა არა აქვთ“,-ამბობს აბაშიძე.